გარემოს დაცვა
ასოციაცია CENN: მდინარე სალესავის წყალი სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის
ოთხშაბათი, 11 აგვისტო 2010 13:53
მდინარე სალესავის წყალი ლაგოდეხის რაიონის სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ამ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს. ასოციაცის ინფორმაციით, რაჭისუბანში აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, რომელთა მდგომარეობა კახეთში გადასახლების შემდეგ უფრო გართულდა და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.
„რაჭისუბანში სულ 37 კომლი ცხოვრობს. მათი მთავარი ეკოლოგიური პრობლემა მდინარე სალესავის წყლის სეზონური ადიდებაა, რაც ამ პატარა სოფელს და მის მეურნეობას დიდ საფრთხეს უქმნის. რამდენიმე ოჯახის ეზო მთლიანად დაფარულია რიყის ქვითა და ლოდებით, ხოლო სახლის პირველი სართული აუტანელ სინესტეშია მოქცეული“, - აღნიშნეს ასოციაცია CENN-ში.
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, პრობლემა სალესავის წყალზე გაბიონის აშენებით უნდა მოგვარდეს. აღსანიშნავია, რომ სალესავის წყლის ის მონაკვეთი, სადაც გაბიონი უნდა აშენდეს, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის შიგნით მდებარეობს.
რაჭისუბნის მკვიდრი და დაცული ტერიტორიის რეინჯერი ალექსანდრე გაგნიძე აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოგვარება უფრო მაღალ დონეზე, შესაბამისი სამინისტროების შეთანხმების შედეგად უნდა მოხდეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის სააგენტოს ნაპირდაცვის დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ 2010 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რაჭისუბანი არ არის იმ თხუთმეტი ობიექტის სიაში, რომელზეც ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













