Menu

Follow Us

Saturday, 24 Jul 2021

ლენტეხის სოფელ ჟახუნდერში ქუჩას შინდისის გმირის ალეკო ონიანის სახელი მიენიჭა

Thursday, 13 August 2020 17:41 hits 1613 times

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერში, შესახვევს, სადაც შინდისის გმირი ალექსანდრე (ალეკო) ონიანი დაიბადა და გაიზარდა და სადაც გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელი მიენიჭა.

ამ მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას სოფლის მოსახლეობამ თითქმის ერთი წლის წინ მიმართა, მაგრამ საკითხი დადებითად იქამდე არ გადაწყდა, ვიდრე ქვემო სვანეთის სათემო ორგანიზაციამ პეტიცია არ მოამზადა.

პეტიციის შესახებ „მთის ამბებმა“ ინფორმაცია 22 ივნისს გაავრცელა. 24 ივნისს კი, ვიდრე ახალგაზრდები პეტიციას წარადგენდნენ, საკრებულოს სხდომა გაიმართა და მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოფელ სასაშის ცენტრში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ემზარ ონიანისა და ალექსანდრე ონიანის სახელობის სკვერიც მოეწყობა.

27 წლის ალეკო ონიანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ბრძოლა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მტერს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ქართველმა ჯარისკაცებმა მათ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და დიდი დანაკარგიც მიაყენეს.

შინდისის ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის გმირები არიან:

  • ალექსანდრე ონიანი
  • ემზარ წილოსანი
  • ვეფხვია ჯიშკარიანი
  • ზვიად კაცაძე
  • თეიმურაზ ბერიძე
  • ილია გაბუნია
  • ილია შეყლაშვილი
  • ირაკლი ჯანელიძე
  • კახა კოშაძე
  • ლევან მელქაძე
  • მარლენ ბარამია
  • მიხეილ დვალიშვილი
  • ნიკოლოზ ფორჩხიძე
  • რომან ზოიძე
  • რუსლან წულაძე
  • ფელიქს კაკაურიძე
  • შმაგი კუპატაძე

გარდაცვალების შემდეგ ალეკო ონიანი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

Mountainstories.ge

Mountain Stories is an independent online news publication. The website is managed by the Information Centers Network.

თავში