2012 წელი კახეთის ტურისტული განვითარების წლად გამოცხადდა
ოთხშაბათი, 25 იანვარი 2012 12:16
კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის პრეზენტაცია გუშინ, სასტუმრო „Holiday inn“-ში კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გამართეს.
პრეზენტაციას ტურიზმის ინდუსტრიის, კერძო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მაია სიდამონიძის თქმით, კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კულტურული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის განვითარება. რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი ძეგლების რეაბილიტაცია. გურჯაანის ყველაწმინდის, ძველი და ახალი შუამთის, უჯარმის, ხირსის, დავითის ლავრის, იყალთოს, ნინოწმინდის ტერიტორიაზე ავტოსადგომების, სუვენირების მაღაზიების, საზოგადოებრივ-სანიტარული ობიექტების მოწყობა.
„2012 წელს კახეთში განხორციელდება უზარმაზარი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. თითქმის ყველა კულტურულ ძეგლთან მოხდება განაშენიანება და ტურისტული ინფრასტურუქტურის ჩამოყალიბება. მოეწყობა სველი წერტილები. ჩამოყალიბდება მარკეტინგული კონცეპტი, რის მიხედვითაც მოხდება რეგიონის პოპულალიზაცია. ღვინის, კულტურული და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება გაზრდის ტურისტების რაოდენობას და მათ დანახარჯებს, რაც როგორც რეგიონის, ისე თითოეული მოსახლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება. კახეთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი ბრენდი, ამისთვის შევქმენით ლოგო და ბრენდ დაპირება „აღმოაჩინე შენი კახეთი“. ტურიზმის განვითარებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კარგი მომსახურეობა. ამ კუთხით მოხდება არსებული კადრების დატრენინგება და ახალი კადრების გამოზრდა. გადამზადდებიან სხვადასხვაენოვანი გიდები. ჩვენი ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს, ამიტომ ვთვლით, რომ ლიცენზიები დამატებითი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება,“ - განაცხადა მაია სიდამონიძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს ყვარლის, თელავის და დართლოს რეაბილიტაციაც იგეგმება. დართლოში მოხდება ისტორიული ნაგებობების ტრადიციული მასალით და სამშენებლო მეთოდით რესტავრაცია- რეკონსტრუქცია. საკანალიზაციო სისტემების, საზოგადოებრივ-სანიტარული კვანძის, სასადილოს და ავტოსადგომის მოწყობა და საკემპინგო ზონის კეთილმოწყობა.
კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება თუშეთთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. მსოფლიო ბანკთან კი გურჯაანში მდებარე კურორტ ახტალის აღდგენა-განვითარებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
„გურჯაანში არის უნიკალური სამკურნალო ტალახით ცნობილი კურორტი ახტალა. მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და იმედი გვაქვს, რომ ამ კურორტის აღდგენა - განვითარება მოხდება. თუშეთის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია მიბმული იქნება კახეთის ტურისტული განვითარების პროექტთან. გვინდა, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს ეს გზა და მგზავრობის დროც შემცირდეს. ამიტომ, პარალელურად დაიწყება გზის სამუშაოებიც. გზაზე არის ერთი მონაკვეთი, სადაც დიდხანს დევს ხოლმე თოვლი და გვინდა ამ გზის შემოვლა შესაძლებელი იყოს. კახეთში ასევე არის ძალიან ლამაზი ადგილი, ბარჯისხევი, იგივე ყურყურა, ძალიან ლამაზი წყაროა და გეგმაში გვაქვს რომ ეს ადგილიც განვითარდეს, რადგან დღეს არ აქვს ისეთი სახე, როგორიც უნდა ჰქონდეს,“ - აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.
კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის პირველი ეტაპი ზაფხულისთვის დასრულდება.
ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













