სოფიკო ნიკოლაშვილის საქმე (ნაწილი I)
ორშაბათი, 06 თებერვალი 2012 21:17
20 წლის სოფიკო ნიკოლაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებასა და 23 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ექსკლუზიურად მოიპოვა ბრალდებულის და დაზარალებულის ჩვენებები, რომლის დიდ ნაწილსაც ვაქვეყნებთ.
გაზეთ „კახეთის ხმის“ ყოფილი ჟურნალისტი სოფიკო ნიკოლაშვილი შს გურჯაანის სამმართველომ 2012 წლის 31 იანვარს დააკავა. რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეში ერთადერთი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი წაუყენეს, მისი ჩვენებაა, სადაც ის აღიარებს დანაშაულს და მიზეზებს განმარტავს. ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, სოფიკო ნიკოლაშვილისგან ჩვენება კანონდარღვევით, ზეწოლის შედეგად არის მიღებული.
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, ასევე, უფლება - არ დაიბრალოს დანაშაული, რომ ყველაფერი რასაც იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. 01 თებერვალს, როცა მე სოფიკოს თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში შევხვდი, მან მითხრა, რომ გამომძიებლისთვის ჩვენების მიცემამდე, არაერთხელ მოითხოვა, რომ მიეყვანათ ადვოკატი, რაც არ დააკმაყოფილეს. მიუხედავად ამისა, სოფიკოს დაკითხვის ოქმზე ხელი აქვს მოწერილი, თითქოს ის გაეცნო ბრალდებულის უფლება მოვალეობებს. მისივე თქმით, მისი დაკითხვა პოლიციის უფროსის სამუშაო ოთახში მოხდა და ამ პროცესს გამომძიებლის გარდა პოლიციის უფროსი და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ“, - აღნიშნავს მაგული ღვალაძე, სოფიკო ნიკოლაშვილის ადვოკატი.
სოფიკო ნიკოლაშვილის ჩვენება
ჩვენების მიხედვით, სოფიკო ნიკოლაშვილმა და გიორგი სიბაშვილმა ერთმანეთი 2011 წლის 14 თებერვალს გაიცნეს, როცა საერთო მეგობრებთან ერთად გურჯაანში, ერთ-ერთ რესტორანში ვალენტინობას აღნიშნავდნენ. გაცნობის შემდეგ გიორგი სიბაშვილი და სოფიკო ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკებში“ ერთმანეთს წერილებს წერდნენ, რამდენჯერმე შეხვდნენ კიდეც და დაახლოვდნენ.
„ამ პერიოდში მე გიორგი სიბაშვილი შემიყვარდა, თვითონ კი ჩემთვის არასოდეს უთქვამს, რომ მე ვუყვარდი, თუმცა ჩემს მიმართ გამოხატავდა პატივისცემას და ყურადღებას“, - ნათქვამია სოფიკო ნიკოლაშვილის ჩვენებაში.
იგი 2011 წლის 02 ნოემბერს მომხდარ ფაქტს იხსენებს, როცა მისი თქმით, მორიგი შეხვედრის დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გიორგი სიბაშვილმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. „2011 წლის 02 ნოემბერს მე ვიმყოფებოდი გურჯაანში. დაახლოებით 14-15 საათზე დამირეკა გიორგი სიბაშვილმა და მთხოვა შეხვედრა. მე ჯერ უარი ვუთხარი, შემდეგ კი დავთანხმდი და შევხვდით სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლასთან. ის იმყოფებოდა მეგობრის, თეთრი ფერის ნივით. მე ჩავჯექი ავტომანქანის წინა სალონში. მის გვერდით და წავედით ყველაწმინდის ეკლესიის მიმართულებით. გზის ერთ მონაკვეთში გიორგიმ გადაუხვია გზიდან და გადავიდა მინდვრისკენ. მას ეტყობოდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში. შემომთავაზა სასმელი, რაზედაც მე უარი ვუთხარი. ვკითხე, თუ რატომ ამოვედით ამ ადგილას და რა უნდოდა ჩემგან. მითხრა, რომ ჩემგან არაფერი არ უნდოდა, დამსხდარიყავით და გვესაუბრა. საუბრის დრო მე ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა, რაზედაც ის იცინოდა და არ უთქვამს, რომ მასაც ვუყვარდი. მე მას რამდენჯერმე ვთხოვე, რომ ის იყო ნასვამი და ჩავეყვანე სახლში, რაზეც უარი თქვა და მითხრა, რომ მასთან დავრჩენილიყავი. შემდეგ დამიწყო მოფერება, მერე ძიძგილაობა. დამიჭირა ხელები. ...წინააღმდეგობის გაწევის დროს, მე მანქანის კარების სახელურს თავი ჩამოვარტყი და გონება დავკარგე. გონზე რომ მოვედი, გიორგიმ მითხრა, რომ მირეკავდნენ მობილურ ტელეფონზე და გამეგონებინა მათთვის, მაგრამ მე არ მინახავს. გიორგიმ ნახა ტელეფონის ნომერი და იყო მამაჩემის დარეკილი, მაგრამ მე მამაჩემისთვის არ გადამირეკავს. მე გიორგის ვკითხე, თუ რა გააკეთა. მან მიპასუხა, რომ ჩემთვის თითი არ დაუკარებია. ამ დროს, მე გამახსენდა, რომ უკანა სავარძელზე იდო მისი იარაღი, რა სისტემის იყო, არვიცი. მე უცბად ავიღე იარაღი ხელში და ხელი წამოვიღე მისი შუბლისკენ. მან ამ დროს იარაღი ხელიდან წამართვა. ამის შემდეგ მან მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგინებდა უცენზურო სიტყვებით და მითხრა, რომ შენთვის ხელი არ დამიკარებია და ახლა ნახავ, რასაც გიზამო. ამ დროს ის გადავიდა ავტომანქანიდან, ჩამავლო ფეხებში ხელი, გადამათრია მანქანიდან, მკრა ხელი, რის შემდეგაც მე ისევ გადავვარდი ავტომანქანის წინა სალონში. ამის შემდეგ გიორგი დამაწვა ზურგზე, მე ვცდილობდი წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ მან ჩემთან ძალით დაამყარა გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ მე გიორგის ვუთხარი, რომ არ ვაპატიებდი, რაც ჩაიდინა. ...ამ ფაქტიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, მე და გიორგი ისევ შევხვდით ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე, კერძოდ ხევისუბანში, სადაც მან კიდევ ერთხელ სცადა ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენება. მე შევეწინააღმდეგე, რის გამოც მან ვერ შეასრულა თავისი განზრახვა. ამის შემდეგ, მე კვლავ შევხვდი გიორგის 2012 წლის 02 იანვარს, ჩემს სახლთან ახლოს. იგი იმყოფებოდა თავისი კუთვნილი ავტომანქანით, მგონი სახ. ნომრით SIB 007. მე ჩავჯექი მისი ავტომანქანის წინა სალონში და წავედით 9 აპრილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვისაუბრეთ ზოგადად. მან შემომთავაზა, რომ მასთან მქონოდა სქესობრივი კავშირი. მე ვპასუხობდი უარით და დავაპირე ავტომანქანიდან გადმოსვლა, რაზედაც მან მითხრა, რომ დავმჯდარიყავი და წამიყვანდა სახლში და ასეც მოხდა. მე გიორგიმ მითხრა, რომ ამის შემდეგ მე მასთან დამერეკა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან მექნებოდა სქესობრივი ურთიერთობა.
2012 წლის 31 იანვარს, მე მესიჯი მივწერე გიორგი სიბაშვილს, „არ გინდა მიიღო რისი მიღებაც გინდა და გგონია, რომ შენ გეკუთვნის მეთქი“. ამაზე მომწერა პასუხი, რომ გარკვევით მიმეწერა რას ვგულისხმობდი. შემდეგ მე დავურეკე მობილურ ტელეფონზე და ვუთხარი, რომ შემხვედროდა, რაზედაც დამთანხმდა. მე ამ დროს უკვე ვიყავი შემზადებული. დილით ადრე ავიღე მამაჩემის, დავით ნიკოლაშვილის კუთვნილი „ტამფულიოს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მამაჩემს ჩაკეტილი ჰქონდა რკინის კარადაში. მე ვიცოდი სეიფის გასაღები სადაც იყო, ამიტომ ავიღე, გავხსენი, გამოვიღე იარაღი და ჩავდე ჩემს ხელჩანთაში, იმ მიზნით, რომ მე გიორგი სიბაშვილი უნდა მომეკლა. დაახლოებით დღის 17 საათზე, მე და გიორგი შევხვდით ქალაქ გურჯაანის კულტურის სახლის უკან, სადაც მოვიდა მეგობრის, ვინმე თემურის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომერი არ მახსოვს. მე ჩავჯექი ავტომანქანის წინა სალონში, გიორგის გვერდით. ვაპირებდი, რომ იქვე განმეხორციელებინა გასროლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. გიორგიმ დაძრა მანქანა და ჩავიდა გურამიშვილის ქუჩის ბოლოს. შემდეგ მე ვთხოვე, რომ წავსულიყავით ისეთ ადგილზე, სადაც ვიგუნდავებდით. მან მანქანა დაძრა და წავიდა ზიარის მიმართულებით. გავცდით პარკის ტერიტორიას, წავედით ზევით და მანქანა გადააყენა გზიდან მაყვლის ბარდებისკენ. გიორგი გადავიდა უკანა სავარძელზე და მთხოვა, მეც გადავსულიყავი. მე ვუთხარი, რომ გადავსულიყავით თოვლში, რაზედაც მან უარი მითხრა. ვუთხარი, რომ ხელები მქონდა ჭუჭყიანი და თოვლით დავისველებდი, რის შემდეგაც მე გადმოვედი მანქანიდან, ავიღე თოვლი, დავისველე ხელები, მას ეჭვი რომ არ შეპარვოდა რაიმეში. მან ჩემს მოქმედებას ყურადღება არ მიაქცია, რადგან ლაპარაკობდა ტელეფონზე. ამ დროს, მე მივედი ავტომანქანასთან. არ ჩავმჯდარვარ, ისე ავიღე ხელჩანთა, რომელსაც აქვს რამდენიმე განყოფილება და დავიწყე იარაღის ხელით მოსინჯვა. იმ დროისთვის იარაღი უკვე გადატენილი და შემზადებული მედო ჩანთაში. გიორგიმ შემამჩნია ხელით რომ ვსინჯავდი ჩანთას და მითხრა, რას აკეთებო და ჩანთაზე მოკიდა ხელი და თავისკენ გაქაჩა. მე ამ დროს უცბად ამოვიღე ჩანთიდან იარაღი და დავუმიზნე გიორგის პირდაპირ. ამ დროს, იარაღსა და გიორგის შორის ერთი მეტრი მანძილიც არ ყოფილა. ის იჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელში, მე ვიდექი წინა სავარძლის კარებთან და ისე მქონდა გიორგის მიმართულებით იარაღი დამიზნებული. ამაზე გიორგიმ დამიწყო ყვირილი, რას აკეთებ, ღმერთი არა გწამსო და დამიწყო ხვეწნა, რომ არ მომეკლა. მეუბნებოდა, რომ შევსულიყავით ეკლესიაში და მუხლდაჩოქილი მთხოვდა პატიებას. მეუბნებოდა, რომ დამეცალა და გადმოვიდოდა ავტომანქანიდან. ამ დროს მან გადასწია წინა სავარძელი და უცბად, ხელი მომკიდა იარაღის ლულაზე, გაწია გვერდზე, გადმოვიდა ავტომანქანიდან. მე ინერციით წავედი უკან, წავიქეცი. გიორგი ძირს დაეცა. იარაღზე ხელი გვეკიდა ორივეს და ამ დროს მოხდა ერთი გასროლა. შემდეგ გიორგიმ ეს იარაღი წამართვა, ჩამსვა მანქანაში, ვისაუბრეთ, რომ მე ვიყავი გიჟი და დამემუქრა მოკვლით. შემდეგ ვიღაცასთან დარეკა, რომელიც დაგვხვდა მშენებარე ეკლესიასთან, რა ავტომანქანა იყო, არვიცი. შემდეგ გიორგიმ მითხრა, რომ წავსულიყავი სახლში, მაგრამ მე ვუთხარი, რომ დაებრუნებინა იარაღი და ისე წავიდოდი, ან წავსულიყავით პოლიციაში მამამისთან და მომეყოლა, თუ როგორი შვილი ჰყავდა. ამის შემდეგ, ჩვენ მოვედით პოლიციაში“ - აღნიშნულია ჩვენებაში.
ადვოკატი - პოლიცია სოფიკოს „ავერბოვკებდა“
სოფიკო ნიკოლაშვილს ჩვენებაში არაფერი აქვს ნათქვამი იმის შესახებ, რაზედაც მისი მეორე ადვოკატი მამუკა ნოზაძე საუბრობს. „სოფიკომ 2 ნოემბერს მომხდარი ფაქტი ჩვენებაში დეტალურად აღწერა. გონება რომ ჰქონდა დაკარგული, მას ფოტოები გადაუღეს. შემდეგ „ავერბოვკებდნენ“ და მამამისის საქმიანობაზე, რომელიც ოპოზიციის აქტივისტია, ინფორმაციას სთხოვდნენ. თუ სოფიკო გიორგი სიბაშვილს მოთხოვნებს არ შეუსრულებდა და მასთან არ ითანამშრომლებდა, მას ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ. გოგონას ეშინოდა, რომ ფოტოები ოჯახის წევრებს არ ენახათ და ამიტომაც ყველა მოთხოვნას ასრულებდა. სწორედ გიორგი სიბაშვილმა გამოატანინა მამამისის სეიფიდან იარაღი და დანაშაულის პროვოცირება მოაწყო. რასაც გიორგი სიბაშვილი თავის ჩვენებაში აღწერს, სრული აბსურდია. უახლოეს დღეებში სოფიკო პროკურატურას ჩვენებას მისცემს და გიორგი სიბაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მოვითხოვთ. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა უკვე დანიშნულია“, - აღნიშნავს ადვოკატი მამუკა ნოზაძე.
გიორგი სიბაშვილის ჩვენება
2 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში გიორგი სიბაშვილიც წერს. „სოფიკო მწერდა „ოდნოკლასნიკებში. ამ ყველაფერს ვიგებდი, როგორც მეგობრულ ურთიერთობად. 2011 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში, რიცხვი არ მახსოვს, საღამოს საათებში დამირეკა სოფომ და მითხრა, რომ იმყოფებოდა სოფელ გურჯაანში, უნდოდა ჩემთან შეხვედრა და ისე რომ არ დალოდებია ჩემს პასუხს, მითხრა, სკოლასთან გელოდებიო. იმ მომენტში მეგობრისგან ნათხოვი მქონდა ავტომანქანა „ნივა“ და წავედი სკოლასთან. იქ მისვლისას სოფო დამხვდა მარტო, ჩაჯდა მანქანაში და მთხოვა, ცოტა მოშორებით გავჩერებულიყავით. მე მანქანა წავიყვანე ყველაწმინდის ეკლესიის მხარეს და გავაჩერე სასაფლაოს მიმდებარე გზაზე. ორივე მხარეს არის საცხოვრებელი ბინები და ცხოვრობს ხალხი. მე გზიდან არ გადამიხვევია. გავაჩერე მანქანა გვერდულზე. სოფო იყო ნასვამი. ასდიოდა ალკოჰოლის სუნი. დამიწყო საუბარი, რომ ვუყვარდი სიგიჟემდე და უნდოდა ჩემი მეუღლე გამხდარიყო, რაზეც მე ვუთხარი, რომ მყავდა შეყვარებული, ამიტომ იმედი არ უნდა ჰქონოდა. სოფომ მითხრა, რომ არ მაპატიებდა სხვა რომ მიყვარდა და ყველაფერს გააკეთებდა, რომ ცხოვრება გაემწარებინა. მე მისთვის არაფერი მითქვამს, მივიყვანე და ჩამოვსვი თავის სახლთან. თან ვუთხარი, რომ მასთან მეგობრულ ურთიერთობას აღარ ვაპირებდი და არ შემომხმიანებოდა, - ამბობს გიორგი სიბაშვილი.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ გიორგი სიბაშვილმა, სოფიკო ნიკოლაშვილი პოლიციაში 31 იანვარს, დაახლოებით 17:30 საათზე მიიყვანა. ამ ფაქტს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში გიორგი სიბაშვილიც ადასტურებს.
ის აღნიშნავს, რომ ის და სოფიკო ერთმანეთს კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 16:30 საათზე შეხვდნენ. სიბაშვილი თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ მეგობრის თემურ უტიაშვილის კუთვნილი „ნივის“ მარკის ავტომანქანით მარტო იმყოფებოდა. „მანქანა როგორც გავაჩერე, ჩაჯდა მანქანაში, უკანა სავარძელზე და მითხრა, რომ სასწრაფოდ წავიდეთ აქედანო. მანქანა რომ დავძარი, მითხრა, რომ ზემოთ, ზიარისკენ წადიო. მე ვუთხარი, რომ აქვე ქუჩაში გავჩერებულიყავით, რაზედაც მითხრა, რომ ზემოთ წადი, არავინ დამინახოსო. მე მანქანა წავიყვანე ზიარის მიმართულებით, ე.წ. ქსელებთან რომ მივედი და დავაპირე მანქანის გაჩერება, მითხრა, ცოტა მოფარებულში გააჩერე, გამვლელმა არ დამინახოს მანქანაში ბიჭს რომ ვუზივარო. ამიტომ მე მანქანა ქსელების ზემოთ ჩიხში შევიყვანე. მანქანა რომ გავაჩერე, მომთხოვა გადავსულიყავი და მის გვერდით დავმჯდარიყავი. მე გადავედი. მან სიცილით მითხრა, დაბლა ჩავიდეთ, ვიგუნდაოთო, რაზეც უარი ვუთხარი იმ მიზეზით, რომ მეჩქარებოდა. სოფოს ხელზე ეკეთა ხელთათმანები, რომელიც გაიხადა და მითხრა, ხელზე რაღაც მისვია, დაბლა ჩავალ, თოვლით გავიწმენდავო. სოფო დაბლა ჩავიდა. მე ამ დროს ვიჯექი მძღოლის სავარძლის უკან. მან თოვლით გაიწმინდა ხელები, გახსნა მარჯვენა კარი და მარჯვენა სავარძლიდან აიღო თავისი ხელჩანთა, შიგნით დაუწყო რაღაცას ძებნა, ჯერ გასაღებები ამოიღო, შემდეგ ისევ ჩადო ჩანთაში. მე შევამჩნიე, რომ სოფოს სახეზე ფერი ჰქონდა დაკარგული, თანაც ძალიან ცუდად მიყურებდა, ისე რომ ჩანთაში არც იყურებოდა და თვალს არ მაცილებდა. მე მისმა ამ მოქმედებამ დამაეჭვა, ჩანთის კიდეზე მოვკიდე ხელი და ვუთხარი, ჩამჯდარიყო მანქანაში, მაგრამ მან ჩანთაზე ხელი გამაშვებინა და უცბად ჩანთიდან ამოიღო შავი ფერის პისტოლეტი, ჩანთა დააგდო, რის შემდეგ ორივე ხელით მომიშვირა იარაღი. იარაღს რომ შევხედე, მივხდი რომ იყო დამუხტული, რადგან ჩახმახი იყო გადაწეული უკან. მან ყვირილით მითხრა, „გეგონა გაპატიებდი ყველაფერს, ეხლა უნდა მოგკლაო“. მე შემეშინდა არ ესროლა და დავუწყე დამშვიდება, მაგრამ ის აგრესიულად მიყვიროდა, შენი იარაღი არ ამოიღოო. მან იარაღი მოიტანა ჩემს სახესთან ახლოს, ისე რომ მარჯვენა სავარძლის საზურგეზე ჰქონდა ხელები დადებული. მე დავინახე რომ თითი გამოდებული ჰქონდა სასხლეტზე. მე წყნარად ველაპარაკებოდი, რომ როგორმე მომედუნებინა მისი ყურადღება და იარაღი წამერთმია. ამ საუბრის დროს უცბად მარჯვენა ხელი ვუტაცე ლულაზე და გავწიე მარჯვნივ. იმავდროულად გადავხტი მანქანიდან ისე, რომ არც მას და არც მე იარაღისთვის ხელი არ გაგვიშვია. ეს მოხდა წამებში. გადმოხტომის დროს უცბად სოფომ გაისროლა ჰაერში. ჩვენ ორივე დავეცით მიწაზე. ვცდილობდი იარაღის წართმევას, მაგრამ არ მაძლევდა და მეუბნებოდა, უნდა ჩემი ხელით მოკვდეო. მე მოვახერხე იარაღიდან მჭიდის გამოცლა, მაგრამ იარაღი კვლავ იყო დამუხტული. როგორც იყო წავართვი იარაღი, განვმუხტე. ვაზნა და გასროლილი მასრა მიწაზე დაეცა. ამის შემდეგ მე სოფო წამოვაყენე, ჩავსვი მანქანაში და წამოვიყვანე პოლიციაში, თან წამოვიღე წართმეული იარაღი, რომელიც პოლიციას წარვუდგინე“, - აღნიშნავს გიორგი სიბაშვილი, რომელიც კომენტარს არ აკეთებს.
დარღვევები
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა ჩავატარეთ ექსპერიმენტი, რათა დაგვედგინა, დაახლოებით რა დრო დასჭირდა ამ ყველაფერს. ნივის მარკის ავტომანქანით ზიარის გზაზე, მითითებულ გადასახვევამდე ასვლას დასჭირდა 5 წუთი, 30 წუთი გავჩერდით შემთხვევის ადგილზე და კიდევ 5 წუთი დასჭირდა პოლიციის განყოფილებამდე ჩამოსვლას, სულ 40 წუთი. გურჯაანის პოლიციას სოფიკო ნიკოლაშვილის დაკავების ოქმი 22:30 საათზე აქვს შედგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 4 საათზე მეტხანს, სოფიკო ნიკოლაშვილს პოლიციის სამმართველოში უკანონოდ ამყოფებდნენ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად, დამკავებელმა მოხელემ დაკავების ოქმი დაუყოვნებლივ, პირის დაკავებისთანავე უნდა შეადგინოს. პოლიციას საქმის მასალებში არსებულ სხვადასხვა დოკუმენტებში მითითებული აქვს, რომ სოფიკო ნიკოლაშვილმა გიორგი სიბაშვილს ცეცხლსასროლი იარაღი დაახლოებით 18:30 საათზე ესროლა. არადა, ამ დროისთვის სოფიკო ნიკოლაშვილი უკვე პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდა.
გურჯაანის პოლიციის ხელმძღვანელობის მიერ სოფიკო ნიკოლაშვილის უფლებების დარღვევა ამით არ დამთავრდა. სოფიკო ნიკოლაშვილის ბრალდებულის სტატუსით დაკითხვის ოქმი ადასტურებს, რომ დაკითხვა 01 თებერვალს, 00:40 საათზე დაიწყო და 04:00 საათზე დასრულდა. ბრალდებული შს გურჯაანის სამმართველოს გამომძიებელმა მარინა ფოცხვერაშვილმა დაკითხა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ვალდებულია პირის დაკავებიდან, დაპატიმრებიდან ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 საათისა შეატყობინოს ეს მისი ოჯახის რომელიმე წევრს. პოლიციას და პროკურატურას სოფიკო ნიკოლაშვილის ოჯახის წევრებისთვის მთელი ღამის განმავლობაში არაფერი უცნობებიათ. სოფიკოს მამა, დავით ნიკოლაშვილი ამბობს, რომ გოგონას ახლობლებთან და საავადმყოფოებში ეძებდნენ. „დილით შეგვატყობინეს, რომ სოფო დაკავებული იყო და თელავის იზოლატორში იმყოფებოდა“, - ამბობს დავით ნიკოლაშვილი.
გიორგი სიბაშვილის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მისი დაკითხვა 01 თებერვალს, 00:30 საათიდან 04:00 საათამდე მიმდინარეობდა. სიბაშვილი შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელმა ვახტანგ რუაძემ დაკითხა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამავე დროს გამომძიებელ მარინა ფოცხვერაშვილის მიერ ხდებოდა სოფიკო ნიკოლაშვილის დაკითხვა. გამოძიება აშკარად შეეცადა, გიორგი სიბაშვილის ჩვენების იმგვარად წაყვანას, რომ სოფიკო ნიკოლაშვილის ჩვენებასთან ქრონოლოგიურად წინააღმდეგობაში არ მოსულიყო; დეტალები დამთხვეოდა; გიორგი სიბაშვილს, ნიკოლაშვილის მიერ მის საწინააღმდეგოდ ჩამოთვლილ ბრალდებებზე ეპასუხა და ეს იმგვარად აეხსნა, რომ არ ჰქონია არავითარი ცუდი განზრახვა მის წინააღმდეგ; აი, მაგალითად: „ამ ყველაფერს ვიგებდი, როგორც მეგობრულ ურთიერთობად“; „მე მანქანა წავიყვანე ყველაწმინდის ეკლესიის მხარეს და გავაჩერე სასაფლაოს მიმდებარე გზაზე. ორივე მხარეს არის საცხოვრებელი ბინები და ცხოვრობს ხალხი. მე გზიდან არ გადამიხვევია“.
ბრალდებულის ადვოკატი მამუკა ნოზაძე განმარტავს, რომ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმე გურჯაანის პოლიციას არ უნდა გამოეძიებინა. გიორგი სიბაშვილი, რომლის განზრახ მკვლელობის მცდელობაშიც სოფიკო ნიოკოლაშვილს ბრალი ედება, შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებელია. მისი მამა გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, მამის ძმა გიორგი (გოგიტა) სიბაშვილი კი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილეა.
ჩვენ დავაზუსტეთ, რომ ავტომანქანა „ნივა“ სახელმწიფო ნომრით UIU - 251, რომლითაც ინციდენტის დროს სიბაშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ორკარიანია. გიორგი სიბაშვილი თავის ჩვენებაში აღწერს, რომ ინციდენტის დროს ის მძღოლის სავარძლის უკან იჯდა, სოფიკომ კი მარჯვენა სავარძლიდან აიღო ხელჩანთა.... ამოიღო იარაღი და ორივე ხელით მას მიუშვირა: „იარაღი მოიტანა ჩემს სახესთან ახლოს, ისე რომ მარჯვენა სავარძლის საზურგეზე ჰქონდა ხელები დადებული. მე დავინახე რომ თითი გამოდებული ჰქონდა სასხლეტზე. მე წყნარად ველაპარაკებოდი, რომ როგორმე მომედუნებინა მისი ყურადღება და იარაღი წამერთმია. ამ საუბრის დროს უცბად მარჯვენა ხელი ვუტაცე ლულაზე და გავწიე მარჯვნივ. იმავდროულად გადავხტი მანქანიდან ისე, რომ არც მას და არც მე იარაღისთვის ხელი არ გაგვიშვია. ეს მოხდა წამებში. გადმოხტომის დროს უცბად სოფომ გაისროლა ჰაერში. ჩვენ ორივე დავეცით მიწაზე“.
თუ გიორგი სიბაშვილი მართლაც მძღოლის უკან სავარძელში იჯდა, სოფიკო იდგა მარჯვენა სავარძელთან, საზურგეზე ხელები ჰქონდა დადებული და ისე უმიზნებდა იარაღს, სიბაშვილმა, რომელმაც „უცბად მარჯვენა ხელი იარაღზე უტაცა“ და კიდევ მარჯვნივ გაწია, ორკარიანი „ნივა“-დან გადახტომა როგორ მოახერხა, ისე რომ იარაღზე ხელი არ გაუშვია? ეს კითხვა გამოძიებას არ დაუსვამს.
დავით ნიკოლაშვილი ამბობს, რომ სოფიკოს იარაღი ხელში არასდროს დაუჭერია და არც მისი მოხმარება იცოდა. საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. „ტანფოლიოს“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი მცველითაა აღჭურვილი.
„იარაღს სეიფში ვინახავდი ყოველთვის, სეიფი დაკეტილი იყო. „ტანფოლიოს“ პისტოლეტს მცველი აქვს, რომელიც ყოველთვის დაკეტილი მქონდა, თუ არ გახსნიდი, ისე არ ისვრის. გარდა ამისა, პისტოლეტიდან მჭიდიც ამოღებული მქონდა და არც ვაზნები იდო შიგ. სოფიკო ამ ყველაფრის აწყობას თვითონ ვერ მოახერხებდა“, - ამბობს დავით ნიკოლაშვილი.
ბრალდებულის მამა მომხდარს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. „ეს ხაფანგი ჩემს წინააღმდეგ იყო დაგებული, რომელშიც სოფიკო გაება. ყველაზე სუსტ წერტილში დამარტყეს. ეს საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია. კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი რევოლუციამდე კენჭს იყრიდა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად. მე მაშინ ნიკა კვეზერელის საარჩევნო შტაბის უფროსი ვიყავი. გიორგი სიბაშვილმა არჩევნები წააგო. მერე კიდევ მოგვიხდა დაპირისპირება. ის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო გილიგაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, მე მეორე კანდიდატის. არჩევნები ისევ წააგეს. იქიდან მოდის ეს ბოღმა. ჩემთვის დიდი ხანია ანგარიშის გასწორება უნდოდა“, - ამბობს დავით ნიკოლაშვილი, რომელიც 2008 წელს პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის გურჯაანის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, შემდეგ „ქართული პარტიის“ ადგილობრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. 2011 წლის ოქტომბრიდან ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ის რაიონში ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შემგროვებელ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
დავით ნიკოლაშვილის ბრალდებებს კახეთის ვიცეგუბერნატორი გიორგი სიბაშვილი არ ადასტურებს. „სავარაუდოდ, გოგონას გიორგი უყვარდა. ვერ დაითანხმა რომ ცოლად შეერთო და შურისძიება გადაწყვიტა. შეიძლება ეს ყველაფერი გიორგის სიკვდილით დამთავრებულიყო. გასაგებია, რომ მე მისი ბიძა ვარ, მამა პოლიციის უფროსის მოადგილეა და თვითონაც პოლიციელია, გოგონას მამა კი ოპოზიციის აქტივისტია, მაგრამ, ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა, სადაც დაზარალებული შეიძლება იყოს ნებისმიერი პიროვნება“, - აღნიშნავს ვიცეგუბერნატორი.
სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 2012 წლის 9 მარტს,13:00 საათზეა დანიშნული.
ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი
გაგრძელება იქნება
© 2012 კახეთის საინფორმაციო ცენტრი. ყველა უფლება დაცულია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია.
თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ.
ვიდეო
თელავის გამგებელს კორუფციაში ადანაშაულებენ – შვილებს გეფიცებით არაფერ შუაში ვარ
ვიდეო
მელორ ვაჩნაძის სასამართლო პროცესი
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












