ყურძნის მოსავალი და ხარისხიც დაბალი იქნება
ხუთშაბათი, 12 აგვისტო 2010 12:33
წელს კახეთში რთველი 24 აგვისტოს დაიწყება. ამის შესახებ განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ყვარელში გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობა ბაკურ კვეზერელმა პრეზიდენტს ვერ განუმარტა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამინისტროს პროგნოზირების სამსახური არ გააჩნია. ამ ეტაპისთვის კვეზერელი შემოიფარგლა იმ მწირი ინფორმაციით, რომ კახეთის მასშტაბით მიმდინარე წელს, ყურძნის მიმღები 34 პუნქტი იმუშავებს.
„თვენახევრიან რთველზე გადავდივართ, რაც ადრე საოცნებო იყო. წინა წლებში გვქონდა 20-დღიანი რთველი, დიდი რიგები და ეს აისახებოდა ხარისხზეც“, - განაცხადა კვეზერელმა.
არსებული ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანამ ყურძნის ყველაზე დიდი მოსავალი 2007 წელს მოიწია, როდესაც პროდუქციის რაოდენობამ 227 000 ტონა შეადგინა. 2006 წელს ქვეყანამ 163 000 ტონა ყურძენი მიიღო. ყველაზე ნაკლები, 130 000 ტონა ყურძენი დაფიქსირდა 2008 წელს. სახარბიელო მდგომარეობა არც შარშან გვქონია, თუმცა მეტი მოსავლის მიღება მოხერხდა და ყურძნის მოსავალმა, დაახლოებით, 180 000 ტონა შეადგინა.
ექსპერტები წელს გაცილებით ნაკლებ მოსავალს ვარაუდობენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი აზრით, ქართული ვაზი შესაძლოა, დიდი საშიშროების წინაშე აღმოჩნდეს. ასე ფიქრობს სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტი პაატა კოღუაშვილი, რომლის განმარტებითაც, სტიქიისგან მიყენებული ზარალის გამო, წელს საეჭვო იქნება ყურძნის ხარისხიც.
„ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი პრეზიდენტს ვერ პასუხობს იმის შესახებ თუ რა მოსავალი გვექნება წელს. კვეზერელმა თქვა, რომ პროგნოზი თვის ბოლოს იქნება. სამინისტროს უნდა ჰქონდეს პროგნოზირების სამსახური, რაც სამწუხაროდ, არ გააჩნია“, - აცხადებს კოღუაშვილი და განმარტავს, რომ რთველი ტრადიციულად იწყება 24-25 აგვისტოს და ძალაში შედის სექტემბრიდან.
„როცა პრეზიდენტმა ჰკითხა სტიქიისგან მიყენებულ ზარალზე, კვეზერელმა უპასუხა, დაისეტყვაო და 2 რაიონი ჩამოთვალა. სერიოზული ზარალი მიიღეს ლაგოდეხის, თელავის, გურჯაანისა და ყვარლის რაიონებმა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შარშანდელზე მეტი მოსავალი მივიღოთ. ის, რომ რთველი 40 დღე გაგრძელდება, კარგია. ამაში თუ კვეზერელმა ყურძნის შაქრიანობა-სიმწიფე თუ იგულისხმა, ნამდვილად სწორია. კარგი იქნება, თუ ამის მიხედვით გაიწელება სეზონი. ავადსახასენებელ კომუნისტურ ეპოქაშიც კი, აგრონომი მიდიოდა კოლმეურნეობებში, ამოწმებდა ყურძნის სიმწიფეს და ამის მიხედვით იწყებოდა კრეფა, შესაბამისად, მზადყოფნაში იყო ქარხნებიც, სადაც ეს ყურძენი უნდა ჩაებარებინათ.
საშამპანურე ჯიშის შემთხვევაში, 16, არაუმეტეს 17% უნდა იყოს შაქრიანობა, რომ შამპანური დამზადდეს. სხვადასხვა სახეობის ღვინისთვის საჭიროა სხვადასხვა შაქრიანობა. თუ ეს დონე აქვთ მიღწეული და სწორედ ეს იგულისხმა მინისტრმა, კარგის მეტი არ ითქმის, მაგრამ მე ეჭვი მეპარება“, - ამბობს პაატა კოღუაშვილი.
მისი თქმით, საქართველოში სოფლის მეურნეობის ძალიან დიდი პოტენციალი აუთვისებელია და სახელმწოფოს მიერ დარგის დასახმარებლად გაწეული დახმარება პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ არის. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართული ყურძნის ხარისხი დაბალია.
„ის, რომ ხარისხი წელს დაბალი იქნება, მინისტრის სიტყვებიდანაც გამოჩნდა. ცხადია, დასეტყვილი ყურძენი მაღალი ხარისხის ღვინოს ვერ მოგვცემს. მისი გამოყენება სასურველია წვენის საწარმოებლად ან დაბალი ხარისხის სპირტიანი სასმელებისთვის. მთავარია, რომ სახელმწიფო თვითონ ეწეოდეს პროპაგანდას და მოსახლეობას მოახმარდეს ნატურალურ წვენებს. ამის კულტურა აქ არ არის.
სკანდინავიის ქვეყნებში, მაგალითად შვედეთში, სახელმწიფოს აქვს სპეციალური პროგრამა და სკოლებში ბავშვებს უფასოდ ასმევს ნატურალურ წვენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჯანსაღ თაობაზე ზრუნავს. ჩვენთან სოფლის მეურნეობის ძალიან დიდი პოტენციალი აუთვისებელია. გლეხობას მოწეული პროდუქციის რეალიზაციაში უნდა დავეხმაროთ. სახელმწიფო და მისი შესაბამისი სტრუქტურა ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს. სხვა შემთხვევაში, ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით.
პრეზიდენტმა სწორად აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ქართული ღვინო მხოლოდ ტრადიციულ, ძველ გასტრონომებში იყიდებოდაო. ამის მიზეზი არასწორი მარკეტინგული სვლაა“, - აცხადებს ექსპერტი. მისი განმარტებით, ახალი მეღვინეობის ქვეყნებმა, პრაქტიკულად, ყველა ბარიერი გადალახეს და ევროკავშირის ბაზრებში შესაღწევად მაღალი ხარისხით და მისაღები ფასით ყველანაირი ზღუდე დაძლიეს.
„ცხადია, შარშანდელზე ნაკლები მოსავალი გვექნება. ვენახი სერიოზულად დაგვესეტყვა, მძიმე დღე შეგვექმნა ველისციხეში, რომელიც ერთ-ერთი დიდი სამეწარმეო ბაზა იყო. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინო. ამ მიმართულებით მეღვინეებთან სერიოზული საუბრებია საჭირო.
ქართული ღვინის რეალიზაციას უდიდესი პრობლემები აქვს. ევროკავშირის კანონმდებლობა მეღვინეობის პროდუქციას დიდ მოთხოვნებს უყენებს, ევროკავშირის ბაზარი მაქსიმალურად დაცულია. ამიტომ არაფერი გამოვა, თუ რაღაც გამონაკლისი არ დაუშვეს.
მარტო წლევანდელ მოსავალზე არ არის საუბარი, ჩვენი მომავალი კეთილდღეობა ამაზეა დამოკიდებული. ეს არ არის ემოცია, ჩვენი სინამდვილეა. ქართული ყურძენი უნიკალურია და უნდა გავუფრთხილდეთ“, - აცხადებს კოღუაშვილი.
მარი ჩიტაია http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=3042
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












