ორშაბათი, 30 იანვარი 2012 14:11
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს, აბიტურიენტებისთვის 2012 წლის გამოცდების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ცენტრის ცნობით, 2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება მეორადი ჩარიცხვები. ეს ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. მეორადი ჩარიცხვების შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ დარჩენილი ადგილები არ იძლეოდა ოპტიმალური არჩევანის გაკეთების საშუალებას. ამასთან, მეორადი ჩარიცხვების პროცესი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა გრანტების განაწილების პროცესს, რაც პირველადი ჩარიცხვებით მოხვედრილთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა. აღნიშნული ცვლილება მაქსიმალურად ზრდის აბიტურიენტის ჩარიცხვის ალბათობას, ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ კი ჩარიცხვებთან ერთად ხდება ცნობილი.
აღნიშნული სიახლის დანერგვის შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს შეეძლებათ, აღარ დაელოდონ მეორადი ჩარიცხვების შედეგებს და დროულად დაიწყონ სასწავლო წელი.
2012 წელს ყველა სახის გამოცდისათვის რეგისტრაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონულად. აპლიკანტები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. სპეციალური სარეგისტრაციო სისტემა და დეტალური ინსტრუქციები ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციის პროცესის დაწყებისას განთავსდება.
პროფესიულ პროგრამებზე (IV-V საფეხური) ჩაბარების მსურველები განაცხადში აღარ მიუთითებენ პროფესიულ მიმართულებებს. აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას, პროფესიულ მიმართულებებს კი გამოცდის ჩაბარების შემდეგ აირჩევენ.
მომავალი წლიდან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ფარმაციისა და იურიდიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გაიზრდება და უცხოურ ენაში 30% გახდება, ხოლო ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასაბარებელ სხვა გამოცდებში 35% (აბიტურიენტმა, ზღვარი რომ გადალახოს, უნდა მიიღოს მაქსიმალური ქულის 35%–ზე მეტი 3 გამოცდაში, ხოლო მაქსიმალური ქულის 30%–ზე მეტი უცხოურ ენაში).
„აბიტურიენტების რეგისტრაცია 6 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით იწარმოებს. რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტი განაცხადს ვეღარ შეცვლის. ინტერნეტით რეგისტრაციას აბიტურიენტი (როგორც სკოლის მოსწავლე, ისე სკოლადამთავრებული და ექსტერნი) გადის ვებგვერდზე www.naec.ge ან online.naec.ge“, - განაცხადეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდი www.naec.ge უნდა იხილონ.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












