რადიო „ჰერეთი“-დან თანამშრომლები წავიდნენ
პარასკევი, 27 იანვარი 2012 16:08
რამდენიმე დღის წინ, რადიო „ჰერეთი“ მარკეტინგის მენეჯერმა დავით ნიბლაძემ, ბუღალტერმა ნაირა ქველიძემ, საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნანა დალაქიშვილმა და კორესპონდენტმა კახა კუპატაძემ დატოვეს.
„ჰერეთის“ დირექტორი რამაზ სამხარაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რადიოდან ოთხი თანამშრომლის წასვლის მიზეზი მათთვის ხელფასის გადაუხდელობა გახდა.
„სხვადასხვა მიზეზები იყო რატომაც წავიდნენ და კახეთის საინფორმაციო ცენტრთან მე კომენტარს არ გავაკეთებ. ინფორმაცია, თითქოს იმიტომ წავიდნენ თანამშრომლები, რომ ხელფასები არ ჰქონდათ, სიმართლეს არ შეესაბამება,“ - განუცხადა რამაზ სამხარაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
რადიო „ჰერეთის“ მარკეტინგის სამსახურის ყოფილი დირექტორის დავით ნიბლაძის თქმით, „ჰერეთიდან“ იმიტომ წავიდა, რომ რადიო „პალიტრადან“ უკეთესი შემოთავაზება მიიღო.
„რადიო „ჰერეთის“ რაღაც პროექტებში ისევ ვმუშაობ. ჩემი წამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ უკეთესი შემოთავაზება მქონდა რადიო „პალიტრადან“. ნანა დალაქიშვილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზის გამო წავიდა. ბუღალტერს რაც შეეხება, პრინციპში მე არ ვიცი. კახა, როგორც ვიცი უცხოეთში მიდის და ამიტომ წამოვიდა. ინფორმაცია, თითქოს იმიტომ წამოვედით, რომ ხელფასები არ იყო, სიმართლეს არ შეესაბამება,“ - აღნიშნა დავით ნიბლაძემ.
რამდენიმე კვირის წინ რადიო „ჰერეთიდან“ საზოგადოებრივ - პოლიტიკური თოქ შოუს წამყვანი ხათუნა გოგაშვილიც წავიდა. ის საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და მუშაობა ჟურნალ „ლიბერალში“ დაიწყო. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ხათუნა გოგაშვილთან დაკავშირებას 2 დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
რადიო „ჰერეთი“, 2011 წლის 29 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებისგან“ სარეკლამო მომსახურებისთვის გადარიცხული თანხების გამო, რამდენიმე დღის წინ ნაციონალური ტელეკომპანიების ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ 6 იანვარს გასულ სიუჟეტში „ჰერეთი“ პოლიტიკაში წასული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსების მიღებაში დაადანაშაულეს და „ივანიშვილის მედიად“ მოიხსენიეს. იმავე დღეს, ტელეკომპნია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ გასულ სიუჟეტში სხვა მედია საშუალებებთან ერთად, შპს სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი“ მოსყიდულ მედია საშუალებად იქნა მოხსენიებული. რადიო „ჰერეთის“ დირექტორმა რამაზ სამხარაძემ ორივე ტელეკომპანია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულა და ფაქტების სრული სიზუსტით საზოგადოებისათვის მიწოდების შესაძლებლობის მიცემის მოთხოვნით, ორივე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს განცხადებით მიმართა.
შეგახსენებთ, რომ რადიო „ჰერეთს“ სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ 83 261 ლარი ჩაურიცხა. ხელშეკრულების მიხედვით, რადიო „ჰერეთმა“ აიღო ვალდებულება „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარეკლამო მასალით მოახდინოს სარეკლამო რგოლების განთავსება საკუთარი (რადიო ჰერეთი) და პარტნიორი რადიოსადგურების (ძველი ქალაქი, ჰარმონია, ათინათი) ეთერში 3 თვის განმავლობაში, შეთანხმებული მედია გეგმის პირობებში. კონტრაქტის თანახმად, „ჰერეთმა“ თავად უნდა უზრუნველყოფს პარტნიორი რადიოსადგურების მომარაგება სარეკლამო მასალით და შესაბამისი ღირებულების ანაზღაურებით.
მანამდე, რადიო „ჰერეთმა“ რამდენიმე ათასი ლარი „ქართული ოცნების“ მიერ 2011 წლის 9 დეკემბერს, რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელისთვის, საეთერო დროის გამოსაყოფად გადარიცხული 20 340 ლარიდანაც მიიღო. ქსელის ხელმძღვანელი რადიო „ჰერეთის“ დირექტორი რამაზ სამხარაძეა.
ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი
ფოტოზე | რამაზ სამხარაძე http://www.grrn.info-დან
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||








