ადამიანის უფლებები
ოჯახი და უფლებადამცველები 46 წლის რობერტ ხარაიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ
სამშაბათი, 29 ივნისი 2010 12:09
ოჯახი და უფლებადამცველები 46 წლის რობერტ ხარაიშვილის პატიმრობიდან სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატიმრის დედამ თამარ ბატიაშვილმა განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ რობერტ ხარაიშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ გაეწევა, შეიძლება, დაიღუპოს.
მისივე ინფორმაციით, დაავადებები, რომელიც პატიმარს სჭირს, საგანგაშოა და ასეთ მდგომარეობაში სასჯელაღსრულების მე-2 რუსთავის დაწესებულებაში მისი ყოფნა სიკვდილის ტოლფასია.
თამარ ბატიაშვილის განმარტებით, პატიმარს ყელის კიბო, C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, შიდსი და სხვა მძიმე დაავადებები სჭირს. ამ დიაგნოზს, მისი თქმით, ადასტურებს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების და ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის სამედიცინო დასკვნები.
ბატიაშვილის თქმით, პატიმარს ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში ოპერაცია ორჯერ ჩაუტარდა. მას ყელში პლასტმასის მილები ჩაუდგეს და ვერ საუბრობს. ბატიაშვილის განცხადებით, ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრს მიმართეს, იმ დასკვნის მოთხოვნით, რომელიც პატიმრის მძიმე ავადმყოფობას ადასტურებს, თუმცა დოკუმენტს ადვოკატის გარეშე არ აძლევენ, ადვოკატი კი, პატიმარს არ ჰყავს.
პატიმრის დედის თქმით, სამედიცინო დასკვნა სჭირდება საპატრიარქოში წარსადგენად, სადაც პატიმრის შეწყალების საკითხში დახმარების თხოვნას აპირებს.
მისი განცხადებით, არაერთხელ მიმართა შეწყალების, პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე.წ. უდოს კომისიებს ავადმყოფი პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. პატიმრის გათავისუფლების არგუმენტად დასახელდა ის ფაქტი, რომ ხარაიშვილი ოთხჯერ ნასამართლევია.
ბატიაშვილის თქმით, მომაკვდავ პატიმარს სასჯელიდან 7 თვე დარჩა მოსახდელი.
პატიმრის გათავისუფლებას „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ ითხოვს, რომელსაც ხარაიშვილის საქმე შესწავლილი აქვს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აღნიშნულ თემაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
რობერტ ხარაიშვილს ქურდობის ბრალდებით 8 წელი და 7 თვე აქვს მისჯილი. იგი ძებნილი იყო და ექსტრადიცია 10 წლის წინ რუსეთიდან მოხდა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












