00:37:24

Share |

მაჟორიტარი დეპუტატი 820 ჰა მიწის მეპატრონეა

მაჟორიტარი დეპუტატი 820 ჰა მიწის მეპატრონეადედოფლისწყაროს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტის წევრს ავთანდილ ლეკაშვილს 820 ჰა მიწა აქვს საკუთრებაში. აქედან დეპუტატი 482 ჰა საძოვარს დედოფლისწყაროს რაიონში ფლობს, 275 ჰა-ს ნინოწმინდის რაიონში და 63 ჰა სახნავ - სათეს მიწას შირაქში. ლეკაშვილის თქმით, მიწები მან მანამდე იყიდა, სანამ პარლამენტის წევრი გახდებოდა. მისივე თქმით, 1 ჰა საძოვარი 30 ლარად აქვს ნაყიდი, 1 ჰა სახნავ - სათესი კი 440 ლარად. რა გზა გაიარა ავთანდილ ლეკაშვილმა დეპუტატობამდე?

ავთანდილ ლეკაშვილის შრომითი ბიოგრაფია 1972 წლიდან იწყება. პროფესიით ეკონომისტი ლეკაშვილი 1972 – 81 წლებში ქალაქ წითელწყაროს კოლმეურნეობაში, კოლმეურნედ მუშაობდა; 1981 წლის ივნისიდან 1985 წლის მაისის ჩათვლით, წითელწყაროს რაიკომის კომკავშირული ორგანიზაციის განყოფილების გამგედ; მომდევნო სამი წლის განმავლობაში წითელწყაროს ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობის კ/პარტორგანიზაციის მდივანია; 1988 წლის მარტიდან 1990 წლის აპრილამდე წითელწყაროს რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი; 1990 წლიდან წითელწყაროს ორჯონიკიძის სახელობის კოლმერნეობის თავმჯდომარე; 1999 – 2003 წლებში სტატისტიკის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების უფროსი; 2003 წლის თებერვალში დედოფლისწყაროს რაიონის გამგებლად დაინიშნა, სადაც 2004 წლის თებერვლამდე იმუშავა. 2008 წლის ივნისიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. დედოფლისწყაროს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. ლეკაშვილი პარლამენტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრია. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 საჯარო სამსახურის ბიუროს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ავთანდილ ლეკაშვილის სახელზე ქონებრივი მდგომარეობის 2 დეკლარაციაა რეგისტრირებული. პირველი დეკლარაცია ლეკაშვილს 2009 წლის 24 აპრილს აქვს შევსებული, ხოლო მეორე დეკლარაცია 2010 წლის 6 ივნისით არის დათარიღებული.

 პირველ დელარაციაში ავთანდილ ლეკაშვილს მისი ან ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გრაფაში მონაცემები შეტანილი არ აქვს. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ავთანდილ ლეკაშვილს „საქართველოს ბანკში“ საბარათე ანგარიშზე 20 ლარი ერიცხებოდა; ამავე ბანკში საკრედიტო ანგარიშზე 19 000 აშშ დოლარი; „სტანდარტ ბანკში“ საკრედიტო ანგარიშზე 10 000 აშშ დოლარი და „ტაოპრივატ ბანკში“ ასევე საკრედიტო ანგარიშზე 42 000 აშშ დოლარი. დეკლარაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ 2008 წელს, ავთანდილ ლეკაშვილის მიღებული შემოსავალი 27 932 ლარი იყო; მისი მეუღლის ცისანა ლეკაშვილის წლიური შემოსავალი კი 13 500 ლარს შეადგენს. დეპუტატის მეუღლე დედოფლისწყაროს შპს საავადმყოფო პოლიკლინიკურ გაერთიანებაში ექიმი - რადიოლოგია.

 პირველი დეკლარაციისგან განსხვავებით, მეორე დეკლარაციაში ავთანდილ ლეკაშვილს მისი ან ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გრაფაში მონაცემები შეტანილი აქვს. ავთანდილ ლეკაშვილის სახელზე ირიცხება: დედოფლისწყაროში, ევდოშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი; დედოფლისწყაროს რაიონში მიწის სახნავი ნაკვეთი ფართობით 630 000,0 კვ.მ; დედოფლისწყაროს რაიონში მიწის ნაკვეთი საძოვარი, ფართობით 4 820 000,0 კვ.მ; ნინოწმინდის რაიონში მიწის ნაკვეთი საძოვარი, ფართობით 2 750 000,0 კვ.მ. ცისანა ლეკაშვილის სახელზე ირიცხება - თბილისში, ვაჟა ფშაველას 51-ში მდებარე ბინა ფართობით 42,0 კვ.მ. 2009 წელს ავთანდილ ლეკაშვილს „საქართველოს ბანკიდან“ აღებული 6 წლიანი სესხით 24 000 აშშ დოლარად ღირებული მსუბუქი ავტომანქანა აქვს შეძენილი. დეკლარაციის შევსების დროისთვის ავთანდილ ლეკაშვილს „საქართველოს ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე ერიცხება 500 ლარი; ამავე ბანკში საკრედიტო ანგარიშზე 1850 ლარი, ხოლო ცისანა ლეკაშვილს „ტაოპრივატ ბანკში“ საკრედიტო ანგარიშზე 800 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ 2009 წელს, ავთანდილ ლეკაშვილის მიღებული შემოსავალი 46 521 ლარს შეადგენს, ხოლო ცისანა ლეკაშვილის 9994 ლარს. ავთანდილ ლეკაშვილის შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან 53 000 ლარია.

 „ცხვარიც მყავს და ფერმაც მაქვს. ქონება მანამდე შევიძინე, სანამ პარლამენტის წევრი გავხდებოდი. წლების განმავლობაში ფერმერი ვიყავი“, - განუცხადა ლეკაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

როგორ მოახერხა ლეკაშვილმა მნიშვნელოვანი უძრავ - მოძრავი ქონების დაგროვება და როგორ ლობირებს ის საკუთარ ბიზნესინტერესებს პარლამენტიდან? ამ საკითხებზე კახეთის საინფორმაციო ცენტრი ვრცელ მასალას მალე შემოგთავაზებთ.

 

ნატალია სარქისაშვილი

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy