რვაშვილიანი ოჯახი საგანგაშო პირობებში
ხუთშაბათი, 26 იანვარი 2012 11:39
სიფრაშვილების ერთადერთი შემოსავალი სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დანიშნული საარსებო შემწეობაა, რომელიც ოჯახს მხოლოდ ნახევარი თვის განმავლობაში ჰყოფნის პურის, მაკარონის, ზეთის და საპონის შესაძენად.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სიფრაშვილების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ ფოტორეპორტაჟი პირველად 2011 წლის 11 იანვარს მოამზადა. 17 იანვარს სიღნაღის გამგეობამ ოჯახს ავეჯი, თეთრეული, 4 წყვილი ფეხსაცმელი და საკვები პროდუქტები გადასცა. სიფრაშვილებმა ელქტროენერგიის და სასურსათო ვაუჩერიც მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი პრობლემის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დაწერა. 2011 წლის 4 მარტს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილების და კახეთის საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლებმა სიფრაშვილებისთვის ბავშვების პოლიციის ძალით ჩამორთმევა სცადეს, თუმცა ადგილზე ჟურნალისტების მისვლის შემდეგ სააგენტოს თანამშრომლებმა ბავშვები ბავშვთა სახლში აღარ გადაიყვანეს.
სიფრაშვილებს საცხოვრებელი სახლი პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდმა „იავნანამ“ გადასცა. ბავშვების მამის ავთანდილ სიფრაშვილის თქმით, სახლი ავარიულია და დაბზარული კედლებიდან ოთახებში სიცივე შედის, სახურავიდან წყალი ჩადის, იატაკი აყრილია. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მეორე სართულის ერთ-ერთი კედელი გადაიხარა და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. ფონდ „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელმა თეონა ჯორბენაძემ გასულ წელს ამ საკითხზე განაცხადა, რომ სიფრაშვილები სახლს არ უვლიან და აპარტახებენ.
მრავალშვილიან ოჯახს არც შეშა აქვს. „რაც ზამთარი დაიწყო, ფიჩხს ვაგროვებ და 1 ან 2 საათი იმით ვანთებთ ხოლმე ფეჩს. ეხლა ეზოში თუთის ხე მოვჭერი და იმით ავანთე, თორემ ბავშვები მეყინებოდნენ. გამგეობას რამდენჯერმე მივმართეთ როგორც შეშის, ისე სახლის პრობლემაზე, მაგრამ უშედეგოდ,“ - ამბობს ავთანდილ სიფრაშვილი.
გარდა იმისა, რომ ბავშვებს საკვები არ აქვთ, საწოლების არ ქონის გამო ცივ იატაკზე სძინავთ. სიღნაღის გამგეობის მიერ გასულ წელს ნაჩუქარი ორი ნახმარი საწოლი უკვე აღარ ვარგა, თითო საწოლში ოთხ ბავშვს ეძინა და გაცუდდა.
„გამგეობამ ორი მეორადი საწოლი გვაჩუქა, მაგრამ საკმარისი არ იყო და რამდენიმე ბავშვს ერთად ეძინა. საწოლი ჩატყდა და ახლა ბავშვებს ცივ იატაკზე სძინავთ,“ - აღნიშნა ავთანდილ სიფრაშვილმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ბოქოლიშვილის თქმით, გამგეობა სიფრაშვილების ოჯახს შეშით უახლოეს მომავალში დაეხმარება.
„იმას ნამდვილად ვერ იტყვიან, რომ გამგეობა უყურადღებოდ ტოვებთ, რადგან ყოველ წელს ვეხმარებით როგორც შეშით, ისე ტანსაცმლით, პროდუქტებით, თანხით და ა.შ. სხვადასხვა სამსახურებისთვის შეშის შესყიდვაზე ტენდერი გვაქვს გამოცხადებული და როგორც გამარჯვებული გამოვლინდება და შეშის შესყიდვას შევძლებთ, პირველ რიგში მაგ ოჯახს დავეხმარებით. რაც შეეხება სახლს, დანგრევის საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი სპეციალისტი იყო გასულ წელს, შეამოწმა და დაადგინეს, რომ საცხოვრებლად უსაფრთხოა,“ - განაცხადა სიღნაღის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა. გამგეობის მიერ შეშის შესყიდვას, შესაძლოა, 2 თვე დასჭირდეს.
ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||








