01:48:58

Share |

სწრაფი სიკვდილი

სწრაფი სიკვდილიერთი შეხედვით უვნებელი ანტიდეპრესანტისგან, რომელიც აფთიაქებში იაფად იყიდება, ქართველი ნარკომანები ხელოვნურ ნარკოტიკს ამზადებენ. ცოტამ თუ იცის, რომ პირველივე ინექციას შესაძლებელია ფატალური შედეგი მოჰყვეს.

შენიშვნა: ვაცნობიერებთ, რომ ეს მასალა შესაძლებელია არასრულწლოვანებისთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდეს, ამიტომ, შეგნებულად არ ვასახელებთ იმ პრეპარატის სახელწოდებას, რომლის შესახებაც სტატია დაიწერა.

 უბრალოდ თქვი „არა! მე მას ვაჯობებ! ის ჩემს ტვინს ალპობს! მე შემიძლია ვიყო მე, როცა უარს ვიტყვი მასზე!“ ეს ამერიკული ანტინარკოტიკული სლოგანებია და ამ ნაცვალსახელში ხან კანაფს, ხან ჰეროინს და ხანაც ჰაშიშს გულისხმობენ.

 იმ სამედიცინო პრეპარატზე, რომლის შესახებაც არის ეს სტატია, მსგავსი სლოგანის მოგონება არავის უფიქრია, რადგან მას მთელ მსოფლიოში  მხოლოდ დანიშნულებისამებრ მოიხმარენ, ანუ როცა დეპრესიას ებრძვიან. გამონაკლისი მხოლოდ საქართველო და რუსეთია.

 „არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა“ - წერია იმ ფრანგული ფარმაცევტული კომპანიის კალენდარზე, რომელმაც ანტიდეპრესანტის წარმოება 1987 წელს დაიწყო.

 კომპანიის ფარმაცევტების მტკიცებით, 12.5- მილიგრამიანი ანტიდეპრესანტის  დღეში 1-3 ტაბლეტი უებარი საშუალებაა როგორც მსუბუქი შინაგანი აღგზნების, ისე მძიმე დეპრესიის სამკურნალოდ. ამ პრეპარატს სხვა ანტიდეპრესანტებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენა ახასიათებს. მაგალითად, უძილობასა და ღამის კოშმარებს იწვევს, თუკი პაციენტი ტაბლეტს გვიან საღამოს მიიღებს. სამაგიეროდ, სხვა ანტიდეპრესანტებისგან განსხვავებით, არ იწვევს სექსუალურ დისფუნქციას და მის მომხმარებლებს არც წონის მატების პრობლემა ექმნებათ.

 საქართველოში ეს პრეპარატი 2003 წლიდან იყიდება. თუმცა 3 წელიწადში გაირკვა, რომ დეპრესიასთან ბრძოლის უსაფრთხო და ეფექტური საშუალებით ქართველებმა ძვირადღირებული ნარკოტიკები ჩაანაცვლეს. ნარკომანებმა აღმოაჩინეს, რომ მაშინ, როცა შავ ბაზარზე ერთი ტაბლეტი სუბუტექსი დაახლოებით 500 ლარი ღირს, აფთიაქში დაახლოებით 40 ლარად ნაყიდი პრეპარატით წარმოუდგენელი „კაიფის“ მიღწევა შეიძლებოდა. ეს „ცოდნა“ საქართველოში, სავარაუდოდ, რუსეთის გავლით გავრცელდა, სადაც, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სუროგატი ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი დრამატულად იზრდება.

 სხვა მედიკამენტებისგან განსხვავებით, რომლებსაც ხელოვნური ნარკოტიკის მისაღებად იყენებენ, ამ პრეპარატისგან ნარკოტიკი ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე მზადდება და გაცილებით უფრო სწრაფად ანგრევს ორგანიზმს, ვიდრე იგივე ჰეროინი და კოკაინი.

 „შეიძლება ათეულობით წელი გავიდეს, ვიდრე სუფთა ნარკოტიკების მომხმარებლებს ინტელექტუალური დეგრადაცია, მეხსიერების პათოლოგიები და  დეპრესია შეაწუხებთ. ამ პრეპარატის შედეგები კი გაცილებით მძიმეა. მის მიღებას მალევე შეიძლება მოჰყვეს სიბრმავე და კიდურების სისხლძარღვების თრომბოზი“, - ამბობს ნარკოლოგი ირა ამნიაშვილი.

