რა ხდება დავით გარეჯში
ორშაბათი, 14 მაისი 2012 09:29
ბოლო სამი დღეა საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს აქვთ ბლოკირებული. სინამდვილეში რა ხდება დავით გარეჯში, რა შეიცვალა 6 მაისის შემდეგ, სად შეზღუდეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ტურისტებისა და მომლოცველების გადაადგილება?
„მაესტრო“, „მეცხრე არხი“, „ქართული ოცნება“ და დაანონსებული აქცია
11 მაისს, ტელეკომპანია „მაესტრომ“ მღვდელ - მონაზონ კირიონზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 6 მაისის შემდეგ, დავით გარეჯის ლავრის უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განლაგდნენ. სასულიერო პირის განმარტებით, მესაზღვრეები ამ ტერიტორიაზე უკვე უცხოელ ტურისტებსაც აღარ უშვებენ.
12 მაისს, ამავე თემაზე სიუჟეტი ტელეკომპანია „,მეცხრე არხმა“ მოამზადა. „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ვითარება ისევ დაიძაბა. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მონასტერთან პატრულირებენ და მომლოცველებსა და ვიზიტორებს გადაადგილებას უკრძალავენ. აზერბაიჯანელები ჯერჯერობით მხოლოდ ქართველ ბერებს ატარებენ. ავტომატიანი მესაზღვრეები და აზერბაიჯანელების მიერ ბლოკირებული დავით გარეჯი“, - ამბობს გადაცემის წამყვანი.
ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაზე სიუჟეტს ასე იწყებს: აზერბაიჯანელი მესაზღვრე უძველესი ქართული ტერიტორიის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დატოვებას გვაიძულებს. გვეუბნება, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის და რომ მას ზემოდან უბრძანეს, არავინ შეუშვას. იქაურობის დატოვება ჩვენთან ერთად უცხოელ ტურისტებს და ქართველ მომლოცველებს მოუწიათ. ჟურნალისტი იმასაც ამბობს, რომ საზღვარი, რომელზეც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საუბრობენ, რეალურად სამონასტრო კომპლექსიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს, თუმცა 6 მაისს, მათ გაურკვეველი ბრძანების საფუძველზე კომპლექსის ტერიტორია დაიკავეს და სასულიერო პირების გარდა არავის უშვებენ.
სიუჟეტის დასასრულს ავტორი აცხადებს: „სანამ ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები საზღვრის დადგენის შესახებ კაბინეტებში მიმდინარეობს, შესაძლოა, საქართველო დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის გარეშე დარჩეს“.
13 მაისს, დავით გარეჯში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზვიად ძიძიგური, სოზარ სუბარი და ელისო ჩაფიძე ჩავიდნენ.
„ჩვენ რომ ჩავედით იქ, მოცვივდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები, კუდ-ის, სოდ-ის და პოლიციის წარმომადგენლები. ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ სოფელ უდაბნოს მაცხოვრებლები, ასევე სასულიერო პირები. ჩვენ ვცდილობდით სიტუაციაში ადგილზე გარკვევას. ამ დროისთვის მომლოცველებს და ტურისტებს მხოლოდ ერთ ეკლესიაში შესვლის უფლება აქვთ, სადაც დავით გარეჯელია დაკრძალული. თხემზე, სადაც სენაკებია განთავსებული და უნიკალური მხატვრობაა, ბერების გარდა არავის არ უშვებენ. ჩვენ გვინდოდა იქ ასვლა, მაგრამ ქართველმა მესაზღვრეებმა ამის საშუალება არ მოგვცეს. ვითხოვთ პასუხს კითხვაზე, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება საიმისოდ, რომ დავით გარეჯი დავიბრუნოთ“, - განუცხადა ელისო ჩაფიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
გუშინვე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დავით გარეჯის დაბრუნების მოთხოვნით“, 20 მაისს, თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მსვლელობა 14:00 საათზე ვაკის პარკიდან დაიწყება, გადაინაცვლებს ყიფშიძის ქუჩაზე აზერბაიჯანის საელჩოსთან და გაგრძელდება ჭავჭავაძის გამზირზე. მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება. „აქციის ძირითადი მოთხოვნაა საქართველოს ხელისუფლებამ და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა სატელევიზიო არხებმა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ სრულფასოვანი ინფორმაცია დავით გარეჯის კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით; ასევე, საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა და პრეზიდენტმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დავით გარეჯის მონასტრის დეოკუპაციისთვის“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
დავით გარეჯის შესახებ
დავით გარეჯი სამონასტრო გამოქვაბულების კომპლექსია. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარეჯის კლდოვან მთებში. კომპლექსი VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ დავითმა დაარსა. სამონასტრო კომპლექსი 10-ზე მეტი მონასტრისგან შედგებოდა. კომპლექსის ნაწილი, კერძოდ - ბერთუბანი და ჩიჩხიტური, ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა მოქცეული. დანარჩენი ნაწილი - დავითის ლავრა, დოდოს რქა და ნათლისმცემელი საქართველოს ტერიტორიაზეა.
აქამდეც რამდენჯერმე და ახლაც სადავო გახდა ის ტერიტორია, სადაც უდაბნოს მონასტერი მდებარეობს. მონასტერი კლდეში გამოკვეთილ მრავალ ეკლესიასა და სენაკს მოიცავს და რამდენიმე ასეულ მეტრზეა გაშლილი. მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის ეკლესიაა. მონასტერში შემორჩენილია მე-10 - მე-14 საუკუნეებში შესრულებული უნიკალური ფრესკები. რამდენიმე წელია უდაბნოს მონასტერში სამონასტრო ცხოვრება აღარ მიმდინარეობს. დაახლოებით 6 წლის წინ, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართველ ბერებს უდაბნოს მონასტრის სენაკებში ცხოვრების უფლება შეუზღუდეს, თუმცა 2012 წლის 6 მაისამდე უდაბნოს მონასტრის დათვალიერება და მოლოცვა თავისუფლად იყო შესაძლებელი. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მონასტერთან ახლოს აქამდეც პატრულირებდნენ, თუმცა ისინი არ სცდებოდნენ რკინის იმ კონსტრუქციას, რომელიც კლდეში გამოკვეთილ ეკლესიებსა და სენაკებს სიგრძეზე გასდევს. ამ კონსტრუქციას, გარდა იმისა, რომ მას ტურისტები მოსაჭიდებლად იყენებდნენ, ე.წ. პირობითი საზღვრის ფუნქციაც ჰქონდა.
დაუდგენელი საზღვარი
საქართველო - აზერბაიჯანს შორის საზღვარი დადგენილი ამ დრომდე არ არის. ორი ქვეყნის საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია 1993 წლიდან მუშაობს. კომისიის მონაცემებით, 19 წლის განმავლობაში საზღვრის დაახლოებით 65% (300 კმ) დაზუსტდა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების საერთო სიგრძე აზერბაიჯანთან 446 კილომეტრია.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მხარეები ძირითადად საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოცემული ტოპოგრაფიული რუკებით სარგებლობენ, რომლებზედაც მოცემულია ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურში არსებობს 1:10 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები, ძველი, საბჭოთა პერიოდის, შინაარსობრივად მოძველებული სახით, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და იგი განკუთვნილია სახელმწიფო მნიშვნელობის საქმიანობისთვის.
სპეციალისტების განცხადებით, რუკის მიხედვით, საზღვარი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ უდაბნოს მონასტერზე გადის.
როგორც ცნობილია, 2010 წლის ივლისში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ „საკითხის გადაუწყვეტელობა სამხრეთ კავკასიის ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ და რელიგიურ ღირშესანიშნაობასთან - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთანაა დაკავშირებული“.
აზერბაიჯანელი ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ „კეშიკჩი“ (დავით გარეჯი) ალბანური წარმოშობის ძეგლია და აზერბაიჯანს ეკუთვნის, რასაც ქართველი ისტორიკოსები კატეგორიულად უარყოფენ.
„საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე უძველესი ალბანური კულტურული ნიმუშების კუთვნილება უნდა დადასტურდეს და ამას შესაბამისი სტრუქტურები ადგენენ“, - განაცხადა 2011 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ - პოლიტიკური განყოფილების უფროსმა ალი ჰასანოვმა.
რა მოხდა 6 მაისს
დავითის ლავრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი ამბობს, რომ მან არ იცის, რატომ აკრძალეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 6 მაისიდან უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე მომლოცველებისა და ტურისტების გადაადგილება.
„ჩვენ მაშინვე შევატყობინეთ საპატრიარქოს, საპატრიარქოდან სასაზღვრო პოლიციას და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდნენ. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ტერიტორიაზე არ იდგნენ შეიარაღებული პირები და როგორც აქამდე იყო შესაძლებელი თავისუფლად მიმოსვლა, ეს შეზღუდვა მოიხსნას“, - ამბობს წინამძღვარი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
ქართველი მესაზღვრეების თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დაახლოებით 2 კილომეტრით არიან გადმოწეულები იმ ადგილიდან, სადაც ისინი 6 მაისამდე იდგნენ. „საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქმის კურსშია. ჩვენ თვითონ ვაფრთხილებთ ტურისტებს და მომლოცველებს, რომ ვიდრე სადავო საკითხი არ გადაწყდება, უდაბნოს მონასტერში არ ავიდნენ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მესაზღვრემ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს, რომელიც აზერბაიჯანში, ზაქათალას რაიონში მუშაობს, აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურში განუცხადეს, რომ 6 მაისიდან საზღვრის დაცვის სამმართველოს, რომლის შემადგენლობაშიც შედის „კეშიკჩის“ მონაკვეთი, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. „ბრძანებაა გაცემული, რომ იმ ტერიტორიაზე (უდაბნოს მონასტერი), რაზეცად თქვენ ამბობთ, ტურისტები არ დაუშვან. ეს ბრძანება ალბათ რამდენიმე დღეში გაუქმდება. პრეზიდენტ ალიევსა და სააკაშვილს შორის უკვე შედგა საუბარი, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და საკითხის გადაწყვეტა უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი“, - აღნიშნეს აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, დავით - გარეჯი შესაძლოა ღია ტურისტულ ზონად გამოცხადდეს.
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის ფარვინ დარაბადის თქმით, „კეშიკჩი“ შესაძლოა, საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო კუთვნილებაში იყოს და ორივე მხარეს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს.
ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ დავით-გარეჯი შესაძლოა სამონასტრო რესპუბლიკად, თავისუფალ ზონად გამოცხადდეს, ისე, როგორც ათონის მთა.
„მე გამოვთქვი აზრი, რომ დავით-გარეჯა შესაძლო სამონასტრო რესპუბლიკად, თავისუფალ ზონად გამოცხადდეს, ისე, როგორც ათონის მთა. ამ იდეის გამო ზოგიერთებმა მტრად გამომაცხადეს, მარიკა ლორთქიფანიძეს დავით-გარეჯი არ ენაღვლებაო. ჩვენ კი სხვა გზა არ გვაქვს. ტყუილია, აზერბაიჯანი ამ ტერიტორიას არასდროს დათმობს და მონასტრის ბედი მუდმივად გაურკვეველი იქნება“, - აღნიშნავს მარიკა ლორთქიფანიძე.
გელა მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი
ამავე თემაზე:
ნინო კალანდაძე - გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში
ელმან აბდულაევი - უდაბნოს მონასტერი საქართველოს არ ეკუთვნის
სალომე ზურაბიშვილი - ხან ომით ასხვისებენ ტერიტორიებს და ხან სიტყვით
ნიკა რურუა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს უდაბნოს მონასტერში ქართველი მომლოცველები არ შეუშვეს
ხათუნა ოჩიაური - უდაბნოს მონასტერში საგანგაშო არაფერი ხდება
პრეზიდენტის პრესსპიკერმა დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა
გიორგი მანჯგალაძე - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 95% საქართველოს ტერიტორიაზე იყო
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს
დავით გარეჯის წინამძღვარი - ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ერის ღალატია
ნინო კალანდაძემ დავით გარეჯის შესახებ კომენტარზე განმარტება გააკეთა
ვიდეო
აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე
ვიდეო
უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












