07:00:57

Share |

მარტოკაცის ახალი წელი

მარტოკაცის ახალი წელიადრე ასეთი წესი იყო, ახალ წელს ხევსურები ხინკალს მოხარშავდნენ, ქადებს დააცხობდნენ და... ერთმანეთს პარავდნენ. ვინც  ქურდს დაიჭერდა, მისთვის გამოსასყიდი უნდა გადაგეხადა. გამოსასყიდი რა იყო აღარ მახსოვს, რამე იოლი იქნებოდა, ალბათ, ისევ ქადა.

ახლა სხვა დროა და ბევრისთვის ახალი წელი ასე იწყება - დეკემბრიდან მაღაზიებში ფასები დაიწევს და გოგოები ვიტრინებს შეესევიან. სამსახურებიდან ხალხს ერთი კვირით დაითხოვენ. ბავშვი ნაძვის ხის აწყობას მოგთხოვს. ააწყობ და გული დაგწყდება, რომ კატა არა გყავს (კატებს ნაძვის ხის მოსართავებთან თამაში უყვართ). საყიდლების სიას ჩამოწერ. გამოსაცხობს გამოაცხობ, შესაწვავს შეწვავ. მერე მეგობრებში იმდენ ხანს იბორიალებ, სანამ ჯერ შოკოლადის კანფეტები არ გაგითავდება, მერე - კარამელის. მეკვლედაც მოვა ვინმე. მე, როგორც წესი, საკუთარი  ძაღლი მყავს ხოლმე მეკვლედ,  ოთხი ფეხიდან ერთი მაინც ხომ ექნება კეთილი.

მოკლედ, სტანდარტული ახალი წელი ესაა, ყოველ შემთხვევაში იმისთვის, ვინც მთაში არ ცხოვრობს.

უკვე ტრადიციად იქცა, საახალწლოდ რომელიმე ტელეშოუში აუცილებლად აჩვენებენ თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, სვანეთში... ვინ როგორ ხაჭაპურს და კვერს აცხობს, მაგრამ...

მაგრამ, რეალობა სხვაა.

ძალიან ბევრ სოფელში უკვე აღარც ხინკლის მომხარშავი დარჩა და აღარც ქადის გამომცხობი. სოფლები ცარიელდება და არც მეკვლეა ასარჩევად, თავად თუ გახვალ და შემოხვალ კარში. არც ბავშვია, გული გაგიწყალოს, ნაძვის ხე ამიწყეო. ბევრს ცოლიც  საზღვარგარეთ ჰყავს გაშვებული სამუშაოდ. შეიძლება გადმორეკოს, ეგ იქნება და ეგ.

არის ასაკი, როცა ახალი წელი უკვე აღარ გიხარია. უფრო სწორედ გღლის ზარზეიმით გააცილო წელი, რომელმაც არაფერი მოგიტანა და შეხვდე მეორეს, რომელიც ასევე არაფერს მოგიტანს. არაფერი იცვლება ამ ოხერ მთაში. როგორც ადრე ჭირდა ცხოვრება, ახლაც ისევე ჭირს.

სოფელ  ვეძათხევში მეწყერმა რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ახლა ისინი ქოხებში ცხოვრობენ. მთავრობას საშველი ვერ დაადგა, რომ ხალხი გაასახლოს. ვერ წარმომიდგენია ეს ძონძებში გამოხვეული ხალხი და ახალი წელი. შედარებით სუფთა ტანსაცმელს ჩაიცმევენ და სუფრაზე ცხელ კერძს დადებენ? რა აქვთ საჭმელი? პური? ბრინჯი? არ ვიცი. მგონია, რომ ლოგინში ჩაწოლილები შეხვდებიან, დაკონკილი საბნების ქვეშ. რა საჭიროა ფეხზე ადგომა ცივ ოთახში, როცა ტელევიზორიც არ გაქვს. აქ ადრე ღამდება. აქ უკვე კარგა ხანია ღამეა.

ძალიან მიყვარს, როცა ახალ წელს  მრავალჟამიერს მღერიან. ასეთი საახალწლო სიმღერა მგონი არც დაწერილა, მრავალ ჟამს ვიქნებითო, სულო. მაგრამ რეალობა რომ სხვაა? აჰა, მთა არის, ხალხი კი აღარ.

ღმერთმა ქნას, რომ იყოს.

 

ავტორის შესახებ:  თეა თოფურია დაიბადა - 1977 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ სოხუმში. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1998 წლიდან მუშაობს ჟურნალისტად და რედაქტორად ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. არის სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსების ნომინანტი და ლაურეატი.

 

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2011 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 30 31  

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy