01:59:44

Share |

ახალი მეჩეთი

amur_khangoshviliპანკისის ხეობაში დიდი „ვაჰაბიტური“ მეჩეთი, რომელსაც უკვე „სოფლის მშვენებას“ უწოდებენ, სუფისტების სალოცავის საძირკველზე შენდება. ზუსტად ასე ანაცვლებს ქისტურ სოფლებში ახალი რელიგიური განშტოება ძველ, მუსლიმურ ტრადიციებს. „ლა ილაჰა ილლა ლლაჰ“, - „არ არს  ღმერთი თვინიერ ალაჰისა“, - მღერის თეთრთავსაფრიანი ქალბატონი, საფეთქელთან ხელს იდებს, თვალებს ხუჭავს და წრეზე დადის. ათიოდე ხანშიშესული ფეხშიშველი ქალი ტაშს უკრავს, ფეხებს რიტმულად აბაკუნებს და წამღერებით ლოცულობს.

ეს ხმამაღალი „ზიქრის“ რიტუალია, რომელსაც პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტი ქალები მათი სულიერი ლიდერის, ქუნტა ჰაჯის პატივსაცემად ასრულებენ, „ზიქრის“ რიტუალით - სიმღერით და სხვადასხვა მოძრაობით - მორწმუნეები ტრანსს აღწევენ, რითაც ღმერთს უახლოვდებიან. აქაური სუფისტები თავს ტრადიციული ისლამის მიმდევრებსაც უწოდებენ.

 ორიოდე კილომეტრის დაშორებით „ახალი მეჩეთის“ მინარეთიდან აზანი ისმის - იმამი მორწმუნეებს სალოცავად მოუწოდებს. წვერიანი, შარვალაკაპიწებული ახალგაზრდა კაცები პარასკევის სავალდებულო ლოცვისთვის ემზადებიან. დაახლოებით ასე, წვერითა და კოჭებამდე სამოსით დადიოდა მეშვიდე საუკუნეში მუჰამედი. ისლამის იმ მიმდინარეობის წარმომადგენლებს, რომელიც საუდის არაბეთში სახელმწიფო რელიგიადაა გამოცხადებული, „ვაჰაბიტებს“ უწოდებენ.

 დღეს პანკისში ხშირად ნახავთ მამა - შვილს, რომლებიც სალოცავად ამ ორ სხვადასხვა მეჩეთში დადის, ანდა ძმებს, რომელთაგან ერთი „ვაჰაბიტია“, მეორე კი სუფისტურ ტრადიციებს იცავს.

 პანკისის ხეობის 6 ქისტურ სოფელში დისონანსი ახალი მუსლიმური განშტოების, „ვაჰაბიზმის“ გამოჩენამ 1990-იან წლებში შეიტანა. თუკი მანამდე ხეობის მკვიდრები კავკასიაში გავრცელებულ სუფიზმს მისდევდნენ, ვაჰაბიზმი იქ 15-იოდე წლის წინათ არაბულ ქვეყნებში განათლებამიღებულმა ახალგაზრდებმა შეიტანეს. დღეს ამ რელიგიურ განშტოებას ძირითადად ახალი თაობის ქისტები ირჩევენ, ხანშიშესულები კი „ტრადიციული ისლამის“ ერთგულები არიან.

 თუმცა, პანკისში რელიგია სხვადასხვა მიმდინარეობის მუსლიმებს შორის მწვავე კონფლიქტის მიზეზი არასდროს გამხდარა, ალბათ იმიტომაც, რომ ამ სოფლებში ძირითადად  ნათესავები ცხოვრობენ, რომლებსაც მჭიდრო ოჯახური კავშირები, ისტორია და ტრადიციები აერთიანებთ. ამავე მიზეზით დაპირისპირება ტრადიციულ და „ახალ“ მუსლიმებს შორის აქამდე მხოლოდ პირად საუბრებსა და ყოველდღიურ ურთიერთობებში მჟღავნდებოდა.

 პირველი კონფლიქტი, რომელიც ხეობის საზღვრებს გასცდა, ორი თვის წინათ მეჩეთის გამო წარმოიშვა. ყოფილი სკოლის ძველი შენობა 20-იოდე წლის წინათ ტრადიციული ისლამის მიმდევრებმა მეჩეთად გადააკეთეს. მალევე ამავე შენობაში ერთი ოთახი „ვაჰაბიტებად“ მონათლულმა ქისტებმა დაიკავეს. რამდენიმე წლის განმავლობაში ორივე მიმდინარეობის წარმომადგენლები ერთ ჭერქვეშ ლოცულობდნენ. შენობა ორად იყო გაყოფილი, რადგან, სოფელ ბირკიანის უხუცესების თქმით, „მათი ერთად ლოცვა არ გამოდიოდა, რიტუალები ერთმანეთისგან განსხვავდება“.

 ორი თვის წინ კი ახალგაზრდებმა ძველი მეჩეთის დანგრევა და მის ნაცვლად ახლის აგება გადაწყვიტეს.  შეურაცხყოფილი მუსლიმები დროდადრო მიდიოდნენ მეჩეთთან და „ვაჰაბიტებს“ მშენებლობის შეჩერებას სთხოვდნენ. ერთ დილას კი ბირკიანის უხუცესმა ქისტებმა გაიღვიძეს და შენობა ნახევრად დანგრეული დახვდათ. ამის შემდეგ ერთ-ერთის სახლში მოაწყვეს სალოცავი და რელიგიური რიტუალების ჩატარებაც იქ განაგრძეს.

 ეს ამბავი ხეობის საზღვრებს არც გასცდებოდა, რომ არა პრესა, რომელმაც ორი თვის წინანდელი ამბავი სენსაციად აქცია და ერთი სოფლის ლოკალური კონფლიქტი ქართული ჯიშის გადაგვარების მიზანმიმართულ კამპანიად წარმოაჩინა. ამ ვერსიის მიხედვით, ხეობაში მომძლავრებული „ვაჰაბიტები“ ერთიანი კავკასიური ხალიფატის შექმნას ისახავენ მიზნად და თითქოს ამისთვის საქართველოს კუთხეებიც უკვე დანაწილებულია - პანკისი არაბებმა ჩაიბარეს, ქვემო ქართლი -  ირანელებმა, აჭარა კი - თურქებმა. დაფინანსებას ისინი არაბული ორგანიზაციებიდან იღებენ.

 ბირკიანელები აღიარებენ იმას, რომ მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო თანხის ნაწილი საზღვარგარეთიდან შემოდის. თუმცა, მათი თქმით, ადგილობრივი „ვაჰაბიტების“ ფინანსურ მხარდაჭერაზე, არაბული ორგანიზაციები კი არა, საზღვარგარეთ წასული პანკისელი ემიგრანტები ზრუნავენ. ისინი ხეობაში დარჩენილ „ჯამაათს“ - ანუ მორწმუნეებს ახალი მეჩეთის აშენებასა და არაბულ ქვეყნებში სასწავლებლად წასვლაში ეხმარებიან.

 „ლიბერალთან“ საუბარში „ვაჰაბიტებიცა“ და ტრადიციული ისლამის მიმდევრებიც მედიის შეფასებებს გაბუქებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ სინამდვილეში ხეობაში გაჩენილი კონფლიქტი უფრო შიდა გაუგებრობაა, რომლის საფუძველიც რელიგიურ რიტუალებს შორის განსხვავება გახდა.

 სოფელ დუისის „ახალი მეჩეთის“ იმამმა, ამურ ხანგოშვილმა სასულიერო განთლება ლიბანში მიიღო, დღეს კი პანკისელ ჯამაათს ყურანს არაბულად უკითხავს. ხანგოშვილი ქართულადაც გამართულად ლაპარაკობს და ორ რელიგიურ მიმდინარეობას შორის არსებულ სხვაობას გვიხსნის.

 ხმამაღალი „ზიქრის“ სუფისტური ტრადიცია კავკასიაში ჩეჩენმა სულიერმა ლიდერმა ქუნტა ჰაჯიმ მეცხრამეტე საუკუნეში შეიტანა. ამ რიტუალს პანკისელი ტრადიციული ისლამის მიმდევრები დღემდე ასრულებენ, „ვაჰაბიტების“ ახალი თაობა კი „ზიქრის“ ტრადიციას უარყოფს და მაჰმადიანურ რელიგიაში მუჰამედის შემდეგ შეტანილ არც ერთ სიახლეს არ აღიარებს. მათთვის სარწმუნოება ყველაზე მაღლა დგას - ეროვნებასა და მამულზეც კი. სწორედ ასეთი მიდგომის გამო, ახალგაზრდა „ვაჰაბიტებს“ ხშირად ფუნდამენტალისტებს უწოდებენ. „ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ რიტუალს, რომელიც მუჰამედს არ შეუსრულებია“ - ამბობს 28 წლის იმამი.

 ახალი თაობის მაჰმადიანები უარყოფენ „ტრადიციულ ისლამში“ დამკვიდრებულ უსთაზსაც - ანუ სულიერი მასწავლებლის ინსტიტუტს და ამბობენ, რომ ალაჰთან შუამავალი არ სჭირდებათ.

 ამ განსხვავების გამო, ახალგაზრდა მაჰმადიანები უხუცესი ნათესავების რწმენას აგდებულად უყურებენ. ამის მიზეზი ისიცაა, რომ უფროსი თაობის სუფისტებს თავიაანთი რელიგიის არსი ბოლომდე არ ესმით. ქისტი ისტორიკოსი და სოფელ დუისის მკვიდრი ხასო ხანგოშვილი აცხადებს: „მათ არ ჰყავთ თეოლოგი, რომელიც სუფისტური რიტუალების არსს ისლამზე დაყრდნობით განმარტავდა“.

 პანკისი ერთადერთი ადგილია მთელ საქართველოში, სადაც სუფისტური მეჩეთი დღემდე არსებობს. თუმცა, ამ მეჩეთში მლოცველთა რიცხვი დღითი დღე მცირდება. ახალგაზრდები არჩევანს ძირითადად „ვაჰაბიზმის“ სასარგებლოდ აკეთებენ. მათთვის ეს მიმდინარეობა, შეიძლება ითქვას, ყველაფერი ახლის სინონიმია. საზღვარგარეთ განათლების მიღების შანსი, მშენებარე მეჩეთი, რომელსაც ბირკიანში უკვე „სოფლის მშვენებას“ უწოდებენ და უცხოეთში წასული ემიგრანტებისგან მიღებული ფულადი დახმარება - ახალგაზრდა პანკისელების არჩევანს ეს ფაქტორებიც განაპირობებს.

 სოფელ ბირკიანში მხოლოდ 30 უხუცესი დარჩა, დანარჩენებმა კი „ვაჰაბიზმი“ მიიღეს. დუისელი ხასო ხანგოშვილი სინანულით ჰყვება, რომ შვილმა რამდენიმე ხნის წინ მას ახალ მეჩეთში თავის თანატოლებთან ერთად ლოცვის ნებართვა სთხოვა. „ხომ არ დავუშლიდი, ეს მისი აჩევანია“, - ამბობს ხანგოშვილი. იმის გამო, რომ ხასო და სოფელში დარჩენილი უხუცესი მომავალ თაობაზე გავლენას ნელ-ნელა კარგავენ, პანკისის ხეობაში სუფისტურ ტრადიცებს გაქრობის საფრთხე ემუქრება.

 ეკა ჭითანავა http://www.liberali.ge/node/2324

 ფოტოზე: სოფელ დუისის ახალი მეჩეთის იმამი ამურ ხანგოშვილი  / კახეთის საინფორმაციო ცენტრის ფოტო

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy