ბერლინის პოლიციამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ფოტო გამოაქვეყნა

ბერლინის პოლიციამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ფოტო გამოაქვეყნა

ბერლინის პოლიცია საქართველოს მოქალაქის, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ფოტოს აქვეყნებს და მოსახლეობას მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.

როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის 23 აგვისტოს, პარასკევს, 11:55 საათზე რაიონ მოაბიტში კაცს ესროლეს. პროკურატურისა და პოლიციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი ველოსიპედით გადაადგილდებოდა და რამდენჯერმე გაისროლა. მიყენებული ჭრილობებით 40 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა. მან მისამალად ელექტროსკუტერი გამოიყენა, რომლის ფოტოსაც ასევე აქვეყნებს პოლიცია. ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს.

გამომძიებლებს აინტერესებთ, ვინ ნახა ბრალდებული 20 აგვისტოდან 23 აგვისტომდე და ვის შეუძლია ამ პერიოდში მისი ადგილსამყოფელის დასახელება. პოლიცია ბრალდებულის, ასევე მის მიერ გამოყენებული ველოსიპედისა და ელექტროსკუტერის შესახებ დამატებით ინფორმაციასაც ითხოვს.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. მას გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი.

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან