15:49:53

ფირნიშები
Share |

ახმეტის გამგებელმა პრემიით მხოლოდ ნათესავები, მეგობრები და თანასოფლელები დააჯილდოვა


ახმეტის გამგებელმა პრემიით მხოლოდ ნათესავები, მეგობრები და თანასოფლელები დააჯილდოვა

ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა 1 თვის ხელფასის ოდენობის პრემიით გამგეობის 9 მოხელე დააჯილდოვა. „პრემირებული“ მოხელეები პირადად გამგებლის „ნდობით აღჭურვილი პირები“, – მისი ნათესავ-მეგობრები, თანასოფლელები ან პარტიული აქტივისტები არიან. პრემიერებულთა შორისაა სოფელ შახვეტილაში გამგებლის წარმომადგენელი ლაშა უძილაურიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ძლიერი სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსისთვის ავტომობილის დაჯახება სცადა.

დაჯილდოებულ მოხელეთა სია გამგეობის დანარჩენი თანამშრომლებისთვის მკაცრად არის გასაიდუმლოებული, თუმცა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მათი ვინაობა სხვადასხვა წყაროდან მაინც დაადგინა. კერძოდ, ესენი არიან:

დავით ფოცხვერიშვილი - გამგებლის მოადგილე (1300 ლარი), - გამგებლისა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მეგობარი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ყოფილი უფროსი;

ლაშა უძილაური - გამგებლის წარმომადგენელი შახვეტილას ადმინისტრაციულ ერთეულში (970 ლარი), - გამგებლის ნათესავი და მეგობარი;

სოლომონ გამიაშვილი - გამგებლის წარმომადგენელი საკობიანოს ადმინისტრაციულ ერთეულში (970 ლარი), - გამგებლის მეგობარი და თანასოფლელი;

ლადო კახოიძე - გამგებლის წარმომადგენელი თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (970 ლარი), - გამგებლის მეგობარი;

გიორგი ლაგაზაური - ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის  კოორდინაციის განყოფილების უფროსი (810 ლარი), - გამგებლის თანასოფლელი და ნათესავი (მისი მეუღლის მეგი ლაგაზაურის ბიძაშვილი);

ნინო შავერდაშვილი - საქმისწარმოების განყოფილების უფროსი (810 ლარი), - გამგებლის მეგობრის მეუღლე;

მზია ბექაური -  ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი (810 ლარი), - პარლამენტის წევრის ზურაბ ზვიადაურის ნათესავი;

თამარ ცოგოშვილი - ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი (560 ლარი), - ერთ-ერთი პარტიული აქტივისტის - „ქართული ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის კოორდინატორის მეუღლე;

მარიამ ჯავახიშვილი - ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებელი (500 ლარი), - გამგებლის მეგობარი, რომელმაც საჯარო მოხელეთა კონკურსის დროს ტესტირების ეტაპი ვერ გადალახა და სამსახურიდან წასვლა მოუწია, თუმცა ბექა ბაიდაური მის დასაქმებას მაინც სისტემატურად ახერხებს და შვებულებაში მყოფი მოხელეების შემცვლელად ნიშნავს. ამჟამადაც იგი „დეკრეტულ“ შვებულებაში მყოფი მოხელის მოვალეობას ასრულებს.

როგორც აღინიშნა, „პრემიერებულთა“ შორისაა შახვეტილას ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ლაშა უძილაურიც. ბექა ბაიდაურის გარდა, მას ახლონათესაური კავშირი აქვს „ქართული ოცნების“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილთანაც. ისინი ერთმანეთის დეიდაშვილები არიან.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ 2016 წლის 19 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, შახვეტილას ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელი ლაშა უძილაური, რომელიც ძლიერი სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფებოდა, ქალაქ ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე გადაადგილდებოდა თავისი კუთვნილი „ჯიპით“. ქუჩის გადაკვეთაზე, წრიული მანევრის შესრულებისას მან გზისპირას შენიშნა საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი გელა შაშიაშვილი, რის შემდეგაც ჩართო ხმოვანი სიგნალი და ავტომანქანა გამიზნულად მისკენ მიმართა. გელა შაშიაშვილმა დაჯახებისაგან თავის არიდება მოასწრო. შსს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ლაშა უძილაურის მიმართ იმავე დღეს შეადგინეს ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში), რის საფუძველზეც მას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 6 თვის ვადით შეუჩერეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე ახმეტის გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის უფროსის ლუხუმ შეთეკაურის მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის გამო, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსაც მიმართა, თუმცა ამ მიმართვას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ლაშა უძილაური პერიოდულად კვლავაც გადაადგილდება საკუთარი ავტომანქანით ქალაქ ახმეტაში, თუმცა, გავლენიანი მფარველების წყალობით, ამ ფაქტზე ადგილობრივი პოლიციის მხრიდან რეაგირება არ ხდება.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 78-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინურ გადაცდომად ითვლება ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

იურისტების განმარტებით, ამგვარი ქმედების ჩამდენ პირს, როგორც წესი, დისციპლინური სახდელი უნდა დაეკისროს. ნაცვლად ამისა, ახმეტის გამგებელმა ლაშა უძილაური სანიმუშო მოხელედ მიიჩნია და „დამსახურება“ ფულადი პრემიით დაუფასა.

არსებული ინფორმაციით, გამგეობის მოხელეთა პრემიით დაჯილდოება მარიამობის დღესასწაულს უკავშირდება, თუმცა რატომ არის ეს დღესასწაული მხოლოდ გამგებლის უახლოესი გარემოცვის „წილხვედრი“?

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ბექა ბაიდაურს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში კატეგორიულად უარყო პრემიის გაცემის ფაქტი და განაცხადა, რომ 9 თანამშრომელზე სახელფასო დანამატი სანიმუშო მუშაობისთვის გასცა.

„რის გამო გაიცემა ხოლმე დანამატები? ჩავთვალე, რომ ამ თვეში მიმეცა დანამატი, მორჩა და გათავდა. პერიოდულად, ყოველთვე გამოიკვეთება ხოლმე პრემია ვის უნდა მივცე. ვინც მუშაობს, იმას ვაძლევ, წინა თვეშიც მივეცი ორ ადამიანს, მერე რა? ლაშა უძილაურის, ლადო კახოიძის, სოსო გამიაშვილის სოფლებში არის მაღალმთიანი სოფლები და უწევთ ხოლმე მუშაობა როდესაც, მაგალითად, ხალხს მაღალმთიან სოფელში მცხოვრები პირის სტატუსს ვაძლევთ, ინტენსიურად მუშაობენ და ეს დამატებითი ტვირთია მათთვის. უძილაურს ჩემგან არ აქვს არანაირი სახდელი დაკისრებული, ეგ იყო პოლიციისგან, არაფერ შუაში არ არის სამსახურებრივ წახალისებასთან. პოლიციასთან რაც იყო, ეგ იყო, მე არ მიმიცია მისთვის არანაირი გაფრთხილება. ჩემს სამსახურში ყველა შეიძლება იყოს ჩემი მეგობარი. ერთადერთი ვისზეც შეიძლება თქვათ, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია, გიორგი ლაგაზაურია, სხვა არცერთი არ არის. შეისწავლეთ ხოლმე და ისე დამირეკეთ. საერთოდ აღარ გიპასუხებთ და არ დაგელაპარაკებით“, - განუცხადა ბექა ბაიდაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ გამგებელმა აღნიშნული 9 მოხელე არა დანამატებით, არამედ ერთდროული ფულადი ჯილდოთი, ანუ პრემიით წაახალისა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, „პრემია“ გულისხმობს ყველა სახის ფულად წახალისებას, გარდა სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ფულადი პრემიებისა, ხოლო „დანამატი“ მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს (იხილეთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“).




ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 27 28
29 30 31