14:37:28

ფირნიშები
Share |

ახმეტის გამგებელმა ცოლის ძმა ლატვიაში ბიუჯეტის ხარჯზე დაასვენა

ახმეტის გამგებელმა ცოლის ძმა ლატვიაში ბიუჯეტის ხარჯზე დაასვენაახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა პირადი მძღოლი შმაგი ლაგაზაური, რომელიც მისი ცოლის ძმაა, ლატვიის რესპუბლიკის ლიგატნეს მხარეში ბიუჯეტის ხარჯზე დაასვენა. გამგებლის ცოლის ძმის ლატვიაში დასასვენებლად ბიუჯეტიდან 2300 ლარი გადაირიცხა, მათ შორის ქალაქ რიგაში, ღამის კლუბში გასართობად. გამგებელმა სამივლინებო დოკუმენტი შეადგინა (ბრძანება N914, 11.06.2015), სადაც წერია, რომ შმაგი ლაგაზაური ლატვიაში „კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების“ მიზნით გაიგზავნა.

არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ლატვიის რესპუბლიკაში ლიგატნეს მხარის ადმინისტრაციამ მიიწვია. ლიგატნეს მხარე 2010 წლიდან არის დამეგობრებული ახმეტის მუნიციპალიტეტთან.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებიდან ირკვევა, რომ ლატვიაში გამგებლის მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი, საკრებულოს წევრი მამუკა ხოლეგაშვილი და გამგეობის ადმინისტრაციის დამხმარე მოსამსახურე (გამგებლის ცოლის ძმა) შმაგი ლაგაზაური გაიგზავნენ.

ლატვიაში ვიზიტი 7 დღე გაგრძელდა - 6 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით.

იურისტ გელა შაშიაშვილის განამრტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია, რომ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

„აღსანიშნავია, რომ ეს ნორმატიული აქტი მთავრობას 2014 წლის 1 აპრილამდე უნდა მიეღო, თუმცა იგი დღემდე არ მიუღია. ამიტომ აღნიშნული საკითხი პრაქტიკულად ისევ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების საფუძველზე წესრიგდება. პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, ლატვიის რესპუბლიკაში მივლინებისას სადღეღამისო ნორმა 27 ევროს შეადგენს, ხოლო საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ნორმა - 60 ევროს. როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა მიწვევა ლიგატნეს მხარის ადმინისტრაციის მიერ განხორციელდა. შესაბამისად, სამივლინებო დაფინანსება პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა შემცირებულიყო. მიუხედავად ამისა, მივლინება ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდა“, – ამბობს გელა შაშიაშვილი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „ხალხის ხმა ხელისუფლებას“ ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, გამგებლის ცოლის ძმის მივლინება ადგილობრივ ბიუჯეტს თითქმის 2300 ლარი დაუჯდა. „მათ შორის მგზავრობის ღირებულება - 1050 ლარამდე (დაზღვევისა და სავიზო მომსახურების ჩათვლით), სადღეღამისო ხარჯი - დაახლოებით 1250 ლარი. ვინაიდან იმავე მივლინებაში გამგებლის მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილიც იმყოფებოდნენ, გამოდის, რომ ამ „პარტიულ-ნათესაური“ ვოიაჟისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სავარაუდოდ 7000 ლარი დაიხარჯა“,–  უთხრა გელა შაშიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

გელა შაშიაშვილი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის განკარგულებაზეც №422 „საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“. განკარგულების თანახმად, ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმაც 2015-2016 წლების განმავლობაში უნდა იხელმძღვანელონ მთელი რიგი პრინციპებით, რომელთა შორის ხაზგასმითაა აღნიშნული ისიც, რომ მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მივლინების ხარჯების დაფინანსება (განკარგულების დანართის მე-4 პუნქტი).

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის ლატვიაში მიწვევისა და გამგზავრების თაობაზე არც ახმეტის მუნიციპალიტეტის ინტერნეტგვერდზე და არც გამგეობის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე რაიმე ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური შვებულებაშია გასული. მას სამსახურებრივი ტელეფონი გამორთული აქვს და ამიტომ ვერ დავუკავშირდით.

გამგებლის მოადგილის, თამაზ ქავთარაშვილის თქმით, ლატვიაში ისინი სხვადასხვა ღონისძიებებს ესწრებოდნენ. „ოფიციალური დელეგაცია რომ მიდის, რას აკეთებს ხოლმე? მგზავრობის ხარჯები ახმეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, იქ ცხოვრება და სხვა ხარჯები კი ლიგატნეს მხარემ აანაზღაურა“.

- კონკრეტულად რა მიზნით იყავით? რამე მოლაპარაკებებში მონაწილეობდით, ხელშეკრულება გააფორმეთ, რა სიკეთე მოუტანა თქვენმა ვიზიტმა მუნიციპალიტეტს?

- თქვენ რომ მიდიხართ ხოლმე საზღვარგარეთ, რა სიკეთ მოგაქვთ რეგიონისთვის?

- მე საჯარო მოხელე არ ვარ ბატონო თამაზ და არც ბიუჯეტიდან ფინანსდება ჩვენი მივლინება. მაგალითად, გამგებლის პირად მძღოლს, რომელიც მისი ცოლის ძმაა, რა დანიშნულება ჰქონდა, რა გააკეთა?

- არ მცალია. თათბირზე ვარ და ვერ გიპასუხებთ“.

ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 5 მარტამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირები საზღვარგარეთ მივლინებით შვიდჯერ იმყოფებოდნენ. მათ შორის: ლატვიასა და მოლდოვაში - 2-2-ჯერ, უკრაინაში, პოლონეთსა და ლიტვაში - თითოჯერ. მივლინების მიზნები და მისი კონკრეტული შედეგები გაცემულ ინფორმაციაში მითითებული არ არის.

მუნიციპალიტეტის გამგებელი (2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე - გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი) ბექა ბაიდაური მივლინებით იმყოფებოდა ხუთჯერ (ყველა ზემოაღნიშნულ ქვეყანაში თითოჯერ), რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 5428 ლარი დაუჯდა.

ასევე ხუთჯერ იმყოფებოდა უცხოეთში მივლინებაში გამგებლის მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი, რაშიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 6 688 ლარი დაიხარჯა.

საერთო ჯამში, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ გამგზავრებისა და ყოფნისათვის ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხის ოდენობა აღნიშნულ პერიოდში 23 915 ლარს შეადგენს.

რამდენიმე კვირის წინ, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. მივლინების ხარჯი ამ შემთხვევაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ჩვენ ვკითხეთ გამგებლის პირველ მოადგილეს ვაჟა ნასყიდაშვილს, რა მიზნით იყო გამგებელი საბიუჯეტო ხარჯებით ამერიკაში წასული? „ფორუმი იყო და მასში მიიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა ნასყიდაშვილმა.

- თქვენ მონაწილეობთ ხოლმე საზღვარგარეთ ვიზიტებში?

- არა, მე გულგულას (სოფელი თელავის რაიონში) ვერ ვცდები.

 

 

ამ თემაზე:

ცოლი, ცოლისდა, ბიძაშვილები და მძახალი – ზურაბ ზვიადაურის კლანი ახმეტაში

 

 

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 23.07.17
19:00-00:00
FairNNW27°C3.3m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east27°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 25.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north25°C1.9m/s
0mm
ოთხშაბათი 26.07.17 10:00-16:00
Fairfrom east26°C1.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივლისი 2015 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 23 24 25 26
27 28 29 30 31