ჟურნალისტები სუბელიანის პრესმდივნის წინააღმდეგ
პარასკევი, 27 იანვარი 2012 23:47
გუშინ „სტუდია რე“-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო ოთხი თვის მანძილზე სამინისტროსა და სტუდიას შორის „გაუგებარი გაუცხოება“ დამყარდა. „ქალბატონმა ეკამ, რომელიც ყოფილი ჟურნალისტი გახლავთ, გვიპასუხა, რომ ჩვენი გადაცემები ზედმეტად კრიტიკული, ტენდენციურია და ამიტომ სამინისტრო ჩვენთან არ ითანამშრომლებს. ასეთი შეფასება ჩვენთვის მიუღებელია და ვერ გავიზიარებთ, რადგან ჩაწერას სამინისტროს წარმომადგენელი მათივე მიზეზით არ ესწრებოდა. კოლეგა ჟურნალისტებთან საუბრიდან ვიცით, რომ „სტუდია რე“ არ არის ერთადერთი მედია ორგანიზაცია, ვის მიმართაც დევნილთა სამინისტრო მსგავსს დამოკიდებულებას ამჟღავნებს“, - აღნიშნულია „სტუდია რე“-ს განცხადებაში.
ეკა გულუა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურს ბოლო რამდენიმე წელია რაც ხელმძღვანელობს. მანამდე ის გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი იყო, თუმცა სამინისტროში მუშაობის დაწყების შემდეგ „რეზონანსაც“ არაერთხელ შეუტია.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამინისტრო ასე აგრესიულად ესაუბრება გაზეთს. როგორც წესი, სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ეკა გულუა „რეზონანსის“ შეკითხვებს ან უპასუხოდ ტოვებს, ან დასმულ შეკითხვებს შეუსაბამო, კონტექსტიდან ამოგლეჯილ პასუხს სცემს, შემდეგ კი მუდმივად ჩანაწერის გადამოწმებას ითხოვს. არც ერთი მსგავსი შემთხვევისას გაზეთის მიერ გამოქვეყნებული მისი კომენტარი ჩანაწერებს აცდენილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებსა და ობიექტურ იმიჯს ამოფარებულმა „რეზონანსმა“ სამინისტროს მიერ გაგზავნილი ოფიციალური წერილობითი კომენტარი ამოჭრა და ამით სტატიის კონტექსტი დაამახინჯა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ან არაკომპეტენტურობა, ან ტენდენციურობა, თუმცა, გაზეთს და მის მესვეურებს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე აქვთ პრეტენზია. აღსანიშნავია ისიც, რომ პრესსამსახურის უფროსი ეკა გულუა, რომელიც ამ ტექსტის ავტორია, „ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებსა და ობიექტურ იმიჯს ამოფარებულ“ „რეზონანსში“ 8 წელი მუშაობდა“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ 2011 წლის 20 მაისის ნომერში.
ელისო ჩაფიძე, გაზეთი „რეზონანსი“: „გასულ წელს ვიყავი ერთ-ერთი პროექტის მენტორი, რომელიც დევნილებისთვის კომპენსაციის მიცემის საკითხებს სწავლობდა. ჟურნალისტებმა უამრავი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხეს კომენტარის ჩაწერა არა თუ სუბელიანთან, არამედ რომელიმე მის თანამშრომელთანაც კი. შემდეგ ისე ხდება ხოლმე, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ“.
ნინო ჯაფარიძე, „სტუდია GNS“: „როგორც წესი ძნელად მისაწვდომია და ყველა საკითხზე თავადაა კომპეტენტური. სამინისტროდან სხვას ვერავის იმეტებს ჩასაწერად“.
ნატალია სარქისაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი: „ეკა გულუასგან ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიღებთ, ვერც საჯაროს, რომელიც სამინისტროში უნდა იყოს დაცული და ვერც კომენტარს, მიუხედავად იმისა, საკითხი დევნილებს ეხებათ, ლტოლვილებს თუ ეკომიგრანტებს. გასულ წელს, როცა სოფელ ბაკურციხეში დევნილები თბილისიდან სატვირთო მანქანით ჩამოიყვანეს და ამაზე იქ მყოფი სამინისტროს წარმომადგენლებისგან კომენტარის მიღებას ვცდილობდით, გულუას დავალებით ყველა მათგანმა იქაურობა სასწრაფოდ დატოვა“.
საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი: „კომენტარს კი არა, რამდენი წერილიც გავგზავნე, არცერთზე პასუხი არ მიგვიღია. რამდენჯერმე კანცელარიის თანამშრომლებს დავურეკეთ და ვერც კი პოულობენ წერილებს. აქ ათასობით განცხადება შემოდისო. პრესსამსახური არ გვპასუხობს საერთოდ“.
გიორგი მგელაძე, სტუდია „მონიტორი“: „2 წლის წინ ვამზადებდი ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც ვარკეთილში მდებარე ერთ - ერთ ობიექტში დევნილთა სამინისტროს მიერ დევნილების შესახლებას ეხებოდა. საქმე იმაში იყო, რომ ეს ობიექტი კერძო საკუთრება იყო, რამდენიმე იურისტს ჰქონდა 1 წლის წინ შეძენილი და სამინისტროს დევნილების იქ შესახლების უფლება არ ჰქონდა. საქმის შესწავლით გამოიკვეთა, რომ კობა სუბელიანმა კანონი დაარღვია და მისი ერთ-ერთი გაყალბებული ბრძანებაც ჩაგვივარდა ხელში. ამ საკითხზე სამინისტროს პოზიციის და კომენტარის მიღებას 1 კვირის განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდით. მახსოვს იძულებული გავხდი, მათი პრეს-ცენტრის სატელეფონო ჩანაწერი ჩამესვა ფილმში რათა ბალანსი არ დაგვერღვია“.
თინათინ მოსიაშვილი, ჟურნალისტი: „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისგან მიღებული პროექტის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების თემაზე სიღრმისეულ რეპორტაჟს ვამზადებდი. მოვიარე ბევრი სოფელი, სადაც სტიქიების საშიშროება იყო. მერე ვნახე ეკომიგრანტებით ჩასახლებული სოფლები. მნიშვნელოვანი იყო, გამერკვია რა ჰქონდა სახელმწიფოს დაგეგმილი, ან თუ ჰქონდა რამე სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ეს საკითხი ეხებოდა ლტოლვილთა სამინისტროს. მეც მივმართე. მივედი მისაღებში და ვითხოვე ზემოთ ასვლა. პრესცენტრის თანამშრომელმა მითხრა, ახლა ეკა გულუა აქ არ არის, დატოვეთ ნომერი და დაგირეკავთო. ეკას კარგად ვიცნობდი და დარწმუნებული, რომ დამირეკავდნენ, დავტოვე ნომერი და წამოვედი. არა თუ დამირეკეს, მერე გულუა მობილურსაც აღარ პასუხობდა. რამდენიმე დღის მერე ისევ მივედი სამინისტროში და დავწერე განცხადება. ვითხოვდი, მოეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია ეკომიგრაციის მიმართულებით გათვალისწინებული პროექტების შესახებ, ასევე თუ რა თანხები იყო გათვალისწინებული ამ მიზნით. სიღრმისეული რეპორტაჟის მოსამზადებლად გარკვეული დრო მქონდა, მაგრამ არც ბევრი. 10 დღე მაინც ველოდე პასუხს. არაფერი მოუწერიათ. მასალა დასრულებული მქონდა და ამ პასუხს ველოდი. კიდევ ერთხელ მივედი სამინისტროში, გულუა ისევ შეხვედრაზე იყო, მისი სამსახური მის გარეშე ვერც მპასუხობდა და არც ის შემოუთავაზებიათ, ამობრძანდითო. 4 საათი ველოდი და გულუას მესიჯი მივწერე „ბოლოს და ბოლოს ვინ გგონია-მეთქი შენი თავი“. ამავე დროს ვრეკავდი ცხელ ხაზზე, მინისტრისა და მოადგილეების მისაღებში, თუმცა პასუხი ვერავისგან მივიღე. ვიჯექი მოსაცდელში, საშვთა ბიუროსთან, სადაც იდგა ერთადერთი სკამი და პერიოდულად მისაღებში მოსულ შავოსნებს ვუთმობდი. ბოლოს როგორც იქნა, მოვიდა გულუა, მესიჯით აღშფოთებული იყო, ეს როგორ მომწერეო. გაღმა შეედავეს პრინციპით, აქეთ შემომიტია. ფაქტია, იმ დღეს სამინისტროდან ვერაფერი წამოვიღე. ჩემი მასალა „სანამ რისკი კატასტროფად იქცევა“ „ნეტგაზეთში“ მათი კომენტარის გარეშე დაიბეჭდა. გასაგებია, რომ ეკომიგრანტებისთვის არაფერია გათვალისწინებული, მაგრამ ამ სამინიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რატომ ჰყავს? იმ დღეებში ვფიქრობდი, მე, ჟურნალისტს, რომელსაც მათგან მხოლოდ კომენტარი მინდა, ასე რომ მექცევიან, ღმერთმა დამიფაროს და დაიფაროს ყველა, როგორც დევნილს, რაიმე საქმე რომ მქონდეს, როგორ შემხვდებოდნენ“.
ჟურნალისტების პრეტენზიებზე საპასუხოდ ეკა გულუასთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა ვერ მოვახერხეთ. მინისტრის პრესმდივანმა სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვა, სამსახურის ტელეფონზე კი ორჯერ გვითხრეს, რომ „გულუა ადგილზე არ იყო“ და არც ის იცოდნენ, როდის იქნებოდა.
ნინო კორაშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||








