Menu

Follow Us

Saturday, 24 Jul 2021

მესტიის სოფლები 21 აგვისტოდან გაიხსნება, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა

Wednesday, 19 August 2020 12:32 hits 1497 times

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, 21 აგვისტოდან გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა.

ხოჯევანიშვილის თქმით, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობას ეცნობება.

მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა COVID-19-ით ინფიცირების 16 შემთხვევის დადასტურების გამო. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეზღუდულია შესვლა-გამოსვლა დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. გადაადგილება იზღუდება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან, რაც გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. ზემო სვანეთიდან ათასამდე ტურისტი საკარანტინე ზონებში გადაიყვანეს. ბოლო დღეებში, მესტიაში კორონავირუსის კიდევ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.

„დღემდე განხორციელდა ბევრი ეფექტური ღონისძიება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარა ეპიდემიის შეჩერებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, იქ მყოფ ტურისტებს და ყველა უწყების წარმომადგენელს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა. მესტია არის იმის მაგალითი, თუ როგორ იბრძვის სახელმწიფო ეპიდემიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

17 აგვისტოს სოფელ ლენჯერის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოსხნა მოითხოვეს.

Mountainstories.ge

Mountain Stories is an independent online news publication. The website is managed by the Information Centers Network.

თავში