18:31:29

ფირნიშები
Share |

ინტელექტ - კლუბის მოაზროვნე ახმეტის გამგეობაში თანამდებობისთვის შეუფერებლად ცნეს

„ყოფილმა მეღორემ“ ინტელექტ - კლუბის მოაზროვნე თანამდებობისთვის შეუფერებლად ცნოალექსი ჯუგაშვილი ახმეტის გამგეობაში წამყვან სპეციალისტად 2008 წლის 1–ლი ივლისიდან მუშაობს. ორი კვირის წინ ის წერილობით გააფრთხილეს, რომ 15 აგვისტოს სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ჯუგაშვილმა ტესტირების შედეგად მაღალი შეფასება, 54 ქულა მიიღო, თუმცა გასაუბრებაზე დაიწუნეს. საატესტაციო კომისიას დავით ფოცხვერიშვილი ხელმძღვანელობს. მან გამგებელს მიმართა, რომ ალექსი ჯუგაშვილი თანამდებობისთვის შეუფერებელია. 

ალექსი ჯუგაშვილი სპეციალობით ეკონომისტია. 1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ახმეტის გამგეობაში მუშაობის დაწყებამდე იყო საქართველოს სოციალური და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახმეტის განყოფილების ინსპექტორ-რევიზორი (1996-2005 წწ.), საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახმეტის ფილიალის წამყვანი სპეციალისტი (2005-2007 წწ.). კარგად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს; საშუალო დონეზე საუბრობს ფრანგულ და ესპანურ ენებზე. 2008 წლიდან ელიტური ინტელექტკლუბის მოაზროვნეა და არაერთხელ მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტში „რა? სად? როდის?“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოხელეთა ატესტაცია ორ ეტაპად ჩატარდა: ტესტირება – 2015 წლის 27 მარტს და გასაუბრება – 14 აპრილს.

ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარი 31 ქულით იყო განსაზღვრული. აღნიშნული ეტაპი გამგეობის სამმა მოხელემ ვერ გადალახა.

გასაუბრების ეტაპის შედეგების მიხედვით, კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო 2015 წლის 26 ივნისს, ანუ გასაუბრების დასრულებიდან 2 თვეზე მეტი ხნის შემდეგ. იურისტი გელა შაშიაშვილი აცხადებს, რომ კომიასიამ უხეშად დაარღვია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ერთკვირიანი ვადა.

კომისიამ უარყოფითი ხასიათის გადაწყვეტილება გამგეობის 5 მოხელის მიმართ მიიღო, რის შემდეგაც გამგებელს წარედგინა რეკომენდაცია თანამდებობიდან მათი გათავისუფლების შესახებ.

არც შემაჯამებელ ოქმში და არც საატესტაციო ფურცლებში არ არის დასაბუთება იმისა, თუ როგორ მიმდინარეობდა გასაუბრების პროცესი, რა შეკითხვები იქნა დასმული კომისიის წევრთა მიერ და რა პასუხები გასცეს ატესტაციას დაქვემდებარებულმა მოხელეებმა. დოკუმენტებში მოცემულია მხოლოდ დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონკრეტული მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

2015 წლის 15 ივლისს აღნიშნულ მოხელეებს ჩაბარდათ წერილობითი გაფრთხილება ერთი თვის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ გაფრთხილებები ამავე დღეს ჩააბარეს იმ მოხელეებსაც, რომლებმაც 27 მარტს ვერ გადალახეს ტესტირების ეტაპი.

ალექსი ჯუგაშვილის გარდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება კიდევ რამდენიმე მოხელემ მიიღო, მათ შორის ლია მამაგულაშვილმა [საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი] და გიორგი ალიაშვილმა [ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი].

საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნული მოხელეები 2013 წლიდან დღემდე, ანუ იმ პერიოდში, როცა მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაურია, 4-ჯერ არიან პრემიით წახალისებულნი სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშო შესრულებისათვის, მათ შორის ბოლოს გამგებლის 2015 წლის 6 აპრილის №444 ბრძანებით.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ გამგებლის 2015 წლის 29 მაისის №823 ბრძანებით, ე. ი. გასაუბრების ჩატარებიდან თვენახევრის შემდეგ, გიორგი ალიაშვილს ასევე მიეცა დანამატი (ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით) „სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშო შესრულებისა და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის“.

ოფიციალური ინფორმაციით, დავით ფოცხვერიშვილი, რომელიც ამჟამად საკონკურსო – საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დაინიშნა „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ბიუროს უფროსად. მანამდე ის მესაქონლეობას მისდევდა. 2015 წლის იანვრიდან დღემდე კი ახმეტის გამგებლის მოადგილეა. გამგეობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დავით ფოცხვერიშვილი 1996 – 2004 წლებში სწავლობდა საქართველოს ეროვნულ სოციალურ-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. საყურადღებოა, რომ დიპლომი გაცემულია 2015 წლის 29 იანვარს.

ჩვენ ვკითხეთ მას, რატომ დაიწუნეს გასაუბრების ეტაპზე ალექსი ჯუგაშვილი.

„ინტელექტკლუბის წევრობას ბუღალტერიასთან არაფერი კავშირი არ აქვს. რაც ვერ დააკმაყოფილა, შედეგებში არის. ვერ გაიარა გასაუბრების ეტაპი. ისეთ თემაზე მელაპარაკებით, რომ რამდენი ხნის წინ იყო, ხომ იცით? დეტალები არ მახსოვს.

ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია და ოფიციალური გზით ვერ მივიღეთ პერსონალური მონაცემების მოტივით. თქვენ გაქვთ საკმარისი ცოდნა, გამოცდილება, რომ კომისიის წევრი და მითუფრო თავმჯდომარე ყოფილიყავით და შეგემოწმებინათ სხვების კომპეტენცია?

- აბა კარგად ჩაიხედეთ დებულებაში, ჩემი ხმა იყო გადამწყვეტი ჯუგაშვილზე გადაწყვეტილების მიღებისას? კომისიის დანარჩენმა წევრებმაც დაიწუნეს.

კომისიის დანარჩენი წევრები თქვენზე კომპეტენტურები არიან?

- მაგას თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? რადგან შოუში თამაშობს, მოვალეობას კარგად ასრულებს? მას კიდევ აქვს რაღაც – რაღაცეები საფინანსო სამსახურში ისეთი დარღვევები, რომელიც უშუალოდ მაგის იმასაც შეიძლება შეეხებოდეს.

რა დარღვევები აქვს?

- მაგან ჩემზე კარგად უნდა იცოდეს, ჩემზე უფრო მაგარი თუ არის.

თქვენს მიერ ნახსენები დარღვევების გამო დაიწუნეთ?

- კომისიის დებულებაში წერია, რომ გვაქვს უფლება შევაფასოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება.

დასაბუთება არ სჭირდება?

- დასაბუთება ის არის, რომ ვერ გადალახა გასაუბრების ეტაპი.

რატომ ვერ გადალახა გასაუბრების ეტაპი?

- არ მახსოვს“.

იურისტი გელა შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილი აქვს პერსონალურ დევნას ინტელექტისა და პროფესიონალიზმის გამო.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია, რომ საქართველოში საჯარო სამსახურის სისტემა ეფუძნება კანონის უზენაესობის, მოხელეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის, კადრების სტაბილურობისა და უპარტიობის პრინციპებს. უფრო მეტიც, 2015 წლის 3 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო სპეციალური დადგენილება „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან საჯარო მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საჯარო მოხელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას საკუთარი განცხადების საფუძველზე ითხოვს, დეტალურად შეისწავლონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მათი შესაბამის სამართლებრივ აქტში ასახვისას მიუთითონ ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება“, – აცხადებს გელა შაშიაშვილი.

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 23.11.17
23:00-00:00
Cloudyfrom west1°C2.0m/s
0mm
პარასკევი 24.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom west3°C0.8m/s
0mm
შაბათი 25.11.17 12:00-18:00
Fairfrom west3°C2.3m/s
0mm
კვირა 26.11.17 10:00-16:00
Clear skyfrom northeast0°C1.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2015 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31