22:35:49

Share |

მინისტრთან შეხვედრის დეტალები

მინისტრთან შეხვედრის დეტალები„მინდა გითხრათ რა ხდება სინამდვილეში გარემოს დაცვის სამინისტროში, რომელშიც დაიჭირეს ბევრი ხალხი და რომელსაც წაართვეს ტყე და გადასცეს სხვა სამინისტროს,“ - ამ სიტყვებით დაიწყო გოგა ხაჩიძემ შეხვედრა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში 2012 წლის 29 იანვარს. შეხვედრას 14 ბლოგერი და 2 ჟურნალისტი ესწრებოდა.

შეხვედრაზე, რომელიც არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი, რამდენიმე ნაკლებმნიშვნელოვანი და ორიოდე უმნიშვნელო შეკითხვა დაისვა. მინისტრმა შეხვედრის დასაწყისშივე თქვა რომ ელოდა მძიმე კითხვებს.

„არის კითხვები რომელზე პასუხიც არის ძნელი. არის კითხვები, რომლებზეც არსებობს ორნაირი პასუხი, ერთი მინისტრის პასუხი, მთავრობის წევრის და მეორე ძალიან ადამიანური. რაღა თქმა უნდა შენ როცა ხარ მინისტრი ყველას ფეხებზე კიდია შენი ადამიანური პოზიციები. მინისტრის პოზიცია აინტერესებთ. შენ რას ფიქრობ არავის. მე მინდა რომ ორივე პოზიცია დაგიფიქსიროთ და განვმარტო ის თუ რატომ ხდება ასე. რატომ არის ასეთი უხერხული კითხვები და რატომ არ გვაქვს რაღაცაზე პასუხი. ერთ-ერთი მიზეზი რაც იწვევს ბევრ კითხვაზე უპასუხობას არის შემდეგი. პრეზიდენტი ამბობს ხოლმე ამას, არასოდეს ასეთ მოკლე პერიოდში ასეთი განვითარება არ ქონია ჩვენს ქვეყანას. ფაქტია ეს. ვერ გაექცევი ამას. ასეთ პერიოდში გარემოს დაცვის მუშაობა, ფუნქცია და განსაკუთრებით მინისტრის არის ალბათ წყევლა. განსაკუთებით მაშინ როცა შენი წმინდა მორალური ადამიანური შეხედულებები არის ძალიან მორალისტური გარემოს დაცვის კუთხით. ის რაც ხდება ახლა ქვეყანაში არის მართლა ძალიან დაჩქარებული. მცირე დროში ბევრი განვითარება. გინდა თუ არ გინდა არსებობს ქვეყანაში პრიორიტეტები. გარემოს დაცვა (აი პირველი საშინელება რასაც ვიტყვი დღეს), ჩვენს რეალობაში ვერ იქნება წამყვანი პრიორიტეტი ქვეყნისთვის. იმიტომ რომ გარემოს დაცვას აქვს ძალიან კონკრეტული ფასი და ჩვენ უნდა ვიცოდეთ მაშინ ამის ფასი. ჩვენთან გარემოს დაცვაზე არის ფარისევლური დამოკიდებულება. ამბობენ, ჩემი ტყე, ჩემი მამაპაპის კალმახი, სინამდვილეში საქმე საქმეზე რომ მიდგეს ასე არაა. რამდენიმე დღის წინ კავკასიაზე ჩემი ლანძღვის გადაცემა იყო. ინტერაქტივში კითხვა იყო დასმული. იცავს თუ არა მთავრობა გარემოს. სავარაუდო პასუხები იყო კი და არა. არას ჰქონდა 99% და კის 1%. თუმცა აქ მთავარი ეს პროცენტები არაა. გადაცემის ბოლოში შედეგები შეაჯამეს და აღმოჩნდა რომ სულ შემოსულია 115 ზარი. აი ესაა უბედურება. პრიორიტეტი იმიტომ არაა გარემოს დაცვა რომ 115 ზარი შედის. თუ ხვალ რუსთაველზე დადგება 10 ათასი კაცი რაიმე გარემოსდაცვითი მოთხოვნით, რაღაც საკითხი საპირწონედ ამოიწევს ქვეყნის პრიორიტეტებში,” – განაცხადა შეხვედრის დასაწყისში გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.

სიმართლე გითხრათ, მინისტრს ერთ მოსაზრებაში დავეთანხმე. გარემოს დაცვა ჩვენს ქვეყანაში არ არის პრიორიტეტი. ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ნაკლებად გვაინტერესებს ეს საკითხი. ერთადერთი ნათელი წერტილი ამ მხრივ გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა. ძალიან ცუდია რომ სამინისტრო ამ ორგანიზაციებს ხმალამოღებული ებრძვის და ნებისმიერ კრიტიკულ აზრს არაადეკვატურად აღიქვამს. ერთის მხრივ მესმის გოგა ხაჩიძის გულისტკივილი, როდესაც ის წუწუნებს რომ ხალხს არ აინტერესებს გარემოს დაცვა, მაგრამ მეორე მხრივ არ მესმის მისი აგრესია ცალკეული ადამიანების და ორგანიზაციების მიმართ. დავკონკრეტდები, „მწვანე ალტერნატივას“ მიმართ მინისტრის დამოკიდებულება ჩემთვის, მესამე პირისთვის, რომელიც მოვლენებს ფბ-გვერდზე აკვირდება მიუღებელია. მით უმეტეს როცა იგივე „მწვანე ალტერნატივა“ თითქმის ერთადერთი ორგანიზაციაა რომელიც რეალურად მუშაობს და რეალურ შედეგებს დებს ცალკეულ საკითხებზე. ჩემი აზრით იმ ფონზე როცა „ხუდონჰესის“ გზშ-ს ერთ-ერთი გარემოსდამცველი ორგანიზაცია წერს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანიზაციები, რომლებიც თავის საქმეს კეთილსინდისიერად გააკეთებენ და თავიანთი პრინციპების საწინააღმდეგოდ არ იმოქმედებენ.

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ერთ ფაქტსაც გავუსვა ხაზი. 29 იანვარს გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ფეისბუქზე გარემოს დაცვის სამინისტროს ახლადშექმნილ გვერდზე ისაუბრა და თავის თანამშრომლებს სთხოვა ორშაბათისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წევრების მიერ ფბ-ზე დატოვებული შეკითხვებისთვის პასუხები მოემზადებინათ. მეორე დღეს ეს პასუხები მართლაც გამოქვეყნდა. სხვა საკითხია რამდენად ამომწურავი იყო აღნიშნული პასუხები, თუმცა ის ფაქტი რომ მინისტრმა დადებული პირობა, უფრო სწორად თავისი მოვალეობა შეასრულა, მისასალმებელი ფაქტია.

საერთოდ ჩემი დაკვირვებით, მინისტრს რიგი საკითხებისადმი გაორება სჭირს. შევეცდები ავხსნა რას ვგულისხმობ. შეხვედრის დასაწყისში ხაჩიძე ამბობდა რომ ხალხს და საზოგადოებას არ აქვს ინტერესი გარემოს დაცვითი საკითხების მიმართ, რაშიც ვეთანხმები. თუმცა იქვე საკუთარ სიტყვებს ჩემტვის მიუღებელი არგუმენტი დაუპირისპირა.

„მე ვზივარ ხოლმე მთავრობის სხდომაზე მრგვალ მაგიდასთან და ვუყურებ მინისტრებს. სახელმწიფო მინსიტრებს არ ვგულისხმობ ოღონდ. რომ დამიდგეს ეგეთი არჩევანი როგორც მოქალაქეს, რომ ერთი სამინისტრო უნდა გავაუქმო, იმიტომ რომ სხვა არჩევანი არა მაქვს და მის მაგივრად შეიძლება არსებობდეს გარემოს დაცვის სამინისტრო. როგორც მინისტრი გასაგებია, მაგრამ როგორც მოქალაქე აი რომ შევხედოთ, თავდაცვას შევეხები? თავდაცვა ძალიან დიდი პრიორიტეტი ხომ არის ჩვენი ქვეყნის. შსს, იუსტიცია, ჯანდაცვა. რეალურად თავი რომ არ მოვიტყუოთ ჯანდაცვაზე პრიორიტეტი ხომ არ არის ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაცვა? როგორც მინისტრი მე ბევრს ვიყვირებ, რომ წინ უნდა ვიდგეთ. მაგრამ რომელ სამინისტროზე წინ უნდა დავდგეთ, როგორც მოქალაქეებმა „ჩესნად“ მითხარით,“ - შეგვეკითხა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

ერთ-ერთმა ბლოგერმა, კნუტმა (რა სიმბოლურია:), გარემოს დაცვის მინისტრს უთხრა რომ არ მიაჩნია სწორად საკითხის ასე დაყენება და რომ გარემოს დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა საკითხი.

„ეს არის ძალიან კეთილშობილური, დედიშობილა მიდგომა გარემოს დაცვისადმი. საქმე იმაშია რომ სახელმწიფოს არ აქვს იმის ფუფუნება რომ პრიორიტეტები ძალიან ზუსტი თანმიმდევრობით არ დაალაგოს. გვაქვს კონკრეტული რესურსი და გაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. გარემოს დაცვას აქვს კონკრეტული ფასი, რომლის გადასახდელადაც არანაირად არ არის მზად ქართული საზოგადოება. ქართულ საზოგადოებას ურჩევნია იყოს ჯანმრთელი, ურჩევნია რომ არ იყოს კრიმინალი, ქონდეს წყალი, გზა, ფული, იყოს სასტუმრო აშენებული, იყოს დაცული. არის საკითხები სადაც ჯერ კიდევ „ვაპრავებ“ საკუთარ თავს თუ როგორ წავიდე კომპრომისზე. მაგალითად საკითხი რომელიც წითელ ნუსხაში შემავალ ცხოველებზე ნადირობას ეხება. ჯერ არაა დაშვებული, მაგრამ დაიწყება,“ – ასეთი იყო გოგა ხაჩიძის პასუხი.

ერთ-ერთი შეკითხვა ლაზიკის მშენებლობას ეხებოდა. დამაინტერესა გარემოს დაცვის სამინისტრომ შეასრულა თუ არა რამსარის კონვენციით აღებული ვალდებულება. კერძოდ შეატყობინა თუ არა კონვენციის ბიუროს ლაზიკის მშენებლობის შესახებ, ვინაიდან ის შესაძლოა დაცულ ტერიტორიაზე აშენდეს. რა მიპასუხა ამ შეკითხვაზე გარემოს დაცვის მინისტრმა შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ეს არის პოსტის პირველი ნაწილი.

საკმაოდ ვრცელი გამოვიდა, ამიტომ გაგრძელებას უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებ. სიმართლე გითხრათ არ ვაპირებდი ასე დეტალურად დაწერას და ფაქტობრივად სტენოგრამის გაკეთებას, მაგრამ სოციალურ ქსელებში ატეხილმა აურზაურმა გადამაწყვეტინა პოსტის ფორმატის შეცვლა.

მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვიქნები კორექტული. ამ დღეებში ბევრი სისულელე წავიკითხე ამ შეხვედრის შესახებ. მაგრამ ვერ მოვისმინე/წავიკითხე ვერცერთი არგუმენტი, რატომ არ უნდა წავსულიყავი, თუნდაც მე ამ შეხვედრაზე.

დავიწყოთ იქიდან, რომ თითქმის ყველა პოსტში/სტატიაში იყო უზუსტობა. როცა წერთ რომ ქართველი ბლოგერები გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდნენ არასწორია. შეხვედრას სულ 14 ბლოგერი ესწრებოდა. არ ვიცი დანარჩენი 13 რას ფიქრობს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვთვლი რომ სრულიად ბლოგოსფეროს წარმოვადგენ, არც მაქვს ამის ამბიცია.

მეორეც, ატეხილმა აურზაურმა, ნათლად დამანახა პრობლემა, რომელიც ჩვენ საზოგადოებას ჭირს. ჩვენ წვრილმანებს გამოვეკიდებით ხოლმე და გვერდზე გვრჩება ყველაზე მთავარი. რომელიმე თქვენგანი, კლავიატურა რომ მოთელეთ პოსტის წერისას დაინტერესდით ვინ იყო შეხვედრაზე, რა კითხვები დაისვა, მინისტრმა რა უპასუხა? დაინტერესდით რაზე იყო საერთოდ შეხვედრა?

არა თქვენ ეს შეკითხვები არ დაგისვამთ. სამაგიეროდ დაწერეთ რომ აი რა ცუდია, სამთავრობო სტრუქტურები დამოუკიდებელი ბლოგერების მოსყიდვას ცდილობენ.

სხვების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი საკუთარ მაგალითზე.

ამ შეხვედრაზე წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე სტატია გამოვაქვეყნე დარიალი ჰესზე. ახლა ამ სტატიის გაგრძელებაზე ვმუშაობ. რომელიც წინაზე არანაკლებ მწვავე იქნება. ეს შეხვედრა, ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის და როგორც ბლოგერისთვის რამდენიმე რამის გამო იყო მნიშვნელოვანი. მე მქონდა კითხვები, რომელიც დავსვი და რომელზე პასუხიც მივიღე. გავიცანი გარემოს დაცვის მინისტრი, რომელიც რამდენადაც კარგი ადამიანია, იმდენად სუსტი გარემოსდამცველია.

