„გამგებელი იცხოვრებს აქ“?
სამშაბათი, 17 აგვისტო 2010 12:00
ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 53 წლის მარინა აღნიაშვილი მეუღლესთან და 14 წლის შვილთან ერთად, ვენახის სარებით გაკეთებულ ქოხში ცხოვრობს.
„სახლი სიძველისგან დაგვენგრა. ყოველდღე რაიონის გამგეობაში დავდიოდი, გამონაცვალი შიფერი მაინც მომეცით, რომ ეზოში ერთი ოთახი ავაშენო და გადავხურო მეთქი. გამგებელმა მითხრა, რა შეგვჭამე ქალო, ჩვენ სახლებს არ ვაშენებთ, ეგ ვალდებულება არ გვაკისრიაო. იმ სახლში ცხოვრება არ შეიძლებოდა. ყოველ წუთს შეიძლება ჩამოიშალოს. ბავშვს შიგ ხომ არ მოვკლავდი? არც აგური გვქონდა, არც ცემენტი და არც შიფერი. ვენახის სარები დავგლიჯეთ და ქოხი გავაკეთეთ. ეხლა აქ ვცხოვრობთ, მიწაზე ვართ, რადგან სხვა თავშესაფარი არ გვაქვს. ელემენტარული პირობებიც კი არ არის. ეს ქოხი რომ ავაშენეთ, გამგებელს მას შემდეგაც არაერთხელ მივაკითხე, ისევ დახმარებას ვითხოვდი. იცით რა მითხრეს გამგეობაში, ქოხი ხომ გაქვს, მთავარია წყალი არ ჩამოგდის და დახმარებას ნუ ითხოვო. გამგებელი იცხოვრებს აქ? თანამდებობის პირებმა თბილისში რომ ბინები იყიდეს და იძახიან პომიდვრის ფულით ვიყიდეთო, რატომ მე ვერ ავაშენე 1 ოთახი მაინც პომიდვრის ფულით? იმაზე მეტს ჩვენ ვშრომობთ“, - ამბობს მარინა აღნიაშვილი.
აღნიაშვილების ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, თუმცა დიასახლისის თქმით, ეს თანხა მათ ბავშვისთვის საჭირო წამლების შესაძენადაც არ ჰყოფნით.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან გამსახურდიას განცხადებით, გამგეობა აღნიაშვილების ოჯახს შეძლებისდაგვარად დაეხმარა. „ერთჯერადი ფულადი დახმარება გვაქვს მიცემული 2010 წლის 17 თებერვალს, 500 ლარის ოდენობით. რამდენიმე დღეში სკოლას სახურავს შეუცვლიან და გამონაცვალ შიფერსაც გადავცემთ. მაგათ სხვა სახლი აქვთ, რომელიც უყურადღებობისგან ჩამოენგრათ. ეგენი იმ ქოხში არ ცხოვრობენ“, - აღნიშნა ლევან გამსახურდიამ.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












