სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი ოქტომბერში ამოქმედდება
ორშაბათი, 06 სექტემბერი 2010 13:24
ოქტომბერში საქართველოში სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი ამოქმედდება. ახალი კოდექსი 680-დან 333 მუხლამდე შემცირდა. საპროცესო კოდექსის ენა გამარტივებულია. მხარეები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. შემცირდება წინაწარი პატიმრობის ვადები და გირაოს თანხა. პროკურორის უფლებები იზღუდება. ცვლილებები ეხება ბრალდებულის სტატუსსაც. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის თქმით, კანონპროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. პრეზენტაციას ორგანიზება გაუწია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა გახსნა. მისი თქმით, ცვლილებებისა და დამატებების კანონპროექტი შემუშავდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში შექმნილი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის მიერ. კანონპროექტის მიზანია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დახვეწა და სრულყოფა მის ამოქმედებამდე.
ახალი საპროცესო კოდექსის თანახმად, საბრალდებო დასკვნა გაუქმდა. შესაბამისად, სასამართლო პროცესზე პროკურორს საბრალდებო დასკვნის წაკითხვა აღარ მოუწევს. იცვლება ბრალდებულის სტატუსიც. ახალ საპროცესო კოდექსში პირი დაკავებისთანავე ბრალდებულად ჩაითვლება. 38-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულის სტატუსში გაერთიანდა ეჭვმიტანილი და განსასჯელი. ამასთან, როგორც აქამდე იყო, პროკურორი სასამართლოში სასჯელს აღარ მოითხოვს. პროკურორი მხოლოდ პირის დამნაშავედ ცნობას მოითხოვს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მოსამართლე სასჯელის ზომას და სახეს დამოუკიდებლად დაადგენს.
ცვლილებებია პატიმრობის ვადებშიც. თუ აქამდე პატიმრობის ვადა წინასწარი გამოძიების დროს 90 დღე იყო, ახლა 60 დღემდე შემცირდება. ასევე, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს პატიმრობის გამოყენება. დაბრუნდა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. განახევრდა გირაოს მინიმალური ოდენობა და 1 000 ლარს შეადგენს. შემოდის ახალი ტერმინი - მაგისტრი მოსამართლე, რომელიც მხოლოდ აღმკვეთ ღონისძიებებს განიხილავს. აქამდე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობას და საქმეს არსებითად ერთი და იგივე მოსამართლეები განიხილავდნენ.
ასევე, იქნება წინასასამართლოს სხდომის მოსამართლე, რომელიც განიხილავს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხს და ნიშნავს საქმის განხილვის თარიღს. ცალკე იქნება არსებითად განმხილველი მოსამართლე.
დაცვის მხარე აღჭურვილი იქნება ეფექტური საგამოძიებო უფლებებით. ასევე, დაცვას უფლება ეძლევა ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს.
მოწმის სტატუსი მხოლოდ სასამართლოში ამოქმედდება. თუმცა, ეს მუხლი ოდნავ მოგვიანებით, 2012 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდება. სასამართლოში ჩვენების დროს მოწმის სტატუსს იძენს გამომძიებელი, პროკურორი, დაზარალებული, ბრალდებული, ექსპერტი, თარჯიმანი.
დაზარალებული აღარ იქნება მხარე. მისი ინტერესი პროკურორმა უნდა დაიცვას. (აქამდეც პროკურორი იცავდა, თუმცა, პროცესის მსვლელობისას დაზარალებულს უფლება ჰქონდა ბრალდებულისთვის ან მოწმისთვის შეკითხვა დაესვა). პირს დაზარალებულად პროკურორი ცნობს. ასევე, პროკურორი ვალდებული იქნება დაზარალებულს წინასწარ აცნობოს საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ.
ჯვარედინ დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელსაც დასაკითხი მოწმე არ გამოუძახებია. ჯვარედინი დაკითხვისას დასაშვები იქნება პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა. შეკითხვების დასასმელად და მათზე პასუხის გასაცემად მოსამართლე მხარეს გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
ახალი საპროცესო კოდექსის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად მხოლოდ აღიარებითი ჩვენება არ იქნება საკმარისი. ასევე, საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია შეამოწმოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












