01:59:34

ფირნიშები
Share |

იქ, თურქეთის საქართველოში („გურჯისტანში“) ნაწილი I

იქ, თურქეთის საქართველოში („გურჯისტანში“) ნაწილი Iკახეთის საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ რეპორტაჟს ტაო – კლარჯეთიდან (თურქეთი). გაეცნობით ფოტო და ვიდეომასალას, რომელიც ისტორიულ მესხეთში შემორჩენილი ქართული ეკლესია მონასტრების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საგანგაშო მდგომარეობას ასახავს.

თბილისიდან 6 საათზე წასულები 10-სთვის ვალეს სასაზღვრო – გამშვებ პუნქტთან ვართ. სასაზღვრო ფორმალობებს დიდი დრო არ სჭირდება. ჩვენ, ტაო-კლარჯეთისკენ მიმავალი მეგობრები, პირველი ჯგუფი ვართ. ჩვენს შემდეგ კიდევ მოდის რამდენიმე სამარშრუტო. კეთილ მგზავრობასა და იქით ბედნიერ შეხვედრებს ვუსურვებთ ერთმანეთს.  

საზღვრის იქით პირველი სოფელი თურქგოლია. პოსოფის, ისტორიულ ფოცხოვს გვერდის ავლით ისტორიული ტაო-კლარჯეთისკენ ვაგრძელებთ გზას. ოდესღაც სწორედ აქედან დაიწყეს ბაგრატიონებმა, ტაოს კურაპალატებმა საქართველოს გაერთიანება.

მესხეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზოგადი სახელწოდებაა. ანტიკურ წყაროებში სტრაბონი (ძვ. წ. 64-63 ე – ახ. წ. 23-24) ამ ტერიტორიას „მოსხიკეს“ უწოდებს.

მესხეთი მოიცავდა მტკვრის აუზის ზემო ნაწილს (სამცხე, ჯავახეთი, კოლა, არტაანი, ერუშეთი) და ჭოროხის აუზს მთლიანად (კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი, ლაზეთი, ნიგალი, ასისფორი, თორთუმი, ბასიანი).

ისტორიული მესხეთი ფეოდალური საქართველოს მესამედს შეადგენდა და 34, 2 ათასი კვ. კმ. ეკავა, დღეს იქიდან მხოლოდ 9,4 ათასი კვ. კმ. მხოლოდ სამცხე და ჯავახეთია საქართველოს ტერიტორიაზე.

არტაანი, შავშეთი, შავშეთის ანუ სათლელის ციხე, ტბეთი, ხანძთა, დოლისყანა, არტანუჯის ციხე – ასეთია ჩვენი პირველი დღის გეგმა.

არტაანი

არტაანის თურქული სახელწოდება არდაჰანია. წყაროების მიხედვით, არტაანი იყო როგორც მხარის, ასევე ციხე-ქალაქის სახელწოდება.

ლეონტი მროველის (IX ს.) ცნობით, არტაანის ციხე, ლეგენდარული მცხეთოსის ძემ, ჯავახოსმა ააშენა. თურქები მას „შაითან ყალას“, ანუ „ქაჯთა ციხეს – ქაჯთა ქალაქს“ ეძახდნენ. ექვთიმე თაყაიშვილი „მრისხანე ციხედ“ მოიხსენიებს. ზოგიერთი მეცნიერის, მათ შორის ლევან მელქისედ-ბეგის აზრითაც, სწორედ ეს არის „ვეფხისტყაოსნის“ ქაჯთა ციხე.

ვახტანგ გორგასალმა აქ საეპისკოპოსო შექმნა და კათედრა ერუშეთში დააწესა. თამარის ეპოქაში არტაანი სანაპირო საერისთავო იყო, შემდეგ კი იგი სამცხის ათაბაგთა სამთავროში შედიოდა.

XVI საუკუნეში არტაანი დაიპყრეს თურქებმა და ორ ნაწილად გაყვეს: დიდ არტაანად (გურჯისტანის ვილიეთი) და პატარა არტაანად (ყარსის ვილაიეთი).

ამ დროს არტაანის მთავარ გამაგრებულ ქალაქს ფარაკანი ერქვა. სახელწოდება არტაანი ქალაქს XVII საუკუნეში უნდა დარქმეოდა. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს ეს მხარე რუსეთმა დაიკავა, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებითა და 1878 წლის ბერლინის ტრაქტატით არტაანი რუსეთს შეუერთდა, 1918-1921 წლების ომის დროს კი კვლავ თურქეთის ფარგლებში მოექცა. 

ქალაქის განაპირას გავდივართ და ართვინისკენ ვიღებთ გეზს.

შავშეთი და შავშეთის (სათლელის) ციხე

უღელტეხილის გადავლის შემდეგ დათოვლილ სოფელში ვხვდებით, ეს ალბათ საზაფხულო სოფელია, მწყემსთა საცხოვრებელი. გული არ გითმენს და ვჩერდებით, ცოტა ხანს ვისვენებთ.

 

 

სულ მალე  უკვე გამწვანებულ ულამაზეს შავშეთისწყლის ხეობას მივუყვებით. ემოციებს ვერ ვიტევთ და ისევ ვჩერდებით, ფოტოებისთვის ხედებს ვარჩევთ.

 

 

გაღიმებული სახით გვიახლოვდება ერთი ახალგაზრდა კაცი.

„მე გურჯი ვარ. ადრე ჩემებს აჭარაში, ქედაში უცხოვრიათ, ახლა ბორჩხაში ვცხოვრობთ. მე საქართველოშიც ვმუშაობდი. სახელად სელჩუკი მქვია, ჩემი ძველი გვარი ჯაფერაშვილია, თუმცა საბუთებში გუსხანი მიწერიაო“, - გვეუბნება.

ჩვენ ოჯახზეც ვეკითხებით.

„ერთანი შვილი მყავს, ოთხი წლის. ჯერ ქართულად ვერ ლაპარაკობს. 

პატარობაში არ დაილაპარიკებენ და რომ გეიზრდება, დეილაპარიკებსო.

ცოლი? ზოგს თურქი მოჰყავს, ზოგს - ქართველი, მე ქართველი შემხვდაო“, - ამბობს სელჩუკი. ვემშვიდობებით მას და გზას ვაგრძელებთ.

ტაო-კლარჯეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შავშეთის ქედზე იყო შავშეთის პროვინცია.

დღეს ისტორიული შავშეთი ართვინის პროვინციაში შედის. ტოპონიმი – შავშათი - მთის ფერდზე შეფენილ პატარა ქალაქსაც შემორჩენია.

აქ ახლა 7 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

ქალაქის განაპირას, მერესა და შავშეთისწყლის შესართავთან, შავშეთის ანუ სათლელის (სუეტის) ციხეა, რომელიც სუმბატ დავითის-ძის მიხედვით, 1028 წელს საბა მტბევარს აუგია, მაშინ როცა საქართველოს ბიზანტიელთა სარდალი პარკიმანოსი უტევდა. წყაროების მიხედვით, ასეთი განსაცდელის დროსაც ქართველ აზნაურებმა თავიანთი ორჭოფული მოქმედებებით ბიზანტიელებს საქმე გაუადვილეს: ბიზანტიის სარდალმა თავისი მდგომარეობის გაუმჯობესება იმდენად სამხედრო მოქმედებით არა, რამდენადაც აზნაურთა გადაბირებით მოახერხა. მათი მოქმედებით ქვეყანა და ბაგრატ IV დიდ განსაცდელში იყო ჩავარდნილი, მაგრამ საბა მტბევარის თავგამოდებულმა მოღვაწეობამ და შავშეთის ენერგიულმა დაცვამ გადაარჩინა მთელი ეს კუთხე ბერძენთა მძლავრობისაგან. „ხოლო აღაშენა სიმაგრე საბა მტბევარ ეპისკოპოსმან, მახლობელად ტბეთის ეკლესიისა და სახელ-სდვა მას სუეტი, და შეკრიბა მაშინ მან ერი თვისი და შევიდეს მას შინა თვით საბა მტბევარ ეპისკოპოსი, და ეზრა ანჩელ ეპისკოპოსი, და შავშეთის აზნაურნი, და განძლიერდა მას შინა“.

ციხეს საკმაოდ სტრატეგიული მდებარეობა ეკავა. იგი აკონტროლებდა როგორც იმიერხევს, ასევე შავშეთზე აჭარისწყლის ხეობის სხვადასხვა პუნქტებზე გამავალ გზებს.

 

 

ციხე დავლაშქრეთ და ტბეთის გზას დავადექით. 

ტბეთი

შავშეთის ციხესთან არის ნიშნული „ველიკოი“. ჩვენ ერთ-ერთ მძღოლთან მაინც ვაზუსტებთ ტბეთის გზას: მომყევით, მეც იქით მივდივარო, - გვპასუხობს ის.

აღმართზე ავდივართ. 

ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი - შავშეთის საერისთავოს მთავარი ჯვარგუმბათოვანი ეკლესია - მდებარეობს მდინარე იმერხევის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ქალაქი შავშათიდან 15 კილომეტრში, სოფელ ტბეთის (თურქული სახელწოდება ჩევიზლი, ჯევიზლი, ნიშნავს „კაკლიანს“) შუაგულში.

ტბეთის მონასტერი აშოტ ერისთავთერისთავმა, კუხად წოდებულმა ააშენა ქორონიკონს 138-ს, ანუ 918 წელს. მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი.  შუა საუკუნეებში მონასტერი საქართველოს მნიშვნელოვანი კულტურულ-სამწერლობო კერა იყო. აქ შეიქმნა არაერთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები. ტბეთის მონასტერი რამდენიმე სამონასტრო ნაგებობას მოიცავდა, რომელთაგან დღეისათვის მხოლოდ მთავარი ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი. ტბეთის მთავარ ტაძარში გამოიყოფა რამდენიმე ქრონოლოგიური ფენა მშენებლობისა. მონასტერი XVII საუკუნის II ნახევრამდე მოქმედებდა, შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაძარში მუსლიმური სალოცავი გახსნა, რომელიც XIX საუკუნის მიწურულამდე ფუნქციონირებდა.

ტაძარი ჯვრის ფორმის ყოფილა. ტბეთი შედარებით გვიან მოუხატავთ. აქ მიაკვლიეს მამაკაცის ბარელიეფს, რომელიც დღეს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. გადმოცემისამებრ, გუმბათის ყელში რვა სარკმელი იყო. გუმბათი 1961 წელს ჩამოქცეულა. ტაძარი დღეს დანგრეულია. შედარებით უკეთ არის შემორჩენილი აღმოსავლეთის კედელი, რომელის საკმაოდ დაბზარულია.

ტბეთზე ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ჩუქურთმები, თუმცა ბევრი მათგანი ძირს არის ჩამოცვენილი. აქაურები ტაძრის ქვებს სამშენებლო მასალად იყენებენ.

„მთელი ცხოვრება აქ გავატარე და არ მესმის, რატომ მოდის აქ ამდენი ხალხი. განა რა არის ამ კედლებში ასეთი?“, – გვითხრა ერთხელ ერთმა ტბეთელმა მოხუცმა. მას შემდეგ ძეგლი კიდევ უფრო დაზიანდა, სოფელიც საკმაოდ შეცვლილა, ბევრი ახალი და კოხტა სახლი აუშენებიათ.

 

 

ტბეთთან ერთი ქართული ჯგუფი დაგვხვდა, ჩვენი წამოსვლისას კიდევ ორი ჯგუფი მოვიდა.

ერთ-ერთ ჯგუფში მოძღვრებიც იყვნენ. მამა ნიკოლოზმა გვითხრა, რომ ისინიც ხანძთაში მიდიოდნენ. ხანძთაში შეხვედრა დავთქვით. 

თინათინ მოსიაშვილი | სპეციალურად კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის თურქეთიდან

ამ თემაზე: 

იქ, თურქეთის საქართველოში (ნაწილი II)

 

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.02.18
06:00-12:00
Fairfrom south-southwest2°C0.3m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east6°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast6°C0.5m/s
0mm
შაბათი 24.02.18 12:00-18:00
FairNNW8°C0.1m/s
0mm
კვირა 25.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast9°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 10:00-16:00
Rainfrom west-southwest6°C0.7m/s
2.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30