ზაქარია ქინქლაძეს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ზაქარია ქინქლაძეს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების ყოფილ უფროსს, ზაქარია ქინქლაძეს, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით თებერვალში დააკავეს, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საპროცესო შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გუშინ დაამტკიცა.

ასევე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ამავე საქმეზე დაკავებულ და ქრთამის მიცემაში ბრალდებულ ოთხ პირთან. ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოს, შპს „ქისტაურის“ დირექტორს, რამაზ ლეფსვერიძეს და სახერხი საამქროს, შპს „გრემის“ დამფუძნებლებს – გიორგი არჩუაშვილს და ძმებს – გოჩა და ვაჟა ფშავლიშვილებს 9 თვით პატიმრობა, 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმა და 4-წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ.

ზაქარია ქინქლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 7 თებერვალს, თელავში, სამმართველოს შენობაში დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წაუყენა, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის მასალების თანახმად, ზაქარია ქინქლაძემ რამაზ ლეფსვერიძისგან ქრთამის სახით 2500 ლარი აიღო იმის სანაცვლოდ, რომ მისთვის ხე-ტყის უკანონო ჭრისას და რეალიზაციისას მფარველობა გაეწია. გოჩა ფშავლიშვილი, გიორგი არჩუაშვილი და ვაჟა ფშავლიშვილი კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსისთვის, ბესიკ შუბითიძისთვის ქრთამის მიცემისთვის არიან მსჯავრდებულები. პროკურატურის მტკიცებით, გოჩა ფშავლიშვილმა ხე-ტყის უკანონო მოჭრასა და რეალიზაციაში მფარველობის სანაცვლოდ, შუბითიძეს 3000 აშშ დოლარი გადაუხადა და ქრთამის სახით თანხის გადახდას ყოველთვიურად დაპირდა. ბრალდების მხარის თანახმად, რამაზ ლეფსვერიძემ, ზაქარია ქინქლაძისთვის ქრთამის მიცემის გარდა, 8000 ლარი ქრთამის სახით ბესიკ შუბითიძესაც მისცა.

აღსანიშნავია, რომ ზაქარია ქინქლაძე ბრალს არ აღიარებდა.

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან