ფოტორეპორტაჟი ჩანტლისყურედან
ორშაბათი, 30 აგვისტო 2010 16:50
ყვარლიდან 12 კილომეტრში, სოფელ ჩანტლისყურეში 300-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომელთა წინაპრები დაღესტიდან იყვნენ. ჩანტლისყურეს მეჩეთში დღეში ექვსჯერ ლოცულობენ. „მეჩეთის კარი ყოველთვის ღიაა. ლოცვას ან მე ვიტყვი და ან რომელიმე წინამძღოლი. ახლა სამი წინამძღოლი გვყავს - ერთი 9 წლისაა და ორიც თერთმეტის. მათ თვითონ გადაწყვიტეს წინამძღოლები გამხდარიყვნენ. სულ ლოცულობენ, რამადანს მისდევენ და რასაც ყურანი კრძალავს არ აკეთებენ“ - აგვიხსნა ჩანტლისყურის მეჩეთის წინამძღოლმა ზაგირ ომაროვმა, რომელიც მწვანე ზოლიან თეთ ქუდს ატარებს.
ტრადიციის მიხედვით, ქალებს მეჩეთში შესვლა კვირაში ერთხელ მხოლოდ ხუთშაბათს, ერთი საათით შეუძლიათ.
„ჩვენი სარწმუნოება ქალებს თავსაფრის გარეშე სიარულს უკრძალავს, თუმცა ამ ბოლო დროს ისინი თავსაბურავის გარეშე ხშირად დადიან. რატომღაც ახალგაზრდები უფრო მეტად მისდევენ ტრადიციებს. მუსულმან ქალებს ძალიან უყვართ სამკაულები და ბოსტანში მუშაობის დროსაც კი არ იხსნიან მძივებს და საყურეებს,“ - გვითხრა ზაგირ ომაროვმა.
ჩანტლისყურის სკოლაში გოგონები და ბიჭები ერთ ჯგუფში სწავლობენ, თუმცა სწავლა რუსულ ენაზეა. „სკოლაში სულ 62 ბავშვია და ქართულს როგორც უცხო ენას ისე სწავლობენ,“ - თქვა სოფლის მაცხოვრებელმა შარფუდინ აღამედოვმა.
სოფელში მხოლოდ სკოლაა გარემონტებული. საბავშვო ბაღი გაურემონტებელია და არ ფუნქციონირებს, ამბულატორია დანგრევის პირასაა და მხოლოდ ერთი მაღაზია მუშაობს.
ჩანტლისყურეში ძირითადად მოხუცები და ბავშვები ცხოვრობენ. ადგილობრივები თავს მესაქონლეობით და მიწათმოქმედებით ირჩენენ.
„ახალგაზრდები სამუშაოდ ძირითადად დაღესტანში მიდიან. სკოლის დამთავრებისთანავე ყველა გარბის სოფლიდან. წყალი არ გვაქვს და მოსავალიც არ მოდის. თავი ხომ უნდა ვირჩინოთ. ამიტომ დაღესტნურ წინდებს ვქსოვ და თითო წყვილს 8- 10 ლარად ვყიდი. ჩემი შვილები მახაჩკალაში ცხოვრობენ და აქ აღარ დაბრუნდებიან. მე, ვიდრე ცოცხალი ვარ, აქედან არ წავალ! აქ უნდა დავიმარხო!“-გვითხრა 73 წლის ჰუნეიზატ ხალილოვმა, რომელიც წინდებს სოფლის ქუჩაში ქსოვდა.
სოფლის მაცხოვრებლები ძირითადად სოფლის ორღობეებში ან წყლის არხთან იკრიბებიან. ერთსა და იმავე არხში მატყლსაც რეცხავენ, სარეცხსაც ავლებენ და ჭურჭელსაც ასუფთავებენ.
„არჩევნების წინ დაგვპირდნენ, რომ სოფლის დახმარების პროგრამით სასმელ წყალს გააკეთებდნენ. ხმა მივეცით, არჩევნები დამთავრდა, მაგრამ არავის არაფერი გაუკეთებია სოფელში ჭურჭელსაც კი არხის წყალში ვრეცხავთ’’ - გვითხრა მეჩეთის წინამძღოლმა ზაგირ ომაროვმა.
ჩანტლისყურიში ავტობუსი არ დადის. სოფლიდან ცენტრალურ გზამდე 4 კილომეტრის გავლა მოსახლეობას ხშირ შემთხვევაში ფეხით ან ცხენით უწევს. სოფელში სულ რამდენიმე ოჯახს ჰყავს ე.წ. „ტაჩკა“, რომელიც სოფლის მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა. სოფლის შიდა საუბნო გზები ძალიან დაზიანებულია და წვიმის დროს გუბეების გამო სიარულიც ჭირს.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