ჩემი შეფასებით, რიგ საკითხებზე მას სწორი პოზიცია აქვს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც პასუხის გაცემა უჭირს. გარემოს დაცვის მინისტრმა ერთ-ერთ მწვავე კითხვაზე პასუხის დროს მისდაუნებურად თავისი კოლეგა მინისტრი ტყუილში ამხილა. ახლა დეტალებს არ დავაკონკრეტებ. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა ამ თემაზე მუშაობს და არ მინდა ხელი შევუშალო. მიუხედავად იმისა რომ არ მაქვს ილუზია რომელიმე სხვა ჟურნალისტი გარემოს დაცვის თემით დაინტერესდება, სიფრთხილეს თავი არ სტკივა:)

თუმცა ჟურნალისტებს არც ვერჩი. ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც გარემოსდაცვით თემებზე მუშაობს ხშირად ამბობს: მომბეზრდა რედაქტორისთვის თემის შეტენვის პროცესიო. ვინც არ იცით გეტყვით რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როცა ჩემი ბლოგი ახლადფეხადგმული იყო, ერთ-ერთ ტრენინგზე ერთი გაზეთის ერთმა “სახელგანთქმულმა” რედაქტორმა მკითხა, რაზეა შენი ბლოგიო. ვუპასუხე: გარემოსდაცვით თემაზე ვწერთქო.

ააა ბუზებზე და პეპლებზე წერო? – გადაიხარხარა.

ხოდა ასეა ეს ამბავი ჩემო კარგებო

ბევრ რედაქტორს გარემოს დაცვა ბუზებზე და პეპლებზე წერა ჰგონია (გულწრფელად მიხარია, რომ ჩემი ახლანდელი რედაქტორები მათ რიცხვს არ მიეკუთვნებიან:).

გარემოს დაცვის მინისტრი საკითხს ასე მიყენებს აირჩიე ჯანდაცვა თუ გარემოსდაცვაო.

ერთ-ერთი გარემოსდამცველი ორგანიზაცია „ხუდონჰესის“ გზშ-ს წერს და ჰგონია რომ ისევ გარემოსდამცველია.

„ნამახვანი“ და „ხუდონი“ უნდა აშენდეს, გვჭირდებაო.

მეცხრე სართულიდან ნაგავს ვყრით და ეს ნორმალური გვგონია.

ჰოდა მოდი ჯერ პრობლემებზე ფოკუსირება ვისწავლოთ და წვრილმანებში მთავარის დანახვა.

ძალიან მნიშვნელოვანია, დამიჯერეთ.

P.S. შეხვედრაზე ხაჩიძემ იხუმრა, ჩემი ბლანჟე ბლანჟეა, მაგრამ შაშკინის ბლანჟე არაო. რას იზამთ ბატონო გოგა ზოგს უმართლებს, ზოგს არა. თქვენ კარგი ადამიანი ხართ, სხვებისგან განსხვავებით არ ვთვლი რომ მხოლოდ “მედოლე მინისტრი” ხართ და მეტი არაფერი. მაგრამ კარგია ადამიანობა არ ნიშნავს კარგ მინისტრობას. უმჯობესი იქნება მთავრობაში გარემოსდაცვითი საკითხების ლობირება უკეთ შეძლოთ. საერთოდ გადასარევი იქნება თუ მოახერხებთ და მიშას დაარწმუნებთ რომ კოლხეთის ჭაობები არ ამოაშროს.

 

მანანა ქველიაშვილი -

დაიბადა 1986 წლის 19 აპრილს თერჯოლაში. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტის სპეციალობით. 2004 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში. 2011 წლის აგვისტოდან მუშაობს მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტად. 2011 წლის იანვარში გახდა IUCN-ის მიერ ENPI FLEG პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული - „საუკეთესო გარემოსდაცვითი ბლოგერი“

 

რედაქციისაგან: ამ ბლოგმა, რომლის ავტორიც მანანა ქველიაშვილია, მკითხველებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კახეთის საინფორმაციო ცენტრი განმარტავს, რომ ბლოგში მოცემული მოსაზრებები და შეფასებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ ასახავს საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

ფირნიშები

ვიდეო

აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე

 

ვიდეო

უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ

ფოტო რეპორტაჟი

News image

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“

გამოკითხვა

როგორ აფასებთ თანამდებობებზე დანიშვნებს ნათესაური ნიშნით?
დადებითად - 12.4%
უარყოფითად - 82.7%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.9%
  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.05.13
04:00-07:00
Cloudyfrom west-northwest13°C0.7m/s
0mm
07:00-13:00
Partly cloudyfrom west15°C0.9m/s
0mm
13:00-19:00
Partly cloudyfrom south-southeast22°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom east21°C0.7m/s
1.3mm
კვირა 26.05.13 13:00-19:00
Rainfrom east-southeast20°C1.6m/s
1.0mm
ორშაბათი 27.05.13 10:00-16:00
Heavy rainfrom northeast16°C0.5m/s
3.6mm
სამშაბათი 28.05.13 10:00-16:00
Rainfrom northwest16°C0.9m/s
3.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy