04:46:57

Share |

დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული კახი ღვინიაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლეს

დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული კახი ღვინიაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლესსიღნაღის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი კახი ღვინიაშვილი, რომელსაც პროკურატურა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებს, 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდის პირობით, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე კახი ღვინიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიება შეეცვალათ. „კახი ღვინიაშვილი არის ავად. მას აქვს ინფარქტის წინა ნიშნები, მისი მდგომარეობა შესაძლოა, გაუარესდეს და მძიმე შედეგი დადგეს. ამიტომ, ვშუამდგომლობ, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვალოს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

შუამდგომლობას კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ილია ჯანგულაშვილიც დაეთანხმა. პროკურორის თქმით, საქმეზე მოწმეები უკვე დაკითხულები არიან და კახი ღვინიაშვილის გათავისუფლება გამოძიებას ხელს არ შეუშლის.

მოსამართლემ კახი ღვინიაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 10 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ღვინიაშვილმა ეს თანხა 3 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ კახი ღვინიაშვილი სამართალდამცავებმა 2011 წლის დეკემბერში დააკავეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, დანაშაული გათვალისწინებულია საქ. სსკ-ის 338-ე მუხ. მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, კახი ღვინიაშვილი მონაწილეობდა სიღნაღის გამგეობასთან არსებულ სატენდერო კომისიის საქმიანობაში. „2009 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადდა ტენდერი ქალაქ წნორსა და  ქალაქ სიღნაღში, აგრეთვე სოფელ ნუკრიანში ჭოტორის მისასვლელი გზის პერიოდული მოვლა-შეკეთების სამუშაოების შესასრულებლად, რის შემდეგაც, შპს „ბარი 2007“-ის წარმომადგენელი რევაზ ტუხაშვილი დაუკავშირდა ღვინიაშვილს და შესთავაზა, ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ, ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ქრთამად გადაცემა. 2009 წლის 11 ივნისს სიღნაღის რაიონის მუნიციპალიტეტსა და შპს „ბარი 2007“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 247 680 ლარს დღგ-ს ჩათვლით. თანხის ჩარიცხვის შემდგომ ოთარ კოკილაშვილისგან კახი ღვინიაშვილმა ქრთამის სახით ეტაპობრივად მიიღო თანხა, რომელმაც ჯამში შეადგინა 20 000 ლარი“, - განაცხადეს პროკურატურაში.

საყურადღებოა, რომ კახი ღვინიაშვილის დაკავების პარალელურად, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სიღნაღის გამგებლის მოხსნაც კახი ღვინიაშვილის საქმეს უკავშირდება. დაუდასტურებელი ცნობით, გამგებელი მასთან კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ნოდარ კოჭლამაზაშვილის შვილი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორად მუშაობს, კახეთის გუბერნატორი კი ნოდარ კოჭლამაზაშვილის ნათესავია. ამ საკითხზე ნოდარ კოჭლამაზაშვილი კომენტარს არ აკეთებს, კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა კი განაცხადა, რომ გამგებელი ავად იყო, „წნევები აწუხებდა“ და თანამდებობა ამიტომ დატოვა.

29 დეკემბერს, ნოდარ კოჭლამაზაშვილი, რომელიც თანამდებობიდან 14 დეკემბერს გაათავისუფლეს, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსად დაინიშნა. კოჭლამაზაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2008 წლიდან მუშაობდა. რესურს - ცენტრის ხელმძღვანელმა თემურ ბალარჯიშვილმა კოჭლამაზაშვილს თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დაუთმო. ნოდარ კოჭლამაზაშვილი სიღნაღის განათლების განყოფილებას მანამდეც არაერთხელ ხელმძღვანელობდა.

ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.2m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy