გარემოს დაცვა
საქართველოში მურა დათვის კონსერვაციის პროექტი დასრულდა
ხუთშაბათი, 03 ნოემბერი 2011 17:59
საქართველოში „მურა დათვის კონსერვაციის პროექტი", რომელსაც ჰოლანდიური ფონდის - Alertis-ის ფინანსური მხარდაჭერით სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი" ახორციელებდა, დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ 2007 წელს, სწორედ Alertis-ის დახმარებით „ნაკრესმა" გადაარჩინა ევთანაზიას სამი ტყვე დათვი და ჰოლანდიის დათვების თავშესაფარში გაგზავნა.
პროექტი მიზნად ისახავდა ვაშლოვანის ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში დათვის ეკოლოგიის შესწავლასა და მსხვილი მტაცებლების (დათვი, ლეოპარდი, ფოცხვერი, მგელი) მონიტორინგს. კვლევა რადიოტელემეტრიული მეთოდისა და ფოტოხაფანგების მეშვეობით მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ დათვის კვლევა ტელემეტრიული მეთოდის გამოყენებით საქართველოში 2005 წელს სწორედ „ნაკრესმა" დაიწყო და დღესაც წარმატებით გრძელდება. მოცემული პროექტის ფარგლებში ორი ინდივიდი დაიჭირეს (ძუ და ხვადი) და რადიოსაყელო შეაბეს. ამ ორ ინდივიდს წელიწადნახევრის განმავლობაში აკვირდებოდნენ და ინფორმაციას აგროვებდნენ მათი გადაადგილების შესახებ. დაკვირვების პროცესში ცნობილი გახდა, რომ დათვები დროის დიდ ნაწილს ეგრედ წოდებულ არეულებში (რთული რელიეფის მქონე ადგილები) ატარებენ. ისინი დაცული ტერიტორიების ფარგლებს გარეთაც გადიან და ახლომახლო ყანებში ეძებენ საკვებს. სპეციალისტებმა დაინახეს ისიც, რომ დათვების ინდივიდუალური ტერიტორია მინიმუმ 40-50 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. თუმცა, ეს მინიმუმია.
სრულყოფილი ინფორმაციის მოგროვებას ხელი სამწუხარო ფაქტმა შეუშალა. ხვადი ბრაკონიერების მსხვერპლი გახდა, ძუ დათვი კი საყელოს ვერ შეეგუა და ცოტა ხნის შემდეგ მოიძრო.
ტელემეტრიული კვლევის პარალელურად, Alertis-ის პროექტის ფარგლებში, 2009 წელსაც მიმდინარეობდა მსხვილი მტაცებლების მონიტორინგი ფოტოხაფანგების მეშვეობით. ეს მონიტორინგი უკვე ხუთი წელია გრძელდება. მონიტორინგის წყალობით „ნაკრესის" ბაზას დიდძალი საინტერესო ინფორმაცია შეემატა მსხვილ ძუძუმწოვართა აქტივობისა და რიცხოვნობის შესახებ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში.
ფოტოხაფანგებით მოგროვილი მასალის საფუძველზე, პირველად დაითვალა ფოცხვერის მინიმალური რიცხოვნობა საკვლევ რეგიონში (10 ინდივიდამდე). „ნაკრესის" წარმომადგენლები ხუთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მათ მიერვე აღმოჩენილი ერთადერთი ლეოპარდის მოძრაობასა და აქტივობას. უკვე ყველასათვის ცნობილი ლეოპარდი, სახელად „ნოე", ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების თითქმის მთელ ფართობზე გადაადგილდება და დიდი ხანია „ნაკრესის" ფოტოხაფანგის „ყურადღების ცენტრშია".
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













