სოციალური მომსახურების სააგენტოს ფალსიფიცირებული სიები (ნაწილი I)
სამშაბათი, 25 ოქტომბერი 2011 17:20
2010 წლის სექტემბერში, სოციალური მომსახურების სააგენტომ, ე.წ. „დასაქმებულთა სიის“ საფუძველზე კახეთში 1500-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტა. სააგენტოს ინფორმაციით, სიაში ის ოჯახები იყვნენ შესულები, რომელთა წევრებიც სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობდნენ და ამავე დროს სოციალურ დახმარებას იღებდნენ. ჟურნალისტური გამოძიებისას გაირკვა, რომ სიაში არსებული მონაცემები ყალბი იყო, თუმცა სოციალურად დაუცველებმა დახმარება მაინც დაკარგეს.
სატყეო სააგენტოს იურისტად გაფორმებული მოხუცის ამბავი
77 წლის ნათელა ჯაჭვაძე გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მარტო ცხოვრობს. სოციალური დახმარება მას 2010 წლის სექტემბერში შეუწყვიტეს.
„სახლში მოვიდა სოციალური აგენტი მარინა ნაცვლიშვილი. ხელში რაღაც ფურცელი ეჭირა. წამიკითხა, რომ მე დახმარება შემიწყდა. როცა ვკითხე, რატომ შემიწყვიტეს დახმარება, მითხრა, რომ თბილისიდან სია მიიღეს, სადაც წერია, რომ მე მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ და ამასთან ერთად, გურჯაანის სატყეო სამსახურში იურისტად ვმუშაობ. სოციალურ აგენტს ვუთხარი, შვილო, ავადმყოფობისგან ფეხებს ძლივს დავათრევ, უმაღლესი განათლებაც კი არ მაქვს და იურისტად როგორ ვიმუშავებ მეთქი? მიპასუხა, სია ცენტრალური ოფისიდან მივიღეთ და ჩვენ უფლებამოსილები არ ვართ იქ არსებული მონაცემები ეჭვის ქვეშ დავაყენოთო“, - ამბობს ნათელა ჯაჭვაძე.
ავადმყოფობის მიუხედავად, მოხუცმა სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებას რამდენჯერმე მიმართა და დახმარების აღდგენა ითხოვა.
„მოგახსენებთ, რომ ვარ პენსიონერი. ვცხოვრობ მარტო და ვიღებდი საარსებო შემწეობას. მოვხვდი გადამოწმების სიებში როგორც მომუშავე სატყეო სააგენტოში. აღნიშნულ დაწესებულებაში არასოდეს მიმუშავია“, - ნათელა ჯაჭვაძემ ამ ასხნა - განმარტებით სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებას 2010 წლის 27 სექტემბერს მიმართა. წერილი სააგენტოს კანცელარიაში 13 ოქტომბერს N04/2148-ით არის რეგისტრირებული.
ნათელა ჯაჭვაძე გურჯაანის სატყეო სამსახურშიც მივიდა. „შეწუხდა სატყეო სამსახურის უფროსი ჩემი საცოდაობით, სააგენტოში დარეკა და უთხრა, ეს ქალი მეორედ ჩემთან არ მოვიდეს, სატყეო სამსახურთან არავითარი კავშირი არ აქვს და თქვენ მიხედეთო. ნუ აწვალებთ ამ საცოდავ ქალს, გზაში ხუთჯერ წაიქცაო. გურჯაანში ყურადღება მაინც არ მომაქციეს. მერე წავედი თელავში. დირექტორმა მითხრა, პირველი დირექტორი ვინც არის იმან, რომ დახმარება მოგივაო. ველოდებოდი და არ მოვიდა. ერთი თვის შემდეგ ისევ წავედი თელავში და შევხვდი დირექტორის მოადგილეს, გვარად ქალდანს. იმან მითხრა, მე მგონია რომ დახმარებას სასამართლოს წესით თუ აღიდგენო. 6 თვე დავდიოდი ვეჯინიდან გურჯაანში, გურჯაანიდან თელავში, თელავიდან ისევ გურჯაანში, მაგრამ უშედეგოდ“, - აღნიშნავს ნათელა ჯაჭვაძე.
2011 წლის 15 მარტს, ნათელა ჯაჭვაძემ მეზობლების დახმარებით ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ მიმართა. ორგანიზაცია „აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით კახეთში სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ადვოკატირებას ახორციელებდა.
ლია ხუროშვილი, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ხელმძღვანელი, იურისტი: „ნათელა ჯაჭვაძეს შევუდგინეთ განცხადება და სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილებიდან გამოვითხოვეთ დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ ნათელა ჯაჭვაძე სტუდენტი იყო და სატყეო სააგენტოს იურისტად მუშაობდა. გურჯაანის განყოფილებამ მოქალაქეს ეს ინფორმაცია არ მიაწოდა. ამ ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მივმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრსაც, თუმცა მოქალაქის მოთხოვნა რეგიონულმა სამსახურმაც უპასუხოდ დატოვა. სოციალური დახმარების შეჩერების ოქმი (ფორმა N8) არის სამართლებრივი აქტი, რომელიც ეხება ნათელა ჯაჭვაძეს. შესაბამისად, მას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით სრული უფლება ჰქონდა მიეღო ოქმიც და ის სიაც, სადაც წერია, რომ სატყეო სააგენტოშია დასაქმებული. რადგან დოკუმენტი არ მოგვაწოდეს, ჩვენ სატყეო სამსახურიდან ავიღეთ ცნობა, რომ ნათელა ჯაჭვაძე იქ არ მუშაობს და წარვადგინეთ სოციალური მომსახურების სააგენტოში. ამასთან ერთად, გადავამოწმეთ და დადგინდა, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ამომრჩეველთა სიის მიხედვით, სოფელ ვეჯინში 1934 წელს დაბადებული სხვა ნათელა ჯაჭვაძე არ ცხოვრობს. ამის შემდეგ სოციალურმა აგენტმა შეავსო ოჯახის დეკლარაცია და 2011 წლის ივნისიდან ნათელა ჯაჭვაძის ოჯახს სოციალური დახმარება დაენიშნა. 9 თვის განმავლობაში ნათელა ჯაჭვაძე სოციალურ დახმარებას სრულიად უსაფუძვლოდ ვერ იღებდა. ჩვენ მას შევთავაზეთ, რომ გაცდენილი თვეების დახმარების ანაზღაურებაზე სასამართლო წესით გვედავა, მაგრამ უარი თქვა. აღნიშნა, რომ ეშინია, დახმარება ისევ არ შეუწყვიტონ“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ლია სიბაშვილის თქმით, სააგენტოს რაიონული განყოფილებები ცენტრალური ოფისიდან პერიოდულად იღებენ „დასაქმებულთა სიებს“, სადაც სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების წევრთა ვინაობა და დამსაქმებელი ორგანიზაციების მონაცემებია მითითებული. „ერთ - ერთ ასეთ სიაში აღმოჩნდა ნათელა ჯაჭვაძეც. დოკუმენტში მითითებულია, რომ ის სატყეო სააგენტოში მუშაობს. სტუდენტზე ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ლია სიბაშვილმა.
რეხვიაშვილების საქმე
ე.წ. „დასაქმებულთა სიაში“ მოხვდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ქალქვაში მცხოვრები, ხუთი შვილის დედა შორენა რეხვიაშვილიც (ოთიაშვილი). რვასულიან ოჯახსაც საარსებო შემწეობა 2010 წლის სექტემბერში შეუწყვიტეს.
„შორენა რეხვიაშვილი - ოთიაშვილი სოციალურ დახმარებას 2008 წლის სექტემბრიდან 2010 წლის სექტემბრამდე იღებდა. 2010 წლის სექტემბრის თვეში სააგენტოს ცენტრალური აპარატიდან მოგვივიდა გადასამოწმებელი ოჯახების რეესტრი „მომუშავეთა გადამოწმება“ ანუ იმ ოჯახების გენერაცია, რომელთა ოჯახის წევრებიც არიან დასაქმებულები სხვადასხვა ორგანიზაციებში და ამავე დროს იღებენ სოციალურ დახმარებას. რეხვიაშვილების ოჯახს შეუჩერდა დახმარება იმის გამო, რომ შორენა რეხვიაშვილი (ოთიაშვილი) დასაქმებული ყოფილა შპს „ლაგოდეხავტოგზაში“. სოციალურ აგენტს ოჯახში ვიზიტის დროს შორენა რეხვიაშვილმა განუცხადა, რომ აღნიშნულ ორანიზაციაში არ უმუშავია. აგენტმა მას მოსთხოვა ცნობა სამუშაო ადგილიდან იმის თაობაზე, რომ ის ნამდვილად არ მუშაობდა და ცნობის წარმოსადგენად მიეცა ერთთვიანი ვადა. ერთი თვის გასვლის შემდეგ, რადგან ვერ მოიპოვა შესაბამისი ცნობა, ოჯახს დახმარება შეუწყდა“, - განმარტავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი თამაზ კაკიაშვილი.
„ქალქვადან ლაგოდეხამდე მგზავრობა 2 ლარი ღირს, მაგრამ გზის ფული არ მქონდა, რომ ლაგოდეხში ჩავსულიყავი და საბუთები მომეწესრიგებინა. დახმარება აღარ მქონდა, ბავშვები მშივრები მყავდნენ და ლაგოდეხში როგორ მევლო? რამდენჯერმე მეზობელს გავყევი. სოციალურ აგენტს ვთხოვე, მითხარი „ლაგოდეხავტოგზა“ რა ორგანიზაციაა, რომ მივიდე და ცნობა მომცენ მეთქი, მაგრამ ვერ მითხრეს. რამდენიმე წლის წინ 7 თვის შვილი გაჭირვების გამო დამეღუპა. ბავშვს სათანადოდ ვერ ვკვებავდი, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა, უფულობის გამო ვერც ექიმთან წავიყვანე და მოკვდა. დახმარება რომ შეგვიწყვიტეს, სხვა გამოსავალი ვერ ვნახე, პურის ფული აღარ გვქონდა და 5 ბავშვი რომ გადამერჩინა, ქატოს ან სიმინდს ვხარშავდი და იმას ვჭამდით“, - ამბობს შორენა რეხვიაშვილი.
რეხვიაშვილები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. სახლის სახურავიდან წყალი ჩადის, კიბის საფეხურები ჩანგრეულია, ფანჯრებზე კი ცელოფნის პარკებია აკრული. მრავალშვილიან ოჯახს საკმარისი საწოლებიც არ აქვს - 3 საწოლში 8 ადამიანს სძინავს.
მანანა ქშუტაშვილი, შპს „ლაგოდეხავტოგზის“ კადრების განყოფილების უფროსი: „სრული აბსურდია, თითქოს ეს ქალბატონი ჩვენთან მუშაობს. 20 წელზე მეტია კადრების განყოფილებაში ვარ და პირველად ვნახე. ალბათ სოციალური სააგენტოს შეცდომაა და შემთხვევით მიაწერეს ჩვენს ორგანიზაციას“.
რეხვიაშვილების ხუთშვილიან ოჯახსაც სოციალური დახმარება „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ადვოკატირების შედეგად, შეწყვეტიდან 10 თვის შემდეგ აღუდგა. „რეხვიაშვილების საქმე არ არის ერთეული შემთხვევა. როცა სააგენტოს ცენტრალური აპარატიდან მიღებულ სიაში დაფიქსირდა ამდენი უზუსტობა, სააგენტოში უნდა დაწყებულიყო საკითხის შესწავლა, რაც არ მომხდარა“, - აღნიშნავს იურისტი ლია ხუროშვილი. გაცდენილი 10 თვის დახმარება ვერც რეხვიაშვილებმა მიიღეს.
თამაზ კაკიაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის განყოფილების უფროსი: „სოციალური აგენტი ვალდებული არ იყო, რომ თავად გამოეკვლია, მართლაც იყო თუ არა დასაქმებული შორენა ოთიაშვილი. სოციალური მომსახურების სააგენტოს არც იმის ვალდებულება აქვს, რომ რეხვიაშვილებს გასული 10 თვის სოციალური დახმარება აუნაზღაუროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოჯახს დახმარება სააგენტოს დაუდევრობის გამო შეუწყდა. ასეთი მუხლი სოციალური მომსახურების შესახებ კანონში არ არსებობს“.
სააგენტოს უარი ინფორმაციის გაცემაზე
„დასაქმებულთა სიები“ სააგენტოს ცენტრალურმა ოფისმა რაიონულ განყოფილებებს 2010 წლის სექტემბერში დაუგზავნა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, დასაქმებულთა სიებში არსებული მონაცემები სოციალური მომსახურების სააგენტოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიაწოდეს. მარტო გურჯაანის რაიონში დასაქმებულთა სიაში 1 132 ადამიანია რეგისტრირებული, აქედან 532 ადამიანი სოციალური დახმარების მიმღები იყო, 600 მოქალაქე კი სამედიცინო დაზღვევის პოლისით სარგებლობდა. დახმარება ყველა მათგანს შეუჩერდა.
ლაგოდეხის რაიონში „დასაქმებულთა სიაში“ 166 ოჯახი იყო შეყვანილი. სულ კახეთის რეგიონში „დასაქმებულთა სიაში“ 1500-მდე ოჯახი მოხვდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრიდან ე.წ. დასაქმებულთა სიები გამოითხოვა, თუმცა სააგენტოს საკოორდინაციო ცენტრის უფროსმა ლევან ახალაურმა ეს ინფორმაცია არ გასცა. სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული ცენტრის უარი კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ადმინისტრაციული წესით სააგენტოს დირექტორთან გაასაჩივრა. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინათ, 3 დღის ვადაში კი წერილობით განემარტათ ჩვენი უფლებები და გასაჩივრების წესი, რაც ასევე არ გაუკეთებიათ. ადმინისტრაციული საჩივრით ჩვენ მოვითხოვეთ საჯარო ინფორმაციის „დასაქმებულთა სიების“ დაუყოვნებლივ გაცემა და ლევან ახალაურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოვალეობის შეუსრულებლობის გამო - „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ 78-ე მუხლის თანახმად“, - აღნიშნავს კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი გელა მთივლიშვილი.
სოციალური მომსახურების სააგენტომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, სააგენტო უზრუნველყოფს მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობას. შესაბამისად, ბაზაში რეგისტრირებული იმ პირების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც არ არიან საარსებო შემწეობის მიმღებნი, ასევე, რეგისტრაციაშეწყვეტილი ოჯახების მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობით გაცემას არ ექვემდებარება“, - აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე მამუკა გელოვანი.
ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













