დავით ნიკოლაშვილი - ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ იყო მოწყობილი (video)
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2012 12:30
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის სოფიკო ნიკოლაშვილის მამამ დავით ნიკოლაშვილმა შვილის დაკავების შესახებ პირველი კომენტარი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან გააკეთა. დავით ნიკოლაშვილი გოგონას დაკავებას თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
- რას გვეტყვით თქვენი შვილის დაკავებასთან დაკავშირებით? რას უკავშირდება ეს ყველაფერი? გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ამას ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული, რაზედაც თქვენ ჯერჯერობით კომენტარი არ გაგიკეთებიათ.
- მე ვფიქრობ, რომ ეს ამბავი დაიწყო მას შემდეგ, რაც განსხვავებული აზრის გამო მე დავიწყე ხელმოწერების გაკეთება ჩემს საინიციატივო ჯგუფთან ერთად. როცა ვაზაგაშვილის ოფისიდან წამოვიდა ხელმოწერების ბლანკები, ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, ჩემს გარემოცვას დაუწყეს დევნა და ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული და ზუსტად ეს ამბავია... ნახეს, რომ მე მყავდა ქალიშვილი, თანაც ჟურნალისტი და მიპოვეს სუსტი ადგილი და ზუსტად სუსტი ადგილი სადაც იყო, ზუსტად იმ ადგილზე დამარტყეს. გუშინ გავიგე მე დილით, რომ ეს ამბავი მოხდა და სოფიკო დააკავეს.
- სოფო დააკავეს 31 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე. როდის გაიგეთ თქვენ? ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთელი ღამის განმავლობაში ეძებდით და არ იცოდით სად იყო.
- მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით და არ ვიცოდით სად იყო. სოფო როგორც კი დააკავეს, 5 საათზე იყო თუ რომელ საათზე, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, სოფო ითხოვდა მიეყვანათ მისთვის ადვოკატი, მაგრამ არ მიიყვანეს ადვოკატი, არც ზარი არ განახორციელებინეს. სოფოს დაკითხვას ესწრებოდნენ რაიონის პროკურორი (გელა ლაზაშვილი), რაიონის პოლიციის უფროსი (გიორგი კერატიშვილი), რაიონის საგამოძიებოს უფროსი (ილია ოთარაშვილი) და ამ ნაძირალას მამა, კორუმპირებული, ყოფილი „გაიშნიკი“ (გოჩა სიბაშვილი), რომელიც არის გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილე. საქმე ისე შეკერეს, რომ ვითომ იქ იყო მკვლელობის მცდელობა.
- თქვენ ამბობთ, რომ გოჩა სიბაშვილი იყო დაინტერესებული პირი და არ ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო გამოძიებაში?
- რა თქმა უნდა, ესენი იყვნენ დაინტერესებული პირები, იმიტომ, რომ გურჯაანის რაიონში და კახეთში რაც ხდება, ამათ ზურგი აქვთ გუბერნატორის მოადგილის გიორგი სიბაშვილისგან და რეგიონის პროკურორის გიორგი ჩივიაშვილისგან. იმიტომ, რომ ეს არის ერთი კამანდა, ერთი შაიკა და ერთმანეთს ყოველთვის მხარში უდგანან და ეს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ იყო მოწყობილი. ამათმა ძალიან კარგად იციან, რომ მე უკანდამხევი ამ ეტაპზე და არცერთ ეტაპზე არ ვიყავი, მაგრამ ამათმა გამამწარეს იმ დონეზე, რომ იფიქრეს, რომ გავამწარებთ და ეს აქტიურ პოლიტიკას თავს დაანებებსო. დამიჯერეთ, რომ გაათმაგებული ძალებით ვიბრძოლებ ამათ წინააღმდეგ და ყოველთვის მივაღწევ იმას, რომ ესენი ხელისუფლებაში არ იყვნენ და წავიდნენ.
- როგორც გავიგეთ, სოფო იზოლატორში არის ავად და სამედიცინო დახმარება სჭირდება. თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?
- დიახ, გუშინ რომ ავედი ადვოკატთან ერთად, სულ რამდენიმე წუთის გასული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამ წუთში მე არ ვიცი, მითხრეს, რომ ისევ ისტერიაშია ბავშვი და რა მკურნალობას უტარებენ, მე ზუსტად არ ვიცი. ის ძალიან ახალგაზრდაა, 20 წლისაა და მისი ნერვები ამას ვერ გაუძლებდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სოფო ნიკოლაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ დილით გაავრცელა. ინციდენტი 31 იანვარს, საღამოს, ქალაქ გურჯაანში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა, რის შემდეგაც სოფო ნიკოლაშვილი პოლიციაში თვითონ მიიყვანა და სამართალდამცავებს გადასცა.
გიორგი სიბაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ბიძა გიორგი სიბაშვილი კი კახეთის ვიცეგუბერნატორია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მან გამომძიებელს უკვე მისცა ჩვენება, სადაც აღნიშნავს, რომ სოფო ნიკოლაშვილი გასული წლის გაზაფხულზე გაიცნო, მეგობრობდნენ და არავითარი კონფლიქტი არ ჰქონიათ; სოფო ნიკოლაშვილი მას 31 იანვარს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, შეხვედრის დროს კი მისი მოკვლა სცადა.
სოფიკო ნიკოლაშვილის მამის დავით ნიკოლაშვილის თქმით, გიორგი სიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა. „მან ჩემს შვილს შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად ამისა, სოფოს მისი მოკვლა არ უნდოდა, კიდევ რომ ცდილობდა შეურაცხყოფის მიყენებას, გაისროლა“, - აღნიშნა დავით ნიკოლაშვილმა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლის სოფო ნიკოლაშვილს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ დროისთვის დაკავებული თელავის იზოლატორშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს დღეს განიხილავს.
გელა მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი
ამავე თემაზე:
სიფიკო ნიკოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება ხვალისთვის გადაიდო
© 2012 კახეთის საინფორმაციო ცენტრი. ყველა უფლება დაცულია ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













