15:27:54

Share |

116 წლის ქალი დახმარების გარეშე

116 წლის ქალი დახმარების გარეშეეთერ ბედოშვილი პირადობის მოწმობის მიხედვით 116 წლის არის. ერთ წელზე მეტია დუშეთის რაიონის სოფელ ნოკორნადან საცხოვრებლად რუსთავში, შვილთან გადავიდა. ხუთსულიანი ოჯახი ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის ერთ-ერთ ოთახში ცხოვრობს. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ოჯახს სოციალური დახმარება არ აქვს.

საცხოვრებელი ოთახის კარ - ფანჯრებზე მუყაოს ქაღალდებია აკრული, სახურავიდან წყალი ჩადის, ელექტროენერგია მეზობლიდან აქვთ. შენობაში ბუნებრივი აირი საერთოდ არ არის. ვარდო ბედოშვილი და მისი პენსიონერი მეუღლე, ხის ტოტებს გასათბობად მდინარის პირას აგროვებენ. ცოტა ხნის წინ, მეზობელმა ცოტა შეშაც აჩუქა და ახლა იმით თბებიან.

„ხეობაში ვცხოვრობდი. იქიდან იმიტომ წამოვედი რომ ავად ვიყავი, აღარ შემეძლო. იქ არავინ მყავს. ეს ერთი შვილი მყავს და წამომიყვანა. აქ ძალიან გვიჭირს, დახმარებაც მომიხსნეს.

- დახმარება რატომ მოგიხსნეს?

- დუშეთიდან რომ წამოვედი, მერე აღარ მოვიდა დახმარება. მიჭირს, წამალი რით ვიყიდო? მგონი ერთი წელია რაც მოხსნილი მაქვს, რაც აქ ჩამოვედი. იქ ვერ დავრჩებოდი, არავინ არ იყო შეშის მომტანი, როგორ დავრჩებოდი იქ. ჯანმრთელად რომ ვიყო, სოფელში ცხოვრება მირჩევნია, შევინახავდი ჩემს თავს. პენსია მაქვს, რამდენი, არვიცი. წამლებს ვყიდულობ. ყველაფერი მტკივა უკვე, თავი, მუხლები. ყურთაც დამაკლდა და მხედველობაც. სიარულიც მიჭირს. მეორე წელია ჯოხებით დავდივარ. სოფელი მენატრება, მარა იქ როგორ წავიდე“.

ვარდო ბედოშვილი, ეთერ ბედოშვილის შვილი: „რუსთავში სახლი გვქონდა, მაგრამ გავყიდეთ. ჩემს ბიჭს ავარია მოუვიდა, 2 მანქანა დაიმტვრა. იმ მანქანების გაკეთების ფული არ გვქონდა და სახლი გავყიდეთ. დავრჩით უსახლკაროდ. მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ. მერე ბიჭი დაიჭირეს. ავად არის. სასმელს როცა დალევდა, თავს ვერ აკონტროლებდა. ქურდობაზე გაასამართლეს და 5 წელი მიუსაჯეს. 2 წელი და 3 თვეა ციხეშია. ძალიან გვიჭირს. ბევრჯერ დედისთვის შემინახია საჭმელი და მე მშიერს დამიძინია.

- სოციალური დახმარება რატომ არ დაგენიშნათ, რა გითხრეს?

- შემოწმებაზე იყვნენ და ყველაფერი ნახეს, მაგრამ დახმარება არ მოგვცეს. მერე იმ ახალგაზრდას შევეკითხე, მეზობელთანაც იყო მოსული, შვილო, რა ჩაწერეთ ამისთანა მეთქი, რაც იყო, ის ჩავწერე და არვიცი დახმარება რატომ არ დაგენიშნათო. გავანებე თავი, რაღა უნდა მექნა, მე ჩხუბის თავი არ მაქვს.

- რუსთავის ხელისუფლებისთვის არ მიგიმართავთ დახმარებისთვის, ან დედათქვენს დუშეთის ხელისუფლება არაფრით ეხმარება?

- შეშა რომ მოეცათ, რუსთავის მერიაში განცხადება დავწერე. რიგში ჩადექიო. ჩავდექი, მაგრამ აქამდე არაფერი მოუციათ. დუშეთის გამგეობამ გასულ წელს მხოლოდ 100 ლარი გამოუგზავნა დედაჩემს. არაფერი სხვა დახმარება ჩვენ არ გვაქვს. ხშირად პურიც არ გვაქვს. ამიტომ, ჩემი რძალი და შვილიშვილი სოფელში დედასთან წავიდნენ და იქ არიან“.

ბედოშვილების პრობლემით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ დაინტერესდა. ორგანიზაცია „აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით მცხეთა - მთიანეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების ადვოკატირების პროექტს ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ეთერ ბედოშვილი ამჟამად რუსთავში ცხოვრობს, ადგილზე სოციალურ - ეკონომიკური პირობების გაცნობის შემდეგ, ორგანიზაციის იურისტებმა გადაწყვიტეს, ოჯახს სამართლებრივი დახმარება გაუწიონ, რომ სოციალური დახმარებით სარგებლობა შეძლონ.

„ოჯახი თავისი სოციალურ - ეკონომიკური პირობებით აკმაყოფილებს აბსოლუტურად ყველა პირობას, რომ სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამაში იყოს ჩართული და საარსებო შემწეობით სარგებლობდეს. ჩვენ უკვე დავუკავშირდით სოციალური მომსახურების სააგენტოს და დავინტერესდით, რატომ არ აქვს ბედოშვილების ოჯახს სოციალური დახმარება. ამასთან, დემოგრაფიული ცვლილების, კერძოდ, იმიტომ, რომ უკიდურესი გაჭირვების გამო ოჯახის 2 წევრი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური პირობები სააგენტომ ვადაზე ადრე უნდა გადაამოწმოს“, - განუცხადა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ იურისტმა ლია ხუროშვილმა.

ეკა ალავიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი: „მას შემდეგ, რაც მოგვმართეთ, სოციალურმა აგენტმა უკვე გადაამოწმა აღნიშნული ოჯახი, სარეიტინგო ქულა 20 დღეში დაითვლება“.

დღეს მოქმედი ნორმით, ოჯახს ფულადი სოციალური დახმარება ენიშნება იმ შემთხვევაში, თუ სარეიტინგო ქულა 57 ათასს არ აღემატება, სამედიცინო დაზღვევის პოლისი კი ოჯახს იმ შემთხვევაში ეძლევა, თუ სარეიტინგო ქულა 70 ათასზე მეტი არ არის.

ქეთი ქაშიაშვილი | მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

 

116 წლის ქალი დახმარების გარეშე

სტატია მომზადებულია პროექტის „სოციალურად დაუცველი ადამიანების ადვოკატირება მცხეთა - მთიანეთში“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მიერ. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატია არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. 

 

 

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ფირნიშები

ვიდეო

აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე

 

ვიდეო

უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ

ფოტო რეპორტაჟი

News image

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“

გამოკითხვა

როგორ აფასებთ თანამდებებობზე დანიშვნებს ნათესაური ნიშნით?
  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 22.05.13
22:00-01:00
Fairfrom north-northeast16°C0.8m/s
0mm
ხუთშაბათი 23.05.13 13:00-19:00
Partly cloudyfrom east-northeast22°C0.4m/s
0mm
პარასკევი 24.05.13 13:00-19:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C1.9m/s
0mm
შაბათი 25.05.13 10:00-16:00
Partly cloudyfrom south-southeast20°C1.2m/s
0.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy