გურჯაანში 34 წლის ახალგაზრდა, რომელიც მოკლული ეგონათ, ცოცხალი იპოვეს

გურჯაანში 34 წლის ახალგაზრდა, რომელიც მოკლული ეგონათ, ცოცხალი იპოვეს

სამართალდამცავებმა ათდღიანი ძებნის შემდეგ ცოცხალი და უვნებელი იპოვეს 34 წლის ვანო მახარაშვილი, რომელზეც მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოკლეს და ცხედარი მდინარეში გადააგდეს.

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვანო მახარაშვილი სიღნაღის რაიონში ერთ-ერთ ფერმაში იმყოფებოდა. ის დაკითხვაზე პოლიციაშია გადაყვანილი.

გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში მცხოვრებ ახალგაზრდას ოჯახის წევრები 3 აგვისტოდან ეძებდნენ, პოლიციას კი 16 აგვისტოს მიმართეს. ვანო მახარაშვილი ბოლოს სოფელ ვეჯინში ნახეს. მასთან ერთად მყოფი პირებიდან ერთ-ერთი, არასრულწლოვანი მოწმე პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ ვანო მახარაშვილს თავში რკინა ჩაარტყეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ტაქსი გამოიძახეს, ცხედარი ტომარაში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ორი დღის განმავლობაში სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტა, მაგრამ ცხედარი ვერ იპოვეს.

მოგვიანებით, არასრულწლოვანმა მოწმემ ადვოკატის თანდასწრებით, პოლიციისთვის მიცემული „აღიარებითი ჩვენება“ უარყო და განაცხადა, რომ პოლიციაში ცემეს, აწამეს და ჩვენება იძულებით მიაცემინეს.

პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შესახებ განაცხადა ტაქსის მძღოლმაც. მისი თქმით, სამართალდამცავებს ის თითქმის 10 საათი ჰყავდათ დაკავებული, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მისგან აღიარებითი ჩვენების მიცემას ითხოვდნენ.

არასრულწლოვნის მიმართ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე კახეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან