05:11:49

Share |

ტოტალური ნეპოტიზმი

ტოტალური ნეპოტიზმიკახეთში „ნაცნობობა, მეგობრობა, ტრუსიკის ძმაკაცობა, ბიძაშვილობა და მამიდაშვილობა“ ჭრის. საჯარო სამსახურებში თანამდებობებზე ძირითადად ერთმანეთის ნათესავები ინიშნებიან.

ნათლიები, ნათლიმამები და ნათესავები თანამდებობებზე

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა თანამდებობებზე ნათესავების დანიშვნის შესახებ პირველი ჟურნალისტური მოკვლევა 2010 წლის სექტემბერში მოამზადა.

2010 წლის 20 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში ვიზიტის დროს განაცხადა: „2003 წლის ვარდების რევოლუციამდე ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც ცოდნას ფასი აღარ ჰქონდა, წარმატებას ის აღწევდა, ვისაც უფრო მეტი ახლობელი ჰყავდა ან მეტი ფული ჰქონდა. დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შერჩევის კრიტერიუმი ერთია: პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული. ნაცნობობა, მეგობრობა, ტრუსიკის ძმაკაცობა, ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა არ უნდა ჭრიდეს“.

ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ საჯარო მოხელეების ატესტაციას მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა და თანამდებობებზე დანიშვნა მეგობრობის და ნათესაური ნიშნით ხდებოდა. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო გუბერნატორის ადმინისტრაციიდან იმ თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტი, რომლებმაც ატესტაციის შედეგად გამსვლელი ქულები დააგროვეს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ვაკანტური ადგილების შევსება კონკურსის წესით უნდა მომხდარიყო, თუმცა კონკურსი არ ჩატარდა. 2009 წლის 17 თებერვალს, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის - იურისტის ადგილზე გუბერნატორმა მარინე ჭინჭარაული დანიშნა. ჭინჭარაულის დედა - ელისო ტურაშვილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორია და გუბერნატორთან მეგობრობს; 2009 წლის 15 ივნისს გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე, ასევე, უკონკურსოდ დაინიშნა შალვა მინდიაშვილი, რომელიც გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის მეგობრის, ნოტარიუს ნარგიზ მინდიაშვილის ძმის შვილია; 2010 წლის 30 ივნისს გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსად ლაშა ჩივიაშვილი დაინიშნა. ლაშა ჩივიაშვილი მანამდე, 2009 წლიდან, გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს ხელმძღვანელობდა. ის და მისი ძმა - გიორგი ჩივიაშვილი კახეთში თანამდებობებზე მას შემდეგ დაინიშნენ, რაც გიორგი ღვინიაშვილი კახეთის გუბერნატორი გახდა. გიორგი ჩივიაშვილი ჯერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობდა, ხოლო 2010 წელს, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყარა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა; 2011 წლის სექტემბერში გიორგი ჩივიაშვილი კახეთის საოლქო პროკურორად დაინიშნა. სანამ ჩივიაშვილები კახეთში დაიწყებდნენ მუშაობას, გიორგი ჩივიაშვილი თბილისის პროკურატურაში პროკურორად მუშაობდა, გიორგი ღვინიაშვილი კი იმ დროს თბილისის მთავარი პროკურორი იყო.

კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის ნათესავი და თანასოფლელია მაია ნარიაშვილი, რომელმაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის თანამდებობა, გუბერნატორად გიორგი ღვინიაშვილის დანიშვნის შემდეგ მიიღო. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დაინიშნა მაია ნარიაშვილის ქმარი - გელა კაპანაძე.

გურჯაანის და ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარეები ზაქარია იაგანაშვილი და გიორგი გოზალიშვილი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის ნათესავები არიან. გიორგი სიბაშვილი ზაქარია იაგანაშვილის შვილის ნათლიაა, გიორგი გოზალიშვილი კი გიორგი სიბაშვილის შვილის ნათლია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს 6 პრესმდივანი ჰყავდა. აქედან: ნინო მაილაშვილი - მამის მხრიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე მაილაშვილის ბიძაშვილის შვილია, ხოლო დედის მხრიდან ახმეტის გამგებლის ბიძაშვილის შვილი; მაია ბოდაველი - ახმეტის გამგებლის კობა მაისურაძის ბიძაშვილის ელგუჯა მაისურაძის რძალია; ნათია დუიშვილი - თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ახმეტის რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ლაბაზა დუიშვილის შვილია. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნათესავი იყო ახმეტის პოლიციის უფროსიც. ზურა ფილაშვილი - კობა მაისურაძის დის შვილია. ზურა ფილაშვილის მამა, ანუ გამგებლის სიძე - ზურა ფილაშვილი (უფროსი) კი „ლიბერთი ბანკის“ ახმეტის ფილიალის მმართველია. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა მაისურაძის ნათესავია ახმეტის კულტურის ცენტრის დირექტორი თამაზ შაშიაშვილიც. იგი კობა მაისურაძის დის შვილის, ზურა ფილაშვილის ცოლის ბიძაა.

პრეზიდენტის მორიგი განცხადება ნეპოტიზმის შესახებ

2011 წლის 27 აპრილს, ყვარელში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, კახეთის გუბერნატორთან, რაიონების გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრისას, ნეპოტიზმის შესახებ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა: „სხვათაშორის მინდა გადავხედო რამდენი ნათესავი და ახლობელი მუშაობს ძველი კავშირებით, ეს ძალიან სერიოზული საკითხია ჩემთვის. გავახილოთ თვალი და ვნახოთ, ვინც არ ამართლებს, ის წავიდეს. ნეპოტიზმი და აქ სხვადასხვა კრიტერიუმებით შერჩევა, არ გამოვა. რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანი იყოს, ვთქვათ, რომელიმე დაახლოებული ან ოჯახის წევრი, კარგი იყოს, ესეც შეიძლება, მაგრამ როგორც წესი, ეს გამონაკლისები არის ხოლმე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა პრეზიდენტს უპასუხეს, რომ კახეთში ნეპოტიზმს ადგილი არ ჰქონდა, სინამდვილეში არსებული მდგომარეობა აბსოლუტურად საპირისპიროა. დავიწყოთ ყვარლიდან:

ადეიშვილების ახლობლები ყვარელში

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან გამსახურდია იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მამის შალვა ადეიშვილის ახლო მეგობარია; შალვა ადეიშვილი ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია; ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ლომიძე შალვა ადეიშვილის ახლო მეგობრის, იური ლომიძის შვილია; შალვა ადეიშვილის მეზობელი და ახლობელია ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე მაზმიშვილი; ადეიშვილების ოჯახის ნათლიაა ვანო სამხარაული, რომელიც „ლიბერთი ბანკის“ ყვარლის ფილიალის მმართველია; ყვარლის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გივი ხარებაშვილი - ვანო სამხარაულის სიძეა, დის მეუღლე; ადეიშვილების ოჯახის ახლობელია მთვარისა ჯანგიძე, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელია; მთვარისა ჯანგიძის ბიძაშვილი თამაზ ჯანგიძე საბავშვო ბაღების გაერთიანებაში სპეციალისტად მუშაობს; საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორია პაატა პატატიშვილი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის, ყვარლის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა გელაშვილის ახლო მეგობარი და თანაკლასელია; პაატა პატატიშვილის დედა სოფელ საბუის საბავშვო ბაღის გამგეა.

თანამდებობებს ინაწილებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მარიკა ვერულაშვილის ახლობლებიც. მარიკა ვერულაშვილის მამიდაშვილი თამაზ გუგოშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და კახეთის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სპეციალისტია; მარიკა ვერულაშვილის ახლობელი და თანაკლასელი კობა ბურკიაშვილი ჯერ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, ხოლო შემდეგ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს; გამგეობაში სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს მარიკა ვერულაშვილის თანაკლასელი და მეგობარი მაია ქანდაურიშვილი; ყვარლის პოლიციის ყოფილი უფროსი თემურ გურაშვილი კობა ბურკიაშვილის სიძეა. პრეზიდენტის ვენახში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ჟურნალისტი შალვა რამიშვილი და მისი თანმხლები პირები დააკავეს, თემურ გურაშვილი ყვარლის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა უსამსახუროდ არ დაუტოვებიათ და შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაასაქმეს.

ნეპოტიზმით გამოირჩევა ყვარლის რაიონის სოფელ შილდის პირველი და მე-2 საჯარო სკოლები. პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა დარეჯან კანანაძემ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, სკოლაში დაასაქმა თავისი ძმისშვილები ნათელა და თამუნა კანანაძეები; ასევე, თავისი მული თამარ ღელაღუტაშვილი; დირექტორმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.

შილდის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა ბელა მირიანაშვილმა სკოლაში დაასაქმა შვილი რევაზ მირიანაშვილი; მეუღლის ბიძაშვილი - ქეთევან ცისკარიშვილი; მეუღლის ბიძა - ფიცია ცისკარიშვილი; მეუღლის მამიდაშვილის ცოლი - ქეთევან სვანიძე; მეუღლის ბიძაშვილის შვილი - მერი მირიანაშვილი.

ლევან ბაღაშვილის „შინაურები“ დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ამბობს, რომ ის ბევრ ადამიანთან მეგობრობს. „ჩემი ოჯახი საკმაოდ ცნობილია დედოფლისწყაროში და ყველასთან ვმეგობრობთ. თანამშრომლებიც ჩემი მეგობრები და შინაურები არიან“, - განუცხადა ბაღაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ლევან ბაღაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2010 წლის ივნისიდან მუშაობს. მისი ყოველთვიური ხელფასი 2 360 ლარს შეადგენს. მანამდე, 2008 წლიდან, ის დედოფლისწყაროს რაიონის გამგებელი იყო; რაიონის ამჟამინდელი გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი კი მის მოადგილედ მუშაობდა.

ბაღაშვილის რეკომენდაციით 2008 წლის 5 სექტემბერს საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმის წარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დაინიშნა ნინო ჯამალაშვილი. იგი მისი მეგობრისა და გამგეობის სოციალური სამსახურის მაშინდელი უფროსის ლევან ჯამალაშვილის შვილია. გამგეობაში მუშაობს 2008 წლის 16 სექტემბრიდან, საფინანსო სამსახურის სპეციალისტად, ლევან ჯამალაშვილის მეორე შვილი თამარ ჯამალაშვილიც. ლევან ჯამალაშვილი 2011 წლის ნოემბერში დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსად დაინიშნა, მანამდე, ის 2010 წლის ივნისიდან საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.

ლევან ბაღაშვილმა 2010 წლის 28 ივნისს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა გურამ ნატროშვილი, რომლის ყოველთვიური ხელფასიც 650 ლარს შეადგენს. კახეთის საინფორმაცო ცენტრმა გაარკვია, რომ გურამ ნატროშვილი დედოფლისწყაროში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის ილია ნატროშვილის ნათესავია. კუდ-ის თანამშრომელი ილია ნატროშვილი კი ლევან ბაღაშვილის ახლო მეგობარია, რაც ბაღაშვილმა დაადასტურა.

- ბატონო გურამ, კუდის თანამშრომელს ილია ნატროშვილს იცნობთ?

- ისე რა, შორიდან.

- რა ნათესაური კავშირი გაქვთ მასთან?

- ნათესაური არა.

- ბიძა არ ხართ?

-კი, ბიძა ვარ, მამის ძმა.

- მერე ეგ ნათესაური კავშირი არ არის?

- ნათესავი არ არის, ჩემი სისხლი და ხორცია“, - განაცხადა გურამ ნატროშვილმა.

ლევან ბაღაშვილმა 2010 წლის 22 მარტს დედოფლისწყაროს გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტად დანიშნა რეზო ნატროშვილი. ესეც დედოფლისწყაროში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის ილია ნატროშვილის ნათესავია. ილია ნატროშვილის მეუღლე რუსუდან ლათიბაშვილი - დედოფლისწყაროს საოლქო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.

ლევან ბაღაშვილმა 2011 წლის 11 იანვარს, საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმის წარმოების განყოფილების სპეციალისტად დანიშნა იამზე სეხნიაშვილი, რომლის სახელფასო სარგოც 410 ლარს შეადგენს. იამზე სეხნიაშვილი დედოფლისწყაროში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე თანამშრომლის სოსო (იოსებ) ბენაშვილის მეუღლეა. ლევან ბაღაშვილი სოსო ბენაშვილის შვილის ნათლიაა. ბაღაშვილმა ეს ფაქტიც დაადასტურა.

გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის ახლობლები არიან ძმები დავით და ალექსანდრე ჯიბღაშვილები. დავით ჯიბღაშვილი გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსია, ხოლო ალექსანდრე ჯიბღაშვილი საფინანსო სამსახურის შესყიდვების განყოფილებას ხელმძღვანელობს. ნიკოლოზ შანშიაშვილის და ძმები ჯიბღაშვილების ბებიები ბიძაშვილ - მამიდაშვილები არიან; დავით და ალექსანდრე ჯიბღაშვილების ბიძაშვილი ნინო ჯიბღაშვილი დედოფლისწყაროს კულტურის სახლის დირექტორის მოადგილეა.

გამგებლის ახლობელია გამგეობის პრესმდივანიც ანა ბენაშვილი. მისი მეუღლე თემურ შანშიაშვილი ნიკოლოზ შანშიაშვილის ნათესავია.

ლევან ბაღაშვილის მეგობარია გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი კახა ხოსროშვილი. ბაღაშვილის ოჯახის მეგობარია მურად ოზაშვილიც, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელი. მისი მეუღლე ლალი მანგოშვილი 2008 წლის 2 თებერვლიდან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტად მუშაობს. ლევან ბაღაშვილმა დაადასტურა, რომ მურად ოზაშვილი და ლალი მანგოშვილი დედამისის თამარ ბაღაშვილის მეგობრები არიან. საკრებულოს თავმჯდომარის დედა თამარ ბაღაშვილი დედოფლისწყაროს სასწავლო - აღმზრდელობითი ცენტრის დირექტორია. აღნიშნული ორგანიზაცია, რომელიც საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის ბაზაზე ჩამოყალიბდა, დედოფლისწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2011 წელს სასწავლო - აღმზრდელობითი ცენტრის სუბსიდია 14 300 ლარით იყო განსაზღვრული. აქედან 13 200 ლარი ხელფასებზე გაიხარჯა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობს იანა იანვარაშვილი. მისი შვილი ივანე ხელაშვილი კი გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსია 2007 წლის 22 იანვრიდან.

დედა შვილი არიან ნინო ლაბაძე და თამაზ კირვალიძეც. ლაბაძე გამგეობის საფინანსო სამსახურის მთავარი სპეციალისტია, თამაზ კირვალიძე კი საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცითი ტერიტორიის დაგეგმარების კომისიის თავჯდომარეა. მისი ხელფასი 650 ლარს შეადგენს. ნინო ლაბაძე თანამდებობაზე 2007 წლის 29 იანვარს დაინიშნა, თამაზ კირვალიძე კი 2011 წლის 28 აგვისტოს.

ცოტა ხნის წინ, საბავშვო ბაღების გაერთიანებაში სპეციალისტად დაიწყო მუშაობა ნინო კვიწინაშვილმა, რომელიც უშიშროების სამსახურის უფროსის დიმა კვიწინაშვილის ცოლია. დიმა კვიწინაშვილი ლევან ბაღაშვილის ახლო მეგობარია; სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსად დაინიშნა ლევან გოზალიშვილი, რომელიც გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მზია გოგაშვილის შვილია; სახანძრო - სამაშველო სამსახურში მაშველებად დაინიშნენ ხვიჩა და შოთა ქადაგიძეები, რომლებიც გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის თანაკლასელები არიან. გამგებლის კიდევ ერთი თანაკლასელი დავით პატატიშვილი დაინიშნა ამავე სამსახურში სპეციალისტად.

სათადარიგო თანამდებობა სიღნაღში

ნოდარ კოჭლამაზაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2008 წლიდან 2011 წლის 14 დეკემბრამდე მუშაობდა. ოფიციალური ინფორმაციით, 14 დეკემბერს ის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა იმავე დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამგებლის გათავისუფლება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდებოდა, თუმცა გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განაცხადა, რომ გამგებელი ავად იყო, „წნევები აწუხებდა“ და თანამდებობა ამიტომ დატოვა. კოჭლამაზაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.

საყურადღებოა, რომ გამგებლის გათავისუფლებამდე კახეთის საოლქო პროკურატურამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი კახი ღვინიაშვილი დააკავა. თელავის სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, კახი ღვინიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით ქრთამის აღება, დანაშაული გათვალისწინებულია საქ. სსკ-ის 338-ე მუხ. მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, კახი ღვინიაშვილი მონაწილეობდა სიღნაღის გამგეობასთან არსებულ სატენდერო კომისიის საქმიანობაში. „2009 წელს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადდა ტენდერი ქალაქ წნორსა და  ქალაქ სიღნაღში, აგრეთვე სოფელ ნუკრიანში ჭოტორის მისასვლელი გზის პერიოდული მოვლა-შეკეთების სამუშაოების შესასრულებლად, რის შემდეგაც, შპს „ბარი 2007“-ის წარმომადგენელი რევაზ ტუხაშვილი დაუკავშირდა ღვინიაშვილს და შესთავაზა, ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ, ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ქრთამად გადაცემა. 2009 წლის 11 ივნისს სიღნაღის რაიონის მუნიციპალიტეტსა და შპს „ბარი 2007“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 247 680 ლარს დღგ-ს ჩათვლით. თანხის ჩარიცხვის შემდგომ ოთარ კოკილაშვილისგან კახი ღვინიაშვილმა ქრთამის სახით ეტაპობრივად მიიღო თანხა, რომელმაც ჯამში შეადგინა 20 000 ლარი“, - განაცხადეს პროკურატურაში. კახი ღვინიაშვილის დაპატიმრების შემდეგ, კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ პროკურატურას ნოდარ კოჭლამაზაშვილიც უნდა დაეკავებინა, თუმცა ის აღარ დააკავეს. ნოდარ კოჭლამაზაშვილი გიორგი ღვინიაშვილის ნათესავია. გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ზუსტად 15 დღეში, კოჭლამაზაშვილი სიღნაღის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსად დაინიშნა. რესურს - ცენტრის ხელმძღვანელმა თემურ ბალარჯიშვილმა კოჭლამაზაშვილს თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დაუთმო.

ნოდარ კოჭლამაზაშვილი სიღნაღის განათლების განყოფილებას მანამდეც არაერთხელ ხელმძღვანელობდა - 1990 წლის აპრილიდან 1995 წლამდე; 1995 – 1999 წლებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად (სიღნაღის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად). 2000 წლის აპრილიდან, სადეპუტატო უფლებამოსილების გასვლის შემდეგ, ისევ დაინიშნა სიღნაღის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ, შემდეგ მუშაობდა მის ადგილმონაცვლე სამსახურის - სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად 2008 წლამდე, ვიდრე გამგებლად დანიშნეს.

ოჯახის წევრები ინაწილებენ თანამდებობებს სიღნაღის საკრებულოსა და გამგეობაშიც. საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიას ზურაბ სიფრაშვილი ხელმძღვანელობს, მისი მეუღლე ლელა ნადირაშვილი კი საკრებულოს აპარატის სპეციალისტია; საკრებულოს აგრარულ და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა არჩილ მჭედლიშვილი. მისი შვილი სოფო მჭედლიშვილი კი გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი სპეციალისტია. გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტი მაკა კუტიბაშვილი, კანცელარიის მთავარი სპეციალისტის ნათელა შაბალაიძის მულის შვილია.

თელავის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი შუქია გიორგელაშვილი კუდ-ის თანამშრომლის გოგი გიორგელაშვილის მეუღლეა; თელავის მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ექთანი ფიქრია ესიტაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ტარიელ გალახვარიძის ცოლია; თელავის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის მიხეილ დაღუნდარიძის მამა - თემურ დაღუნდარიძე, თელავის თეატრის მმართველის მოადგილეა.

უტიაშვილების ქარავანი გურჯაანში

შოთა უტიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2010 წლის 17 ივნისს დაინიშნა. იგი საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის ნათესავია. ამავე დროს, კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან გიორგი სიბაშვილთან მეგობრობდა. 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შოთა უტიაშვილი გიორგი სიბაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. სიბაშვილი მაშინ გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შოთა უტიაშვილის 5 ახლობელი მუშაობს. ვასილ უტიაშვილი - გამგეობის აპარატის უფროსი; ირაკლი უტიაშვილი - იურისტი; მაია უტიაშვილი - იურისტი; შოთა უტიაშვილი - სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი; ნოდარ ქართლელიშვილი - სასმელი წყლის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რომელიც შსს საინფორმაციო - ანალიტიკური სამსახურის უფროსის შოთა უტიაშვილის მამიდის ქმარია.

2011 წლის 16 დეკემბერს, შოთა უტიაშვილი, პირადი განცხადების საფუძველზე, გურჯაანის გამგებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 10 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატია „გურჯაანის გამგებლის „ფაზენდა“ და დაქირავებული ბავშვები“. სტატიის მიხედვით, შოთა უტიაშვილმა გამგებლად დანიშვნის შემდეგ ქონებრივი დეკლარაცია ორჯერ შეავსო. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ აღმოჩენილი ქონება გამგებელს არცერთ დეკლარაციაში არ ჰქონდა შეტანილი.

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ შოთა უტიაშვილი უმუშევარი არ დატოვა. რამდენიმე დღეში, გუბერნატორის განკარგულებით, ის კახეთის სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. კახეთის სამაშველო სამსახურს კახა შენგელიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს.

გურჯაანის გამგებლად შოთა უტიაშვილის მუშაობის პერიოდში კახეთში, კატასტროფის მედიცინის ცენტრის გურჯაანის ფილიალი გაიხსნა. ფილიალის უფროსად შოთა უტიაშვილის მეუღლე ეკა ბერუკაშვილი დაინიშნა. ამ თანამდებობის გარდა ეკა ბერუკაშვილი მუშაობს გურჯაანის პოლიკლინიკაში ექიმ - ენდოკრინოლოგად და ამავე სპეციალობით ფრანგულ - ქართულ სამედიცინო ცენტრში „კახეთი იონი“.

ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ფოტო | www.ick.ge-ს არქივიდან (მარცხნიდან - ზაქარია იაგანაშვილი, შოთა უტიაშვილი, ლევან ბაღაშვილი)

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.2m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy