შაბათი, 28 იანვარი 2012 15:23
მისასალმებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კატეგორიული განცხადება, რომ გაოგნებულები არიან საქართველოს სახელმწიფოს მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მიკერძოებული და არაკეთილსინდისიერი გამოძიებით და სასამართლო განხილვით.
განჩინებაში დეტალურად არის აღწერილი როგორ აწამეს ჩემი თანატოლი. „გვამს აღენიშნებოდა 12 სხვადასხვა ზომის ჭრილობა ყელის არეში, მიყენებული მჭრელი საგნით და ერთი დაზიანება მარცხენა მხარზე. ყელზე არსებულ ჭრილობათაგან სამი საკმარისად ღრმა იყო იმისათვის, რომ კუნთების დაზიანება გამოეწვია. ერთ-ერთი მათგანი, 0.5 სმ დიამეტრის მქონე, ხახამდე იყო ჩასული. სახელმწიფო ექსპერტის თქმით, რომელმაც შეამოწმა ყელიდან აღებული კანის ნიმუში, ჭრილობები მიყენებული იყო მჭრელი, წვეტიანი და ტარიანი საგნით, შესაძლოა დანით. ძალზე დიდი რაოდენობის, სხვადასხვა ზომის - 4 სმ-დან 15 სმ-მდე სიგრძის - ჭრილობები იქნა აღმოჩენილი მარცხენა მხარზე, მარცხენა მკლავზე, მარჯვენა მხარზე, თითებზე, მუცლის არეში, ორივე მუხლზე და წვივზე, ბარძაყებზე, შუბლზე, ცხვირზე და თვალების მიდამოებშ
ერთი აბზაციც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, როგორი სადისტები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსნები, რომლებმაც გირგვლიანი მოკლეს. აღარაფერს ვამბობ გენერალური პროკურატურის, შს სამინისტროს, სასამართლოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და პარლამენტის „ხმაშეწყობილად“ მოქმედებებზე „იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება“.
განჩინების კითხვა დავასრულე თუ არა, გარეთ გავედი. სახეში თოვლი შევიყარე და რამდენიმე წუთში ისევ კომპიუტერთან დავბრუნდი, „ფეისბუქში“, „ორთქლის გამოსაშვებად“. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებული განცხადება დამხვდა, ეკატერინა ხვედელიძე „სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის სახელობის ფონდს“ სააკაშვილისგან დაბრუნებულ 100 ლარს გადაურიცხავსო. პროცესი რომ მოიგო ქართულ სასამართლოში მოქალაქეობის აღდგენაზე და სასამართლომ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ხვედელიძის სასარგებლოდ, სასამართლო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის უკან დაბრუნება რომ დაავალა, იმ ფულზეა საუბარი. „შევიტყვე, რომ ბატონი გურამ გირგვლიანი ფონდის შექმნას აპირებს და აწესებს ყოველწლიურ პრემიას ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვაში გამოიჩინა თავი. მინდა ამ ფონდში გადავრიცხო პირველი სიმბოლური შენატანი - მიხეილ სააკაშვილის დამარცხების საფასური - და გამოვთქვა იმედი, რომ ერთად შევძლებთ საქართველოში სამართლიანობის დამყარებას. სულ მალე დადგება დრო, როდესაც ყველა, მათ შორის პრეზიდენტიც, თანასწორი იქნება კანონის წინაშე“, - აცხადებს ეკატერინა ხვედელიძე.
მაშინვე, ბიძინა ივანიშვილის მიერ, გასული წლის 12 ოქტომბერს გავრცელებული განცხადება გამახსენდა. ივანიშვილი ამბობს, რომ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, იცნობს, როგორც კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას. ივანიშვილი იქვე აცხადებს, რომ მერაბიშვილმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა და შექმნა გამართული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით. „საპატრულო პოლიცია თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურული დანაყოფები რომლებსაც ის სადამსჯელო, ჯალათური ფუნქცია რომ მოვაშოროთ, შეიძლება საზოგადოებისთვის ძალზე სასარგებლო როლი ითამაშონ“, - აღნიშნავდა ივანიშვილი.
ბატონო ბიძინა, საინტერესოა, გირგვლიანის მკვლელებს და მათ ხელმძღვანელებს მართლა აძლევდით პრემიებს წლების განმავლობაში?
ასობით სპეცრაზმელს, რომლებსაც ძირითადად სპეცოპერაციების დროს ადამიანების ჩასაცხრილად, კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან ძალის გამოყენებით დევნილების გამოსაყრელად, საპროტესტო აქციების დასარბევად რომ იყენებდნენ, მართლა უხდიდით პრემიას და ახალისებდით?
გირგვლიანი ახლა გაგახსენდათ, როცა პოლიტიკაში მოხვედით?
ავტორის შესახებ: გელა მთივლიშვილი - დაიბადა 1983 წლის 9 ივლისს, გურჯაანში. პროფესიით არის იურისტი. 2006 წელს საბერძნეთში გაიარა სპეციალური კურსი ადამიანის უფლებებზე; 2007 წელს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით სტაჟირება გაიარა აშშ-ში; 2004 წლიდან მუშაობს ჟურნალისტად.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












