პარასკევი, 29 იანვარი 2010 04:32
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტის რეზო საყევარიშვილის განცხადებით, ახალი საბიუჯეტო კოდექსი ადგილობრივ თვითმმართველობებს ზღუდავს.
„კანონის მე-15 მუხლით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების (გარდა ქ. თბილისისა) დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადების წესი უნდა დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ. ეს ფინანსთა მინისტრის მომეტებული უფლებამოსილებაა და აღნიშნული უნდა განახორციელონ საკუთრივ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, ისევე როგორც ეს თბილისის შემთხვევაშია. ამ და სხვა რამოდენიმე მუხლით, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები საფინანსო საკითხებში შეზღუდულია ფინანსთა მინისტრის უფლებების გაზრდის ხარჯზე, რაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპული ქარტიის და ამავე სახელწოდების საქართველოს ორგანულ კანონს ეწინააღმდეგება. ამდენად, იერარქიულად ქვემოთ მდგომმა კანონმა არ შეიძლება განსხვავებული რეგულაციები დააწესოს, ვიდრე ეს ზემდგომი ნორმატიული აქტებითაა დადგენილი", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეზო საყევარიშვილმა.
მისივე თქმით, კანონის მე-19 მუხლით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულებისა და ბიუჯეტების ასიგნებების ხარჯვის შემოწმებას საქართველოს კონტროლის პალატა ახორციელებს.
„აღნიშნული ჩანაწერის შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატას უფლება ეძლევა შეამოწმოს ადგილობრივი თვითმმართველობის მთლიანი საჯარო ფინანსები, რითაც საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის როლი კნინდება. საკრებულოს საფინანსო კომისიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო შემოწმების ობიექტები „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში საკმაოდ კარგად არის ფორმულირებული. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ უნდა დაიშვას მხოლოდ მიზნობრივი ტრანსფერის კონტროლი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებს ცენტრალური ხელისუფლებიდან (სახელმწიფო ბიუჯეტიდან) გადაეცემათ, ხოლო სხვა საკითხები შეისწავლოს ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან ერთად", - აღნიშნავს საყევარიშვილი.
ექსპერტის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს მომეტებულ უფლებამოსილებაზე მიუთითებს კანონპროექტის 23-ე მუხლიც, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წლიური ბიუჯეტითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ.
„ფინანსთა სამინისტროს გაზრდილ როლზე და ადგილობრივი თვითმმართველობის დაკნინებულ უფლებამოსილებაზე მიუთითებს კანონპროექტის 24-ე მუხლიც, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით. აღნიშნული ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ მთავარ საფინანსო პრინციპს - დამოუკიდებლად განკარგონ საკუთარი ფინანსური სახსრები. აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება ასევე წარმოდგენილი კოდექსის პროექტის ერთ-ერთ პრინციპს - დამოუკიდებლობას", - აცხადებს რეზო საყევარიშვილი.
ვიდეო
აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე
ვიდეო
უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












