05:05:26

Share |

მოდელირებული გაზიფიცირება

მოდელირებული გაზიფიცირება ჯერ კიდევ 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტი ლაგოდეხელებს გაზიფიცირებას დაპირდა და ქალაქის ცენტრში გაზი საკუთარი ხელით აანთო. თუმცა, ბუნებრივი აირი იმ დროს არც ერთი ლაგოდეხელის ოჯახში არ მოსულა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ რეზინის იმ მილში, რომელსაც ცეცხლი პრეზიდენტმა მოუკიდა, თხევადმა აირმა გაიარა და რომ იმ დროს ხალხთან ერთად პრეზიდენტიც მოატყუეს. დაპირება, არც ერთი ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე, დღემდე დაპირებად რჩება.

2007 წლიდან პრობლემის მოგვარება რამდენჯერმე სცადეს, გასულ წელს ბუნებრივი აირი მხოლოდ რამდენიმე უბანში გაუშვეს და ისიც მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე. ხალხმა დანაპირები ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ შეახსენა, თუმცა უშედეგოდ.

იმედი, რომ ბუნებრივი აირის პრობლემა ლაგოდეხში მოგვარდება, კიდევ ერთხელ გაჩნდა მას შემდეგ, რაც კომპანია „ლაგოდეხგაზი“ აზერბაიჯანულმა კომპანია „სოკარჯორჯიამ“ შეისყიდა და 3 წელში მთელი რაიონის გაზიფიცირებაზე აიღო პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა „სოკარჯორჯიას“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 მაისის 306-ე განკარგულებით დაეკისრა. სამუშაოები „სოკარჯორჯიას“ 2008 წელსვე უნდა დაეწყო, თუმცა, აგვისტოს ომის გამო, სამუშაოების დაწყების ვადებმა კიდევ ერთხელ გადაიწია. მორიგი დაპირების თანახმად, გაზიფიცირება ლაგოდეხისა და მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე 2009 წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ესეც არ შესრულებულა.

ვადების დარღვევის გარდა, გაზიფიცირების პროცესში „ლაგოდეხგაზის“ მხრიდან სხვა დარღვევებიც ვლინდება. დაირღვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილება - „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესახებ. დადგენილებაში  პირდაპირაა განმარტებული მომხმარებლის უფლებები და ლიცენზიანტი კომპანიის ვალდებულებები, რაც ძველი აბონენტების უფასო მომსახურებას გულისხმობს.  კერძოდ, „ლაგოდეხგაზი“, კანონის შესაბამისად, ვალდებულია, ძველი აბონენტის დაზიანებული გაზგაყვანილობა, ასევე მისი მრიცხველი, სხვა სახის დანადგარები და მოწყობილობები აღადგინოს, შეცვალოს და დაამონტაჟოს თავისი ხარჯებით.

ძველ აბონენტს წარმოადგენს ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ბუნებრივ გაზს მოიხმარდა 2008 წლის 1 აგვისტომდე.

ახალი აბონენტი კი წესების მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არის ის მომხმარებელი, რომელიც ადრე არ ყოფილა მიერთებული გაზგამანაწილებელ ქსელთან და შესაბამისად, მას არ მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი, ხოლო ის, რომელიც მიერთებულია გამანაწილებელ ქსელზე და მარაგდებოდა ბუნებრივი გაზით, მიუხედავად გაზის მიწოდების შეწყვეტის ხანგრძლივობისა, არ ითვლება ახალ მომხმარებლად.

„ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი მოწყობილი მაქვს. გაზს 15 წლის წინ ვიღებდი, ამის შემდეგ გაზმომარაგება რაიონში მთლიანად შეწყდა. 2010 წლის თებერვალში მივმართე „ლაგოდეხგზას“, როგორც ძველმა აბონენტმა, ვითხოვე ბუნებრივი გაზის აღდგენა, რისთვისაც მომთხოვეს 170 ლარისა და 17 თეთრის გადახდა და გამომიწერეს შესაბამისი ქვითარი. თანხის მოგროვების შემდეგ, 8 აპრილს კვლავ მივმართე თხოვნით და წარვადგინე ძველი ქვითარი, რის შემდეგაც გამომიწერეს ახალი გადახდის ქვითარი 212 ლარისა და 92 თეთრის ოდენობით, ამის შემდეგ უკვე ფაქტზე რეაგირების თხოვნით სემეკ-ს მივმართე“, - ამბობს ლაგოდეხელი ვალერი აირაპეტოვი.

პასუხში, რომელიც ამის შემდეგ უკვე „ლაგოდეხგაზმა“ 22 აპრილს სემეკისგან მიიღო, ვკითხულობთ: „გიგზავნით კომისიაში 2010 წლის 15 აპრილს შემოსულ მოქალაქე ვ. აირაპეტოვას განცხადებას. შეგახსენებთ, რომ კომისიის მიერ 2009 წლის 9 ივლისის მე-12 დადგენილებით დამტკიცებული წესი ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების აღსადგენად არ ითვალისწინებს არავითარ გადასახადს. გთხოვთ, 10 დღის ვადაში განიხილოთ აღნიშნული განცხადება და მიიღოთ შესაბამისი ზომები“.

„ლაგოდეხგაზმა“ მხოლოდ სემეკ-ის მითითებების შემდეგ გაუწია ვალერი აირაპეტოვს კანონით გათვალისწინებული უფასო მომსახურება.

აირაპეტოვისგან განსხვავებით, ლაგოდეხში  ბევრია ისეთი აბონენტი, რომელსაც სემეკ-ისთვის არ მიუმართავს, სიტყვიერი განმარტებით კი, „ლაგოდეხგაზისგან“ უფასო მომსახურებაზე კატეგორიულ უარს იღებენ და თანხის გადახდა იძულებით უწევთ. ასე მოხდა ლაგოდეხში მცხოვრები ვაჩიკ პოღოსიანის შემთხვევაში. იმის მიუხედავად, რომ პოღოსიანიც ძველი აბონენტია, „ლაგოდეხგაზის“ თანამშრომლებმა გაზგაყვანილობის სამუშაოების შესახებ ფორმა 2 შეადგინეს, სადაც დეტალურად გაწერეს ხარჯები, მრიცხველის მონტაჟისთვის, გაზსადენის გამოცდისთვის, ონკანის მონტაჟისთვის და სხვა სახის სამუშაოებისთვის. საერთო ჯამში, თანხის ოდენობამ 200 ლარი შეადგინა, რაც პოღოსიანების ოჯახმა გადაიხადა და მხოლოდ ამის შემდეგ აღუდგინეს მათ ბუნებრივი გაზი.

არსებული ფაქტების მიუხედავად, „ლაგოდეხგაზში“ ირწმუნებიან, რომ მათი მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ აქვს.

„ჩვენი კომპანია ყველა მოქალაქეს კანონის დაცვით ემსახურება“, - ამბობს „ლაგოდეხგაზის“ დირექტორი ზურაბ ხელაშვილი.

„ლაგოდეხგაზის“ თანამშრომლები გაზის მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების შესასრულებლად სხვადასხვა ოდენობის თანხას გვთხოვენ, მოთხოვნილი თანხა შეადგენს ზოგჯერ 180-ს, 200-ს, ხანდახან 700 ლარსაც კი. იყო შემთხვევა, როცა 1000 ლარიც მოითხოვეს. არადა, ჩვენ როგორც ვიცით, მომსახურების საფასური მხოლოდ ახალმა აბონენტებმა უნდა გადაიხადონ. ძველ აბონენტებს კი უფასოდ უნდა მოემსახურონ. ჩვენ ამის უფლებას კანონი გვაძლევს. „ლაგოდეხგაზის“ თანამშრომლები კი ხალხს ფულს სძალავენ“, - ამბობს ლალი ევტუშენკო.

ლაგოდეხის მოსახლეობამ  რეაგირებისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას კოლექტიური განცხადებითაც  მიმართა. პასუხში, რომელიც მოსახლეობამ სემეკ-ისგან მიიღო,  ვკითხულობთ: „აღნიშნული საკითხის განხილვისას აუცილებელია იმ გარემოების გათვალისწინება, რომ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტის ვალდებულებაა (ამასთან, აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვალდებულება არც ადრე მიღებულ აქტში არის ასახული, როგორც მომხმარებლის ვალდებულება). განაწილების ლიცენზიანტის მიერ აქტის შედგენა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში განხილული იქნება როგორც კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევა“.

აქვე განმარტებულია,  რომ აღნიშნული კანონის დარღვევის შემთხვევაში, კომისია „ლაგოდეხგაზის“ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს.

ხათუნა გოგაშვილი | სტუდია „მონიტორი“

ჟურნალისტური გამოძიება მომზადებულია სტუდია „მონიტორის“ პროექტის ფარგლებში. ჟურნალისტური გამოძიება განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
23 24 25 26 27 28
29 30          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy