დეპუტატმა გამგებელს მანქანა „დააწერა“
სამშაბათი, 31 აგვისტო 2010 10:58
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ჩივიაშვილი მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი „ჯიპით“ უკანონოდ სარგებლობს. ჩივიაშვილმა პარლამენტის წევრის მანდატი 2010 წლის 30 მაისის შუალედური საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიიღო. არჩევნების შემდეგ გამგებლის ვაკანტურ ადგილზე გამგებლის ყოფილი მოადგილე შოთა უტიაშვილი დაინიშნა, რომელიც იმის გამო, რომ გამგეობას მანქანა აღარ ჰყავს, პოლიციის კუთვნილი „ნივით“ გადაადგილდება.
პარლამენტის წევრი გიორგი ჩივაშვილი არ უარყოფს, რომ გამგეობის კუთვნილი მანქანით სარგებლობს. „მე, როგორც რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, უფლება მაქვს გამგეობის კუთვნილი მანქანით ვისარგებლო, თუმცა ამჟამად მანქანით მე არ ვსარგებლობ, რადგან ის გურჯაანშია“, - აღნიშნა ჩივიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის შოთა უტიაშვილის განცხადებით, გამგეობის კუთვნილი „ჯიპი“ ავტოგასამართ სადგურში დგას და „სანამ მანქანა შეკეთდება, მეგობრის მანქანით სარგებლობს“.
- ბატონო შოთა, მანქანა რომელ ავტოგასამართ სადგურში დგას?
- გავარკვევ და დამირეკეთ.
- 5 წუთის შემდეგ - გაარკვიეთ მანქანის ადგილსამყოფელი?
- გადავამოწმე ინფორმაცია და მანქანა ავტოგასამართი სადგურიდან გიორგი ჩივიაშვილს გამოუყვანია და ახლა ის სარგებლობს.
თამარ კორძაია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი; „ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია თავისი ქონება შეხედულებისამებრ განკარგოს, მაგრამ როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობას და გადადის სხვა თანამდებობაზე, ქონება, რომლითაც ის სარგებლობდა, უნდა დარჩეს ადგილობრივ თვითმმართველობას. ქონება არ არის მიბმული კონკრეტულ პირებზე. კანონმდებლობა არ კრძალავს, რომ ეს ქონება თხოვებით ან სხვა იურიდიული ფორმით გადაეცეს სხვა პირს, მაგრამ ამას დასაბუთება სჭირდება. თუ ყოფილმა გამგებელმა წაიღო ეს მანქანა და თვითონ სარგებლობს ამ მანქანით, გამგეობაში დოკუმენტი აუცილებლად უნდა არსებობდეს. არის შემთხვევები, მაგალითად, როცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ერთი დაწესებულების ქონებას გადასცემს მეორე დაწესებულებას სარგებლობის უფლებით, მაგრამ თხოვების თაობაზე აფორმებს ბრძანებას. თუ ასეთი ბრძანება არ არის, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც თვითნებობა და მეტი არაფერი. როცა დეპუტატს გამგეობის კუთვნილი მანქანა დოკუმენტის გარეშე აქვს მფლობელობაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თვითნებობა. კიდევ არის მთავარი - რაციონალური ხარჯვა. რატომ უნდა მისცეს ადგილობრივმა თვითღმმართველობამ პარლამენტის წევრს მანქანა, მაშინ როცა პარლამენტს ამისათვის თავისი ხარჯები აქვს. თხოვების თაობაზე აქტიც რომ არსებობდეს, ქონების განკარგვის მიზნობრიობის საკითხი მაინც უნდა დაისვას, რამდენად გონივრული იყო ამის გაკეთება“.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რაიმე დოკუმენტი გამგეობის კუთვნილი მანქანის დეპუტატისთვის თხოვების შესახებ, არ არსებობს.
ნატალია სარქისაშვილი
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