 ორი კვირის წინ ანგიოქირურგმა დავით დევიძემ ამ სუროგატი ნარკოტიკის ერთ - ერთ მომხმარებელს თითები მოჰკვეთა. დევიძის თქმით, პაციენტი კიდევ იოლად გადარჩა, რადგან წამლის ჭარბი დოზისგან მთლიანად ხელის ამპუტაციის საფრთხე იდგა. მისი თქმით, ეს წამალი იმდენად სწრაფად მოქმედებს, რომ ხელის ან ფეხის ამპუტაციის საშიშროება პირველივე ან მეორე ინექციის შემდეგ ჩნდება. ექიმთან დაგვიანების შემთხვევაში, ინტოქსიკაცია ისე სწრაფად მიმდინარეობს, რომ შესაძლებელია, ლეტალური შედეგიც მოჰყვეს.

 საქართველოში არ არსებობს ამ პრეპარატის  მომხმარებელთა ოფიციალური სტატისტიკა, რადგან მათ არც ერთი ნარკოლოგიური კლინიკა ცალკე არ აღრიცხავს. ეს ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიცაა, რადგან წამალზე დამოკიდებულები ერთდროულად რამდენიმე ტიპის ნარკოტიკს მოიხმარენ. ერთადერთი სახელმწიფო ნარკოლოგიური კლინიკის მონაცემები კი, იმის შესახებ, რომ 3 წლის განმავლობაში მკურნალობა ამ კონკრეტულ სუროგატ ნარკოტიკზე  მათთან 35-მა პაციენტმა ჩაიტარა, სრულ სურათს არ ასახავს. პრობლემის მასშტაბურობას მხოლოდ ის ადასტურებს, რომ, ნარკოლოგების საერთო შეთანხმებით, 2006 წლიდან დღემდე მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში სტაბილურად მაღალია.

 ქართველმა ნარკომანებმა ანტიდეპრესანტი პირველად მაშინ „აღმოაჩინეს“, როცა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი ანტინარკოტიკული კამპანია დაიწყო, რის შედეგადაც ქვეყანაში ნარკოტიკის რაოდენობა შემცირდა და ფასიც გაიზარდა.

 ორი წლის წინ 24 წლის ს-მ, რომელიც ნარკოტიკს 14 წლიდან მოიხმარდა, ეს პრეპარატი პირველად სწორედ იმიტომ გასინჯა, რომ სხვა ნარკოტიკი ვერ იშოვა. „რომ გავიღვიძე, ძალიან ცუდად ვიყავი. ლომკა მქონდა და ახლობელმა ეგ გამიკეთა. აზრზეც არ ვიყავი, რა შედეგი მოჰყვება ამას“, ამბობს ს, რომელიც მანამდე ძირითადად ძვირადღირებულ ნარკოტიკებს მოიხმარდა. „კვირაში 3000 დოლარზე მეტს ვხარჯავდი წამალში. ხან ეს იყო, ხან სხვა ნარკოტიკი. მეკიდა, რას ვიკეთებდი“, - ამბობს ს. ცოტა ხნის წინ ს-მ ნარკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობის კურსი ჩაიტარა, მაგრამ მის გადაგვარებულ ღვიძლს ვეღარაფერი უშველეს. ს. მკურნალობის შემდეგ, უკვე რვა თვეა, ნარკოტიკს აღარ იღებს. დღეს ამბობს, რომ თუკი ოდესმე ცდუნებას ისევ ვერ გაუძლებს, ანტიდეპრესანტს ახლოს არ გაეკარება. მის მეგობარს ორი კვირის წინ სწორედ ამ ნარკოტიკის მოხმარების გამო ფეხი მოჰკვეთეს.

 მზარდ პრობლემაზე სახელმწიფოს პირველი რეაქცია ის იყო, რომ ანტიდეპრესანტის გაყიდვა ჩვეულებრივ აფთიაქებს აუკრძალეს და ჯანდაცვის მინისტრის №22/ნ ბრძანების თანახმად, 2006 წლის 30 ნოემბრიდან ნარკოტიკული საშუალებების და   ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხაში გადავიდა. მას შემდეგ ეს პრეპარატი მხოლოდ ფორმა №2 რეცეპტის საფუძველზე, მხოლოდ ფსიქოტროპულ აფთიაქებში იყიდება.

 თუმცა, პრეპარატი ნარკომანებისთვის მაინც ხელმისაწვდომი დარჩა. ვაკეში, ერთ-ერთ ფსიქოტროპულ აფთიაქში, სადაც ჟურნალისტთან ოფიციალურად საუბრისას აცხადებენ, რომ ხსენებულ პრეპარატს არავითარ შემთხვევაში ურეცეპტოდ არ გასცემენ, 2 კვირის წინ ეს „ანტიდეპრესანტი“ ურეცეპტოდ შევიძინეთ. „დედაჩემისთვის მინდა, ექიმმა გამოუწერა და რეცეპტი სახლში დამრჩა, იქნებ ისე მომყიდოთ?!“... და მოგვყიდეს.

 დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექციის განყოფილება აფთიაქებს პირველად 3000 ლარით აჯარიმებს და პრეპარატის კონფისკაციას ახდენს. მეორე ჯერზე კი ჯარიმა უკვე 6000 ლარია. კანონის დამრღვევი აფთიაქების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქცია ჯერ არ არსებობს.

 2009 – 2010 წლის მონაცემებით, ინსპექციამ, გაცემის წესის დარღვევის გამო, 18 აფთიაქი დააჯარიმა და ამ პრეპარატის 16 284 ტაბლეტის კონფისკაცია მოახდინა.

 თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თითო ნარკომანს ეიფორიული მდგომარეობის შესანარჩუნებლად დღე-ღამეში დაახლოებით 300 ლარის პრეპარატი სჭირდება, აფთიაქებს ამ ჯარიმის გადახდა იქნებ უღირთ კიდეც.

 „აფთიაქებში იმიტომ მუშაობენ ფარმაცევტები და არა ფიზიკოსები, რომ მათ  გაყიდული წამლით მოსახლეობას არ უნდა ავნონ. როცა გამყიდველი აცნობიერებს, რომ უმრავლეს შემთხვევაში პრეპარატს ყიდის როგორც ნარკოტიკს, ამით შეგნებულად სჩადის დანაშაულს. შეგნებული დანაშაული კი უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს. უნდა არსებობდეს ჯარიმა, ორმაგი ჯარიმა და შემდეგ ლიცენზიის ჩამორთმევა“, - ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, აკაკი გამყრელიძე.

 ამ ანტიდეპრესანტს ლიცენზია საქართველოში 2012 წლამდე აქვს. მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლობით ოფისში ზუსტ რიცხვებს ვერ ასახელებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ მედიკამენტის არამიზნობრივი გამოყენების გამო, საფრანგეთის სათავო ოფისმა საქართველოში მისი ექსპორტი 5-ჯერ შეამცირა. 2012 წლის შემდეგ კომპანია, სავარაუდოდ, თვითონვე იტყვის უარს მის შემოტანაზე. ორგანიზაცია შიშობს, რომ პრეპარატის არამიზნობრივმა გამოყენებამ, მის იმიჯზე უარესად არ იმოქმედოს.

 თუმცა, გამყრელიძის აზრით, ქართული მხარე ამ გადაწყვეტილებას არ უნდა დაელოდოს. მისი თქმით, შესაძლოა, პრეპარატის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი სამინისტრომ  2-3 თვეში განიხილოს და მალევე მისი იმპორტი საერთოდ შეწყვიტოს.

 „რაკი მისი არამიზნობრივი გამოყენების ფაქტები არსებობს, ამ საკითხის დაყენების უფლება გვაქვს. ეს არ არის პირველი მოთხოვნის პრეპარატი იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისითაც გამოდის. არსებობს ძალიან ბევრი მსგავსი ანტიდეპრესანტი, რომელსაც ჩვენი ავადმყოფები ვერ გამოიყენებენ, როგორც ნარკოტიკს“, - აცხადებს გამყრელიძე.

 თუმცა, ეს გადაწყვეტილება ნაკლებად იმოქმედებს ნარკოტიკების შავ ბაზარზე, რომლის არსებობასაც სახელმწიფო სტრუქტურებშიც ადასტურებენ. ლიცენზიის შეწყვეტის შემდეგ ქართველ ნარკომანებს მაინც ექნებათ შესაძლებლობა, ეს პრეპარატი შავ ბაზარზე შეიძინონ. ამიტომ, სანქციების გამკაცრების პარალელურად, სუროგატი ნარკოტიკების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვაც საჭიროა.

 მარიკა ქოჩიაშვილი http://liberali.ge/node/2013

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy